როგორ აფასებენ კლუბები ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას

AutoSharing Option
ახლახან გამართულ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს.

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით კლუბების წარმომადგენლები...

უხეშად დარღვეული რეგულაციები
ვრცელი და მკვეთრი განცხადება გააკეთა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

"აღმასკომის ეს გადაწყვეტილება ლოგიკას არ ექვემდებარება. თუ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიტყვიერ შეურაცხყოფასთან, ამისთვის არსებობს სასამართლო, სადაც შეიძლება მტყუან-მართალი გაირკვეს.

საქართველოს ჩემპიონატის თითქმის ყველა თამაშის დროს ვხვდებით უხამსი
სიტყვიერი შეურაცხყოფის (ხშირად ფიზიკურის) ფაქტებს - მწვრთნელების, ფეხბურთელებისა თუ გულშემატკივრების მხრიდან. არ მახსენდება, რომ ამის გამო, რომელიმე დამნაშავე პირი ფეხბურთიდან მოეკვეთოთ.

აღმასკომს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. თუ ფიქრობენ, რომ ილია კოკაიას არა აქვს ფეხბურთში საქმიანობის უფლება, გადაწყვეტილება ყრილობამ უნდა მიიღოს და არა აღმასკომმა.

საერთოდ, არ მესმის, რას ნიშნავს ფეხბურთიდან მოკვეთა? თუ ილია კოკაიას გადაწყვეტილების გასაჩივრება მოუნდა, მაინტერესებს, სად უნდა გაასაჩივროს?

...აღმასკომის წევრები მათ მიერვე დაფუძნებული ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს აღარ ცნობენ. ეს აღმასკომი ბრეჟნევის დროინდელ პოლიტბიუროს ჰგავს. სრულ აგონიაში არიან და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, თავისსავე საპრეზიდენტო კანდიდატს აზიანებენ.

კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთაზე მნიშვნელოვანი გუშინ ტრიბუნალის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი ხელმძღვანელის მოხსნა იყო, რაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხდა. ამის უფლებაც არ ჰქონდათ. ესაა ფიფასა და უეფას რეგულაციების პირდაპირი და უხეში დარღვევა, რაც ქართული ფეხბურთის ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო აკნინებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის ყველა სუბიექტი თავს დაუცველად გრძნობს, რადგან გამოდის, რომ აღმასკომს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელსაც ვერავინ, ვერსად ვეღარ გაასაჩივრებს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაცაა.

უკეთესი იქნება, ყრილობაზე ფეხბურთიდან იმ ადამიანების მოკვეთის საკითხი თუ დადგება, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებენ. არა მგონია, "ზესტაფონის" პრეზიდენტის გამონათქვამები უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ქართული ფეხბურთისთვის, ვიდრე იმ არაკომპეტენტურ ადამიანთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც აღმასკომს წარმოადგენს".

უფრო მტრობა, ვიდრე მომავალზე ზრუნვა
თემურ ბოჭორიშვილი, "სამტრედიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
"ჩვენი კლუბის ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ სფფ-ის აღმასკომმა კოკაიასთან დაკავშირებით არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამ ორგანოს წევრთა მხრიდან არგუმენტირებული არ არის.

ზოგადად, ეს გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის აწმყოსა და მომავლისთვისაა საზიანო, რადგან თითებზე ჩამოსათვლელ კერძო ინვესტორებს ქართული ფეხბურთის "მამები" (აღმასკომის წევრები) ასე არ უნდა ექცეოდნენ.

"სამტრედიას" აზრით, აღმასკომის ბოლო გადაწყვეტილებები არც ერთ იურიდიულ ნორმაში არ ჯდება და უფრო ქართული ფეხბურთის მტრობაა, ვიდრე მის მომავალზე ზრუნვა".

მეტისმეტად მკაცრია!
ოთარ ფედიჩკინი, ბათუმის "დინამოს" დირექტორი:
"ორი აზრი არ არის, რომ ჩივაძის მისამართით კოკაიას სიტყვები სასიამოვნო არ იყო. ამის მიუხედავად, "ზესტაფონის" პრეზიდენტის მოკვეთა მაინც მეტისმეტად მკაცრი და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა.

ბოლოს და ბოლოს, კოკაიას ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული, ინვესტორს კი ასე არ უნდა ვექცეოდეთ".

არასწორია!
ბესო ჩიხრაძე, "გაგრას" პრეზიდენტი:
"ნებისმიერ შემთხვევაში, მიუღებელია ფეხბურთიდან ინვესტორის გაგდება, ის ჩემი ახლობელიც რომ არ იყოს. იმიტომ, რომ ეს მიუღებელია ქართული ფეხბურთის ინტერესებისთვის.

კარგად ვიცი, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ილია კიდევ ფიქრობდა საფეხბურთო პროექტების განხორციელებას. ნაცვლად იმისა, რომ ქართულ ფეხბურთში ბიზნესს გზა გავუხსნათ და შემოვიყვანოთ, მას გზას ვუჭრით.

ამაზე ალექსანდრე ჩივაძის პოზიციაც მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ კოკაია უშუალოდ მას შეეხო, მის მოკვეთას ხმა არ მისცა. ასე მგონია, პირადი წყენის მიუხედავად, ბატონ საშას კარგად ესმის, რომ ინვესტორი ქართული ფეხბურთიდან არ უნდა მოაშორო".

არაადეკვატურია!
ზურაბ ჩაკვეტაძე, ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი:
"ორი აზრი არ არის, ჩივაძეს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, დიდი ფეხბურთელის გინება ჩემთვის მიუღებელია. მაგრამ მეორე მხრივ, ეს სასჯელიც არაადეკვატურია, რადგან ბიზნესმენის მოკვეთა გაუმართლებელია იმ დროს, როცა ქართულ ფეხბურთში ინვესტორებს სანთლით ვეძებთ".

ზუსტი მიზეზი არ ვიცითო...
ელდარ ბაკურია, მარტვილის "მერანის" დირექტორი:
"ბოლო დღეებია, კლუბთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებით ვარ დაკავებული. ამის გამო, სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, ზუსტად რა მოხდა. ვიცი, რომ ალექსანდრე ჩივაძე არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიეს, რაც არავის მოეწონა. მაგრამ აღმასკომის ეს გადაწყვეტილება რა მოტივით და არგუმენტით იყო დასაბუთებული, ამაზე არაფერი თქმულა და მეც ვერაფერს მოგახსენებთ".

ვეთანხმები აღმასკომს!
რევაზ ჩელებაძე, ქობულეთის "შუქურას" დირექტორი:
"საშა არის ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, საქართველოსთვის კი - სიხარულისა და ბრწყინვალე გამარჯვებების მომტანი უდიდესი კაპიტანი. ერთად ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, ასეთ ხალხს კი ყველა ქვეყანაში აფასებენ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩივაძის შეურაცხყოფა საფეხბურთო სამყაროს შეურაცხყოფაა, მათ შორის - ჩემიც. გამომდინარე აქედან, აღმასკომის გადაწყვეტილებას ვეთანხმები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
სერიოზული მაფიაა ფეხბურთის ფედერაციაში...არველაძის გამარჯვებით არაფერი შეიცვლება...
a talanti
23:30 25-09-2015
0
ინვესტორებს უნდა შევუქმნათ სამუშაო პირობები ლანძღვა გინების უფლება არავის არ აქ თუმცა ისიც უნდა ვივარაუდოდ ჩვენ რა გველოდება საბიუჯეტო გუნდებით
giorgi
22:49 25-09-2015
0

სიახლეები პოპულარული