ლუის ენრიკე: ვართ თუ არა ფავორიტები? ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "სევილიასთან" უეფას სუპერთასის მატჩის წინ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა.

"ხვალინდელ თამაშში მონაწილეობა ბევრს ნიშნავს. 11 აგვისტოს რომ სუპერთასის მატჩს ვთამაშობთ, ესე იგი, გასულ სეზონში ბევრს მივაღწიეთ.

როგორც მწვრთნელს, მსურს, რომ ყველამ ითამაშოს. პედროზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ... მისი გადაწყვეტილების მიხედვით დავგეგმავთ გუნდის მომავალს.

ვართ თუ არა ფავორიტები? ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რას შევძლებთ მოედანზე.

ჩვენ არ გვეყოლება ხორდი ალბა და ნეიმარი, მაგრამ "სევილიას" უფრო დიდი დანაკლისი აქვს. ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს
სირთულეები უნდა დავძლიოთ", - თქვა ენრიკემ.

Sportall.Ge

ხვალინდელი მატჩის შესახებ ანდრეს ინიესტამაც ისაუბრა:

"ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვადგე გუნდს. წელს კაპიტანი ვარ. მყავს ძალიან მაღალი დონის თანაგუნდელები და შევეცდები, საუკეთესო თამაში ვაჩვენო.

სეზონის დასაწყისში გვაქვს შანსი, მოვიგოთ სამი ჯილდო, თუმცა ეს იოლი არ იქნება. პირველი მიზანი უეფას სუპერთასია. ჩვენ მეტოქეს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ რთული იქნება თამაში, მაგრამ შეგვწევს ძალა, წარმატებას მივაღწიოთ.

მესის გუნდში ყოფნა წარმატების გარანტია. მისი წყალობით ბევრს მივაღწიეთ. ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება და ახალ სეზონსაც ისევე დავიწყებთ, როგორც წინა დავამთავრეთ.

ხვალ კარგი თამაში გველის ძლიერ მეტოქესთან. ეს დაპირისპირება მნიშვნელოვანია და 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ.

როცა ახალი მწვრთნელი და ახალი მოთამშეები მოდიან, ადაპტაციაა საჭირო. ფაქტია, წინა სეზონის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ. რთულია ერთი სეზონი მეორეს შეადარო.

ჩვენი მიზანია, ხვალ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ ბურთი", - თქვა ინიესტამ.

კომენტარი მატჩის წინ დანი ალვეშმაც გააკეთა.

"ჩვენ მზად ვართ თამაშისთვის. რა თქმა უნდა, შევეცდებით ტიტული მოვიგოთ.

რაც შეეხება ნეიმარს, ჩვენთვის მოულოდნელი იყო მისი არყოფნა. რა თქმა უნდა, ის დაგვაკლდება, მაგრამ გვყავს სხვა მოთამაშეები, რომლებიც მას შეცვლიან.

პედრო დიდი ხანია გუნდშია და გვინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია და მის არჩევანს გაგებით მოვეკიდებით. იმედია, ის კლუბში დარჩენას გადაწყვიტავს.

რაც შეეხება თურანს, ის ძალიან მხიარული ადამიანია, მაგრად გვართობს. ცუდი ისაა, რომ ხვალ ვერ ითამაშებს. იმედია, ის მალე შემოგვიერთდება და დაგვეხმარება. ყველა გუნდს სჭირდება ისეთი არაორდინალური ფეხბურთელი, როგორც თურანია.

სიმართლე გითხრათ, სუპერთასის მეოთხედ მოგებას პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მთავარია, გუნდი იყოს წარმატებული.

სევილია ის ქალაქია, სადაც გავიზარდე და სადაც დიდი ხანი ვთამაშობდი. იქ ბევრი მეგობარი მყავს როგორც მოედნზე, ისე მის მიღმა, მაგრამ თამაშის დღეს ყველა ჩვენ ჩვენი გუნდისთვის ვთამაშობთ.
", - თქვა ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის უეფა სუპერთასის მატჩი 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული