"ვფიქრობ, საუკეთესო მომენტია, რათა განვაცხადო, რომ მივდივარ! სადღაც ერთი კვირის განმავლობაში არჩევნების დღეს გამოვაცხადებ. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე და დღეს სწორედ ჩემი პიკი იყო. მე საჩემო ფეხბურთის ბუცები კედელზე ჩამოვკიდე. ასე
რაც შეეხება პიკს, ევროპის სუპერთასისა და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობა მას უდავოდ ჩაეწერა აქტივში, მაგრამ აქ უეფას ქართველი მოხელის, დავით პეტრიაშვილის როლსაც ნუ დავივიწყებთ.
მეორე მხრივ, სიჭინავამ ფიფას რეიტინგში ქართული ფეხბურთის 154-ე ადგილამდე დაქვეითებაშიც რომ ითამაშა როლი (შეიძლება არაპირდაპირი, მაგრამ მაინც), ესეც ცალსახაა. არ უნდა იყოს სადავო და ყველა ქვეყანაში ასეა, რომ ეროვნული გუნდის შედეგები ფედერაციის მუშაობის მთავარი ინდიკატორია.
ასეა თუ ისე, სიჭინავას 6-წლიანი ეპოქა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ამასობაში კი პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად კანდიდატები უკვე ემზადებიან.
რევაზ არველაძისა და ლევან კობიაშვილის ამბავი არახალია. სფფ-ის მოქმედმა გენმდივანმა სოციალურ ქსელებში საკუთარი საარჩევნო გვერდი შექმნა და, შეიძლება ითქვას, საარჩევნო კამპანიას შეუდგა.
კობიაშვილი კი ჯერჯერობით სამოქმედო გეგმას არ ამზეურებს და ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა ამას წინათ ოლიმპიური სოფლის მერად მისი წარდგენა (თან ხელისუფლების მიერ) ბევრ რამეზე მეტყველებს. ვერ დავიჩემებთ, რომ კობიაშვილი ხელისუფლების კანდიდატია, თუმცა, დაგვეთანხმებით, მესიჯი ფრიად საყურადღებოა.
საპრეზიდენტო რბოლაში მთავარი სიახლე კი თბილისის "დინამოს", ფეხბურთის ფედერაციისა და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას გამოჩენაა. ეს ჭორი რომ არაა, ამას სხვადასხვა წყარო ადასტურებს. ჯერჯერობით, ის თავს იკავებს კომენტარებისგან. როგორც ჩანს, ის საკუთარი კანდიდატურის წამოსაწევად სასურველ გარემოსა და ვითარებას ეძებს.
სხვა ვერსიით კი, ეს შეიძლება იყოს საკითხის ზონდირება. ანუ ჟორდანიას სურს გაიგოს, რა რეაქცია ექნებათ მის გააქტიურებასა და შესაძლო პრეზიდენტობაზე საზოგადოებას, გულშემატკივრებს, მთავრობას...
ბოლო წლებში ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ყოველთვის მოიაზრებოდა მიხეილ ყაველაშვილიც. რამდენიმე თვის წინათ მან თეზისებისგან შემდგარი პროგრამაც გამოაქვეყნა და თითქოს განაცხადიც გააკეთა.
როგორც მან გუშინ თქვა, ამჟამად შვეიცარიაშია და საქართველოში დაბრუნებისა და თანამოაზრეებთან შეხვედრის შემდეგ იტყვის, რას აპირებს.
სიჭინავას გადაწყვეტილებასა და არსებულ ვითარებაზე კომენტარი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა:
"ბატონი ზვიადი თუ გადადგება, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ არა - განსაკუთრებული. მაგრამ ახლა მის გადადგომაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვინ მოვა ფეხბურთის ფედერაციის სათავეში და უმკურნალებს თუ არა ჩვენს ფეხბურთს. ისიც მნიშვნელოვანია, არჩევნების დღე მალე გამოცხადდეს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები ყველა პიროვნება კი უნდა დაფიქრდეს, რომ ძველი შეცდომები არ გაიმეოროს. ეს ეხება შეფასებებს, არჩევანსა და გადაწყვეტილებებს.
იმედი მაინც არ მტოვებს, რომ ქართული ფეხბურთის მომავალს ახლა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და ამჯერად მაინც ჩატარდება ღირსეული არჩევნები. ფოკუსირება უნდა მოხდეს არა პიროვნებებზე, არამედ იმ გუნდზე, რომელიც რეალური პროგრამით ფეხბურთს კრიზისიდან გამოიყვანს, სახელმწიფოსთან თანამშრომლობას მოახერხებს და, რაც მთავარია, ხალხსა და ბიზნესს ფეხბურთისადმი ნდობას დაუბრუნებს. სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარების პროგრამა აქვს და მისი განხორციელება ჰაერივით საჭიროა", - ამბობს მინისტრი.
სიჭინავას განცხადებას გამოეხმაურა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც, გამოეხმაურა და სიჭინავას გადადგომაზეც ილაპარაკა.
"ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა, განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით... არაერთხელ თქმულა, რომ ჩვენ ვართ ერთი მთლიანი გუნდი, ოჯახი და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო ხდება. არ აქვს მნიშვნელობა, მოთამაშე მიდის, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი. არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზსაც და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს - ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ.
მთავარია მხოლოდ ის, რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუყრიდით მომავალ თაობებს, ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც", - წერია კალაძის განცხადებაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აი რა სისულელეა. ერთ კაცს დააბრალეთ სულ და გეშველებათ.