ცხინვალი-ბოტოშანი 1:3 - ყველაფერი ლოგიკურად... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩვენი დიდი სურვილი, 2 ივლისის ტკბილი სიზმარი განმეორებულიყო, არ ახდა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა - ქართული ფეხბურთის ფიასკო ევროპალიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა. ეგ იყო, გვადროვა საპასუხო მატჩებამდე, იმედი თავიდანვე არ გადაგვიწურა...

ცხადია, იმედიანად იყვნენ განწყობილნი "ცხინვალის" ფეხბურთელები და გულშემატკივრებიც. კი ამბობდნენ, რუმინული გუნდი ძლიერიაო, გასვლაზე 1:1 ვითამაშეთ, რაც საპასუხო შეხვედრის წინ უპირატესობას გვაძლევსო, მაგრამ...

...მაგრამ რად გინდა. რუმინეთის მერვეადგილოსანმა გუნდმა ჩვენი მე-4-ადგილოსანი ისე მშვიდად და წყნარად დაამარცხა, მის უპირატესობაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა.

სტარტი რუმინელებისა იყო. "ცხინვალის"
ფეხბურთელებმა შებოჭილად დაიწყეს და ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ. სტუმრები კი უფრო სწრაფად მოძრაობდნენ და გადაწყვეტილებებსაც ზედმეტი ფილოსოფოსობის გარეშე, მარტივად იღებდნენ. სწორედ ამით მოიპოვეს უპირატესობა და "ცხინვალს" საკუთარი თამაში მოახვიეს თავს.

მე-6 წუთზე ბიძინა მახარობლიძე შეცდა და ბურთი საჯარიმოს ხაზთან დან რომანს გადააწოდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 0:1.

გავიდა 2 წუთი და იმავე რომანის დარტყმის შემდეგ ძელმა გვიხსნა. მოკლედ, "ბოტოშანის" უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა.

ამასობაში კი ცხინვალელებიც გამოფხიზლდნენ. პირველად სტუმართა კარისკენ მერაბ გიგაურმა დაარტყა და მეკარე პლამენ ილიევმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მალე მანვე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა მახარობლიძე, მაგრამ ამ უკანასკნელს მცველი ჩაუწვა და რეალური საგოლე მომენტი განმუხტა.

სტუმართა კართან ყველაზე რეალური მომენტი 37-ე წუთზე იქმნებოდა, როცა საჯარიმოში გიორგი ივანიშვილი შეიჭრა და რუმინელმა მცველმა საეჭვოდ წააქცია - მსაჯის სასტვენი დუმდა...

თუმცა წაგებას მსაჯს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამაში თავისი დიდი "წვლილი" ნიკა კაჭარავამაც შეიტანა, რომელმაც ყვითელი ბარათის მიუხედავად, სიფრთხილე არ გამოიჩინა - ტაიმის მიწურულს, როცა "ცხინვალი" ის იყო, ათამაშდა, კაჭარავასთან ორთაბრძოლისას ანდრეი კორდოში წაიქცა. მსაჯმა ქართველს სახეში ხელის განზრახ ჩარტყმა დაუფიქსირა, მეორე ყვითელი ბარათის შემდეგ "წითელიც" აუფრიალა და მოედანი დაატოვებინა.

ამან კახა კაჭარავას გუნდის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და რუმინელებს კიდევ ერთხელ მისცა გატანის შანსი, მაგრამ მეკარე გიორგი ნადირაძემ მასთან პირისპირ გასულ ივანოვიჩს აჯობა.

მახარობლიძემ თავისი შეცდომა მეორე ტაიმის დასაწყისში გამოასწორა: მარცხენა ფლანგზე დიდ სისწრაფეზე ფლორინ პლამადას გასცდა, რომელმაც წესის დარღვევით წააქცია - რუმინელმაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდები მოედანზე 10-10 კაცით დარჩნენ.

"ცხინვალის" იმედმა გაიღვიძა. კაჭარავას გუნდმა შეუტია: ვასილ ბაჩიაშვილის ფლანგური გარღვეევის შემდეგ საჯარიმოში მახარობლიძე შეიჭრა და კუთხეში ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთს ილიევი დაეუფლა.

მაგრამ "ბოტოშანიმ" მასპინძლებს მალევე ცივი შხაპი გადაასხა - მარცხენა ფლანგზე გაბრიელ ვარშვარი მცველებს ისე იოლად გასცდა, ალბათ, თავადაც გაუკვირდა და "ცხინვალის" საჯარიმოში გახსნილ რომანს დუბლის შესრულებაში დაეხმარა - 0:2.

ცოტა ხანში იმავე რომანს ჰეთ-თრიქის შესრულებაში ხელი თანაგუნდელმა პაულ ბოტინმა შეუშალა.

ანგარიში შეცვლაზე შესული აკაკი შულაიას აქტიურობის ხარჯზე შეიცვალა. ის მარცხენა ფლანგიდან დიდი სისწრაფით შეიჭრა "ბოტოშანის" საჯარიმოში, სადაც გაზონზე აღმოჩნდა და 11-მეტრიანი ვარლამ კილასონიამ გამოიყენა - 1:2.

სტუმართა კლასმა მაინც თავისი ქნა - ბატინი მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში დაუბრკოლებლად შეიჭრა და ბურთი საგოლედ "მოჭრა" - 1:3.

მოკლედ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა. მაგრამ ასეთია მწარე სიმართლე - ფეხბურთში ჩვენ და ევროპა ისე შორს ვართ, რაც უნდა ვიტრაბახოთ, ჩვენი ადგილი, სამწუხაროდ, უკვე ფსკერზეა.

მატჩის შემდეგ:
კახა კაჭარავა ("ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი): "რთული თამაში გამოდგა. ვფიქრობ, პირველი წუთები ცუდად დავიწყეთ და ელემენტარული შეცდომის გამო მივიღეთ პირველი გოლი. მაგრამ "ცხინვალში" ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და თუ შეცდომაზე არ ისწავლეს, არაფერი გამოუვათ. მთავარია, ეს აღარ განმეორდეს.

რაც შეეხება მეტოქეს, კარგად დაკომპლექტებული და დაბალანსებული გუნდია, გამოცდილი. სად რუმინეთის ჩემპიონატი და სად - საქართველოსი?!  მეორე ტაიმში ისეთი გოლები გავუშვით... ცენტრალური მცველების ასეთი შეცდომა მიუღებელია, მაგრამ ამით ტრაგედიას ნუ შევქმნით. დასანანი ის არის, რომ შანსი იყო და ეს შანსი გავუშვით ხელიდან. მთავარია, ვიფიქროთ საქართველოს ჩემპიონატზე.

მთავარია, ეს გუნდი შევინარჩუნოთ, იყოს მხარდაჭერა, რომ ამ გუნდს ჰქონდეს განვითარების საშუალება. სხვაგვარად სულ ასეთ დღეში ვიქნებით".

­ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
09.07. თბილისი. "მიხეილ მესხი". 7 000 მაყურებელი
ცხინვალი-ბოტოშანი 1:3
პირველი მატჩი 1:1
გოლები: 0:1 რომანი (6), 0:2 რომანი (59. ვაშვარის პასით), 1:2 კილასონია (65-პენ), 1:3 ბატინი (68)

ცხინვალი (4-2-3-1):
ნადირაძე - ცერცვაძე, ვ. კილასონია, კაკუბავა, ბაჩიაშვილი - ქარდავა (71. ზ. ლობჯანიძე), გიგაური (63. შულაია) - ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი (79. ბურძენაძე), მახარობლიძე - კაჭარავა.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ლექვთაძე, მაისაშვილი, კაჭკაჭიშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ბოტოშანი (4-2-3-1): ილიევი - პატაჩე, პლამადა, კორდოში, ბრაუნი - კოსტინი, კუკუ - ივანოვიჩი (46. ბატინი), ვაშვარი, მარტინუსი (52. კროიტორუ) - რომანი (75. ჰადნაგი).
სათადარიგოები: პლეშკა, ბრატა, აკსინე, დიმიტროვი
მწვრთნელი: ლეონტინ გროზავუ

გაფრთხილება: კაჭარავა (7), კაჭარავა (38), პლამადა (38), ივანოვიჩი (40), მარტინუსი (47), პლამადა (49), კუკუ (65), კაკუბავა (79), კროიტორუ (54)
გაძევება: კაჭარავა (37), პლამადა (50)
არბიტრი: ნ. იორდანოვი (ბულგარეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა როგორი იმედით ველოდი რომ, ჩვენმა კლუბებმაც ისწავლეს თამაში მაგრამ, საპასუხო მატჩებმა ყველა კითხვას გასცა პასუხი ) ჯობს საერთოდ არ გამოვიდეს საქართველო ფეხბურთში!!! ))))
svani_7
12:50 10-07-2015
0
სად არიან კეკლუცი სუპერთასელები?
fantomas
14:51 10-07-2015
0

სიახლეები პოპულარული