დებიუტი
გიორგი არაბიძე 17 წლისაა. მან "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ეს უკვე დიდი საქმეა. არაბიძე ქართული ფეხბურთის მომავალია. არაბიძეს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, ოღონდ საამისოდ რამდენიმე გარემოება უნდა მიეწყოს ერთმანეთს და, იმედია, ასეც იქნება.
არაბიძე უნდა დარჩეს უბრალო ბიჭად. მან იმთავითვე უნდა შეისისხლხორცოს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ფეხბურთი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში იმარჯვებენ მხოლოდ ძლიერები. ბუნებრივი გადარჩევის უმკაცრესი წესი მოდუნებას
მირჩა ლუჩესკუ კარგი მწვრთნელია. მან არაერთი ვარსკვლავი გამოზარდა და გამოზრდის არაბიძესაც. გიორგი მაგარი ბიჭია. გიორგიმ "იცის" ბურთი და ის გიორგი ქინქლაძეს გვაგონებს. მას უკრაინელებმა "ქართველი მესიც" უწოდეს და ეს უკვე კარგია. თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო...
არაბიძის დებიუტს ოპტიმისტურად რომ უყურებ და მომავალზე იმედით ჩაფიქრდები, ძველი ამბები გახსენდება. ამ ასაკში სულ გვყავდნენ მაგარი ბიჭები. გიორგიმ პროგრესი უნდა გააგრძელოს - სხვანაირად არ შეიძლება!
არაბიძე შესანიშნავია, მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა, ამ ასაკში სანდრო იაშვილი იყო - ჩემი "ჯილა", ჩვენი იმედი, ვინც ისე წავიდა ფეხბურთიდან, თავისი შესაძლებლობების 20 პროცენტიც კი ვერ გვაჩვენა.
ჩამოთვლა რაღად უნდა, განა ჩვენი მთელი ფეხბურთი, ოთხმოცდაათიანებიდან, სულ ჩაკარგული ბიჭების ერთი დიდი ისტორია არ არის?!
გიორგი არაბიძეს წინ ბევრი მაგალითი აქვს და მან ამ მაგალითებზე უნდა ისწავლოს.
ჩვენ მისი გვჯერა, ჩვენი არაბასი!
უმართლებთ მხოლოდ ძლიერებს!
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა. გინდათ "სასწაული" დაარქვით, გინდათ - "გამართლება", შედეგი ასეთია და წლების მერე არავის გაახსენდება, როგორ გამოიძერწა ის უნგრეთში ჯადოსნური ბოლო წუთის გამოისობით.ასე მგონია: ფეხბურთში დიდ შრომას და ნიჭს პატარა იღბალი თუ არ წაეხმარა, მისაღწევს ვერაფრით მიაღწევ. ოდითგანვე ვიცით გამონათქვამი, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ძლიერებს უმართლებთ. ჰოდა, ნუ გავასამართლებთ გოჩა ავსაჯანიშვილს და მის შეგირდებს.
ამ გუნდმა შედეგი დადო. ამ გუნდს არ ჰქონია დასკვნითი ევროპული შეკრება. ამ გუნდს არ ჰყავს გამორჩეული ვარსკვლავი. და მაინც, შედეგი არის. ახლა მთავარია, გავიდეს წლები და ამ ბიჭებმა საქართველოს ნაკრების მაისურა მოირგონ. მაშინ მისია შესრულებული იქნება.
პრეზიდენტის მთავარი გზავნილი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ცვლილებების სიომ დაჰბერა. პირველი ტალღა მედიადეპარტამენტს შეეხო. რა და როგორ უნდა იყოს მომავალში, ეს ფედერაციის ხელმძღვანელობის საქმეა. ჩვენ იმ ხალხის, იმ მეგობრებისა და კოლეგების ბედი გვაღელვებს, ვისთან ერთადაც წლები გვიტარებია. დიდი იმედი გვაქვს, მათი პროფესიონალიზმი კვლავაც შეეშველება გარდაქმნის გზაზე მდგარ ქართულ ფეხბურთს...საქართველოს პარლამენტმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მოუსმინა. ვალები ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის. ყველაზე მეტად ის გვესიამოვნა, კობიაშვილმა ტრიბუნიდან შეურიგებელი ბრძოლა რომ გამოუცხადა გარიგებულ მატჩებს.
უნდა შევთანხმდეთ - სანამ ქართული ფეხბურთის ორგანიზმიდან ეს მეტასტაზები არ ამოიკვეთება, მანამდე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოჩნდება "გზა ხსნისა". ამ ბრძოლაში ფეხბურთის ფედერაცია მარტო არ უნდა იყოს.
მედია მოწადინებულია, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდის. წერ და საბუთი ხელში არ გიჭირავს. მერე ვიღაც მოგადგება და შენ უნდა უპასუხო. ისინი, ვინც წლების განმავლობაში გასვრილნი არიან ამ სიბინძურეში, არ არის იოლად გასატეხი ხალხი და იმ ხალხს თუ ფაქტებით არ ელაპარაკე, არც არაფერი გამოგივა და შენვე დარჩები შერცხვენილი.
ეს უნდა იყოს ბრძოლა ფართო ფრონტით. კი, რაც სეზონი დაიწყო, უმაღლეს ლიგაში საეჭვო მატჩის თაობაზე ღიად არავის უთქვამს, მაგრამ რა ხდება ქვემოთ? საკითხავი აი, ეს არის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წაყრუება აქ არაფრით გამოადგება. პირველი ლიგა და რეგიონული ლიგებიც ქართული ფეხბურთია და რაც იქ ხდება, ქართულ ფეხბურთში ხდება. ის კი არა, საქმეში ჩახედული ხალხი იმასაც ამტკიცებს - რამდენიმე გუნდი რეგიონულ ლიგაში სწორედაც რომ მერკანტილური მიზნებითაა შექმნილიო!..
რაღა შორს წავიდეთ, თუნდაც რეგიონულ ლიგებში ტური ისე არ ჩაივლის, საეჭვო შედეგი რომ არ დაფიქსირდეს, თანაც, ხშირად - არაერთიც.
"დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება", - თქვა კობიაშვილმა და იქვე დაამატა - დამნაშავის ადგილი ქართულ ფეხბურთში აღარ იქნებაო.
აღარც უნდა იყოს. სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავალთ და ჭაობში დავრჩებით. არადა, ყველა წინ მიდის და ჩვენ მაჩანჩალობა მოგვწყინდა!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"