ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა

AutoSharing Option
წლევანდელ ევროთასებზე ქართული გუნდების ასპარეზობა 21 ივლისს დასრულდა - გორის "დილამ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი ბელგრადის "პარტიზანთან" საკუთარ მოედანზეც დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა სტუმრებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ბელგრადში "პარტიზანმა" მინიმალური ანგარიშით მოიგო.

თამაში უფრო აქტიურად თითქოს სერბებმა დაიწყეს, თუმცა გორელებმა მალევე რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს და მეტოქეს აგრძნობინეს, რომ პირველი მატჩისგან განსხვავებით, მთელი გუნდით დაცვაში დგომას
არ აპირებდნენ... პირველი ნახევარი საათის მიხედვით, მასპინძელთა მდგომარეობაზე უიმედო ნამდვილად არ ითქმოდა, მაგრამ 37-ე წუთზე გოლი მივიღეთ და პრაქტიკულად, ყველაფერი აქ დასრულდა.

მარჯვენა ფრთაზე ნემანია პეტროვიჩმა ოსტატურად ჩამოიცილა დავით ხურცილავა და ლაშა გვალია და ბურთი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მყოფ დარკო ბრაშანაჩს გადააწოდა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.

"დილას" გათანაბრების კარგი შანსი ტაიმის მიწურულს, კუთხურის დროს ჰქონდა, მაგრამ ირაკლი მოდებაძის თავურის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა "პარტიზანის" კარს.

მეორე ტაიმი უჩა სოსიაშვილმა ორი ცვლილებით დაიწყო - გიორგი პაპავასა და გიორგი ილურიძის ნაცვლად მოედანზე მათე კვირკვია და ისლამ მაშუკოვი შეუშვა, თუმცა ამან შედეგი არ მოიტანა.

შეტევაში დიდი ძალებით წასული "დილას" კარში მეორე გოლის გატანა აბუბაქარ უმარუს უკვე 50-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ გორელთა უკრაინელ მეკარე ოლეკსეი შევჩენკოს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, სერბთა კამერუნელმა ლეგიონერმა შანსი 64-ე წუთზე უკვე აღარ გაუშვა ხელიდან - 0:2.

დარჩენილ დროში დასამახსოვრებელი ორი ეპიზოდი იყო - 68-ე წუთზე უცნაურ ვითარებაში ყვითელი ბარათები გიორგი ნავალოვსკიმ და ოთარ მარცვალაძემ მიიღეს, რომლებიც პოლონელმა მსაჯმა დანიელ სტეფანცკიმ გაბრაზებულ გორელ ქომაგთან "საქმის გარჩევისთვის" გააფრთხილა.

რაც შეეხება მეორე გამოსარჩევ ეპიზოდს - ეს 88-ე წუთზე გიორგი ერისთავის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო, რის შემდეგაც ბურთი ხარიხას მოხვდა...

და კიდევ, ადგილობრივი ქომაგით გადავსებულ გორის ცენტრალურ სტადიოზე მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში სტუმართა დელეგაციის ბედნიერი ყიჟინა ისმოდა - დელეგაციის, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა.

გორის "დილამ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: შევჩენკო, ხურცილავა, ბაგაევი, კობახიძე, ნავალოვსკი, პაპავა (46, კვირკვია), ილურიძე (46, მაშუკოვი), ძარია, გვალია, მოდებაძე, მარცვალაძე (82, ერისთავი).

ასევე იხილეთ:
პარტიზანი-დილა 1:0 - მაგრამ ეს არ იყო ღირსეული მარცხი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
აი ბიბო მაგ აზრისგანაც შორს ვარ რომ ძარია აზრზე არ არი თუნდაც...
irakli
13:17 22-07-2015
0
ირაკლი მე იმას ვიძახი რო სწორი სასტავის დაყენება უნდა შეეძლოს გუნდს ძარია რომელიც აზრზე არ არის ხო სასტავში არ უნდა იყოს და რაზმაძე სკამზე არ უნდა იჯდეს ესაა სამართალი თორე რო წავაგეთ და გვაჯობეს ეს ყველამ დაინახა.
bibo
11:55 22-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული