ეს ფულის დაკანონებული გამოძალვაა... ბევრმა არც იცის, რა ტრაგედია ავიცილეთ

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ ფედიჩკინი და ლევან კობიაშვილი
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა და კლუბებისა და რეგიონული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ის ჯერ მარტვილში ჩავიდა და "მერანის" მესვეურებს შეხვდა, შემდეგ ადგილობრივი კლუბისა და თბილისის "დინამოს" მატჩს დაესწრო, საიდანაც გეზი ზღვისპირეთისკენ აიღო. იქ კობიაშვილი ბათუმის "დინამოს", ქობულეთის "შუქურასა" და ფოთის "კოლხეთის" წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამასთან ერთად, სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი ხედვა გააცნო.

შთაბეჭდილებები ბათუმის "დინამოს" დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა გაგვიზიარა:

"ლევან კობიაშვილმა ქუთაისის "ტორპედოსთან" ჩვენს შეხვედრას უყურა, მერე კი ბარცხანაში მინი-სტადიონი
გახსნა, მთავრობისა და საკრებულოს წევრებს შეხვდა. მანამდე, ჩვენ რევაზ არველაძესაც შევხვდით და გვაინტრესებდა, ამა თუ იმ კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, რა ცვლილებებისა და წინსვლის იმედი უნდა გვქონდეს.

ლევან კობიაშვილი აჭარის საფეხბურთო სამყაროს 26 სექტემბერს საზაფხულო თეატრში, უფრო გაფართოებული შემადგენლობით, კიდევ ერთხელ შეგვხვდება".

ფედიჩკინი არჩევნებში თავის ფავორიტს ასახელებს:

"სფფ-ს პრეზიდენტს არაერთი პრობლემის მოგვარება მოუწევს. დარწმუნებული ვარ, კობიაშვილის მოსვლით ბევრი რამ შეიცვლება.

ჩემი გადმოსახედიდან, უპირველესი ამოცანაა, რომ ნდობა დაუბრუნოს ფედერაციასა და მსაჯებს, ეს პროფესია კი პრესტიჟული გახადოს. სამწუხაროდ, დღეს ბევრს აქვს ეჭვი, რომ არაერთი მათგანი "მაიმუნობს". უმნიშვნელოვანესია, თამაშები ისე შეიფუთოს, რომ ტელევიზია, მაყურებელი და ბიზნესი ფეხბურთისკენ შემოვატრიალოთ.

სახელმწიფოსთან თანამშრომლობა კი აღსადგენია, ინფრასტრუქტურას რომ ეშველოს. ყველა დიდ ქალაქში უნდა იყოს თანამედროვე სტადიონი, ხალიჩების ნაცვლად კი ბალახის საფარი დაიგოს. ჩვენ ქობულეთში ვთამაშობთ, სადაც სიცხეში თამაში შეუძლებელია".

ბათუმელთა დირექტორი სადისციპლინო კომიტეტის რეფორმირების აუცილებლობაზეც გველაპარაკა:

"ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სადისციპლინო კომიტეტის წევრები უნდა შეიცვალონ, რადგან კლუბების პრობლემები კარგად არ აქვთ გააზრებული. ძლივს ხალხი სტადიონზე მოვიყვანეთ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ისედაც უსტადიონო გუნდს თბილისის "დინამოსთან" ზეიმი აგვიკრძალეს და უმაყურებლოდაც დაგვტოვეს.

ბევრმა არც იცის, იმ დღეს რა ტრაგედია ავიცილეთ. ერთი ბავშვი მატჩის ყურებას იქვე, სტადიონთან ახლოს ხიდან აპირებდა, ასვლისას გადმოვარდა და ბეწვზე გადარჩა.

კლუბებს ისედაც მწირი ბიუჯეტები გვაქვს, მაგრამ დისციპლინარები სასჯელს ისე გულუხვად არიგებენ, თითქოს საქართველოში გრანდებივით ვცხოვრობდეთ. ეს ფულის დაკანონებული გამოძალვაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხო სულ კობიაშვილები და კალაძეები აბრუნებენ ხალხს ტრიბუნაზე ვაი თქვენს პატრონს უბედურს
rezo
09:33 16-09-2015
0
კობიაშვილი აირჩიეთ, მასში ჩანს ის ნაპერწკალი რომელიც დააბრუნებს მაყურებელს და გულშემატკივარს ქართული ეროვნული ფეხბურთისაკენ.
kaxaber antadze
08:19 16-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული