დღეს საქმე ასეა: კვალიფიციური უცხოელის იმ თანხითა და მოდელით მოთაფვლა, რის გაცემასაც ფეხბურთის ფედერაცია ვარაუდობს, საძნელო საქმე უნდა იყოს. ცოდვა გამხელილი სჯობს და ისე გვგონია, რომ ჯერ არც ჩვენი გუნდის დღევანდელობა ითხოვს გინდა თუ არა უცხოელ სპეციალისტს.
საქმეში კარგად ჩახედული, ბევრის მნახველი ხალხი ამბობს - ჩამოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელი, ერთი რომელიმე საფეხბურთო სკოლის მიმდევარი
მე კი ასე მგონია: სანაკრებო, რამდენიმედღიანი შეკრებებისას მწვრთნელს ძალიან უნდა გაუჭირდეს შეგირდებისათვის სწორი ფეხბურთის სწავლა. ამის გაკეთება სხვანაირად შეიძლება.
ყველა კლუბი ვალდებული უნდა იყოს, ჰქონდეს თავისი საბავშვო აკადემია. ამ აკადემიაში უნდა დასაქმდნენ მცოდნე მწვრთნელები. საკამათო არავისთვის უნდა იყოს, რომ ბავშვს სწორ ფეხბურთს მანამ უფრო ასწავლი, სანამ ის ბავშვია და სანამ დრო მეტია.
ხშირად გამიგონია, ამა თუ იმ ნაკრების მწვრთნელი პირად საუბრებში მაინც გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ "ფეხბურთელები ელემენტარულ რამეებს სანაკრებო შეკრებებზე სწავლობენ".
და ისინი მართლები არიან. ნაკრები ის ადგილი არ არის, სადაც უნდა ისწავლო. ნაკრებში ნასწავლი უნდა მიხვიდე და მერე ლექტორი (მწვრთნელი) გადაწყვეტს, ჩააბარებ თუ არა გამოცდას. არადა, როგორ მიხვალ ნასწავლი, როცა ქართულ კლუბებს, მათ უმრავლესობას, ელემენტარული ცოდნის გაცემის რესურსიც კი არ აქვს.
ამ საჭირბოროტო თემას უახლოეს მომავალში კიდევ მივუბრუნდებით, მანამდე კი ეს უნდა ვთქვა - ჩემი აზრით, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს გამართული საკლუბო აკადემია. თუ ადგილზე არ გვყოფნის სპეციალისტები, მათ კვალიფიციური უცხოელები უნდა მივაშველოთ. თუ არ აქვს აკადემია, ასეთ კლუბს უძლიერესთა შორის არც არაფერი ესაქმება.
* * *
ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა შოთა არველაძეს შესთავაზა და უარი მიიღო - ასე შევიტყვეთ გუშინ. უარი ცუდია. შოთას ჯერ არ ჰქონია ხმაურიანი წარმატებები სამწვრთნელო ასპარეზზე, მაგრამ მისი საფეხბურთო ერუდიცია, ფეხბურთისადმი მიდგომა გვაძლევს უფლებას, ვივარაუდოთ, რომ ის ოდესმე "გაისვრის".
და რატომ არ უნდა მოხდეს ეს საქართველოს ნაკრებში? შოთა აქ შინაური კაცია. მან ამ გუნდის ყველაფერი იცის და რატომ არ უნდა იყოს საქართველოს უპირველეს გუნდში მუშაობა მისი სამწვრთნელო აღმავლობის დასაწყისი?
ფეხბურთის ფედერაცია და გია გეგუჩაძე ერთხმად ამბობენ, რომ ახალგაზრდული ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი ეროვნულ გუნდს არ ჩაიბარებს. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ შექმნილ ვითარებაში საუკეთესო კანდიდატურა სწორედ შოთა იქნებოდა, მაგრამ...
ათასი მიზეზის გამო დღეს მას არ სურს საქართველოს ნაკრების გაწვრთნა და მე მისი მესმის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"