გია ჭიაბრიშვილი: ”მიტდიულანდი” იმაზე ძლიერია, ვიდრე წარმომედგინა...

AutoSharing Option
"საბურთალო" უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 6 ტურის შემდეგ მე-6 ადგილზე იმყოფება. თბილისური კლუბი ახალგაზრდული ევროტურნირისთვის ემზადება - ხვალ, 30 სექტემბერს, "საბურთალო" უეფას 19-წლამდელთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს.

გია ჭიაბრიშვილის შეგირდები დანიური "მიდტიულანდის" 19-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდებიან. მატჩი ქალაქ ჰერნინგში ("ჰერნინგ არენა") თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. შეხვედრას ისლანდიელი არბიტრი ვილიალმურ ტორარინსონი განსჯის. საპასუხო შეხვედრა კი თბილისში, 21 ოქტომბერს, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

"საბურთალო" დანიაში 29 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრა. დღესვე ჭიაბრიშვილის გუნდი ჰერნინგში მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. თბილისელები ევროტურნირებზე სადებიუტო
შეხვედრას "სალერის" ახალი ფორმით ითამაშებენ.

სამწუხაროდ, გუნდს ვერ დაეხმარება მარცხენა მცველი ცოტნე ნადარაია, რომელიც ლანჩხუთის "გურიასთან" გასვლითი შეხვედრისას დაშავდა. დანიაში ეს ფეხბურთელები გაემგზავრნენ:

მეკარეები: ბექა ქურდაძე, ლუკა სანიკიძე;
მცველები: გაგი მარგველაშვილი, გია ჩაბრაძე, ომარ ბულუხაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, მიხეილ ვაჭარაძე;
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, ლუკა ბაკურაძე, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი კოხრეიძე, ლადო მამუჩაშვილი, ბექა ნიკოლაშვილი;
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, თემურ ჩოგაძე.

დანიაში გამგზავრების წინ "ლელო" ჭიაბრიშვილს გაესაუბრა. თავდაპირველად, "საბურთალოს" თავკაცმა "სიონთან" ბოლო ტურის მატჩი შეაფასა:

"მასპინძლები ვიყავით და პირველ ნომრად ვთამაშობდით. ერთ-ერთ ეპიზოდში კურიოზული გოლი მივიღეთ, უხეში შეცდომებიც დავუშვით და ამან განაპირობა ჩვენი წაგება. იმ დღეს "სიონს" ყველაფერი გამოსდიოდა, ჩვენ კი - პირიქით.

თუმცა ფეხბურთელების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - მოწინააღმდეგეს ტოლი არ დაუდეს და ბოლომდე იბრძოლეს. შეცდომები კი ჩვეულებრივი ამბავია...

წლეულს უმაღლეს ლიგაში პირველად ვთამაშობდით და აქედან გამომდინარე, სტაბილურობა გვაკლია. გუნდში, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, რომლებიც დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამენ. 6 ტურის შემდეგ ჩვენ მიერ გამართულ შეხვედრებს დადებითად ვაფასებ. სიმართლე გითხრათ, დებიუტის კვალობაზე კმაყოფილი ვარ - ასეთ წარმატებულ სტარტს არ ველოდი...

თუ არ ჩავთვლით თბილისის "დინამოსთან" მარცხს, ყველა შეხვედრაში მეტოქეს ბოლომდე ვებრძოლეთ. "დინამომ" ყველა კომპონენტში გვაჯობა, მაგრამ ამხელა სხვაობა გუნდებს შორის ნამდვილად არ არის.

"დინამოსთან" მარცხი სტადიონის ფაქტორმაც განაპირობა - ფეხბურთელების უმეტესობამ "დინამო არენაზე" პირველად ითამაშა. სწრაფმა გოლმაც ცუდად იმოქმედა... თუმცა, როგორც ყველასთან, ამ შემთხვევაშიც სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ და კარის აღების რამდენიმე შანსიც გვქონდა.

მთავარია, რომ ყოველი ტურის შემდეგ ფეხბურთელები გამოცდილებას იძენენ, გუნდი უმატებს და უმაღლეს ლიგას ნელ-ნელა ეგუება", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

"საბურთალოს" მწვრთნელმა კომენტარი მოახლოებულ ევროდებიუტზეც გააკეთა:

"დანიელებთან მატჩისთვის ჩვეულებრივ ვემზადებით. შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოგვაკლდეს, მაგრამ ეს ეტაპი მაინც უნდა დავძლიოთ.

კარგია, რომ ამდენი გამოწვევა გვაქვს - უმაღლესი ლიგა, ევროტურნირები, სანაკრებო ბატალიები... ეს ყველაფერი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, გაორმაგებული ენერგიით ვშრომობთ და მჯერა, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს".

ჭიაბრიშვილს მეტოქეზეც ვკითხეთ:

"საკმაოდ კარგი გუნდია, იმაზე ძლიერი, ვიდრე წარმომედგინა. მთავარ კლუბში 19-წლამდელთა 4 ფეხბურთელი თამაშობს, პლუს, დანიის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებიც ჰყავთ.

სელექციაც წარმატებული აქვთ - გამოვარჩევდი ცენტრალურ მცველსა და თავდამსხმელს, რომლებიც გუნდის ლიდერები არიან.

წინ ორი რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მჯერა და იმედი მაქვს, საბოლოოდ, გამარჯვებულები ჩვენ დავრჩებით".

* * *
დაბოლოს - 30 სექტემბერს, ევროპულ მოედნებზე, უეფას ახალგაზრდული ლიგის ეგიდით, უნდა ეთამაშა გიორგი ბერიძეს, მაგრამ ბელგიურ "გენტს" ის სანკტ-პეტერბურგში ტრავმის გამო ვერ გაჰყვა. ანალოგიური მიზეზით ვერ ითამაშებს ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძეც, რომელიც "გენტს" ზაფხულში ბერიძესთან ერთად დაემატა.

ასტანაში კი ყაზახეთის ჩემპიონ "ასტანასა" და თურქული "ბეშიქთაშის" შეხვედრას ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა განსჯის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა რამაზ. ვიპოვე. თურმე საბურთალო და სხვა გუნდები თავისი გზით მიდიან და ჩემპიონთა ლიგის გუნდებს ჯგუფური ეტაპის მერე შეხვდებიან უკვე პლეი ოფ-ში და მერე 1/8 ფინალში
თენგო
09:17 30-09-2015
0
თენგოს! ამ საიტზე შედი და ყველაფერი მანდ წერია! http://www.uefa.com/uefayouthleague/index.html
რამაზ
17:43 29-09-2015
0

სიახლეები პოპულარული