გელა შეყილაძე: როგორც ქართველს, ავღანეთში ძალიან მაფასებენ...

AutoSharing Option
45 წლის გელა შეყილაძე ავღანეთიდან დროებით სამშობლოში დაბრუნდა. იქაური ფეხბურთის შესახებ ადრე არაფერი ვიცოდით. ფეხბურთი კი არა, ავღანეთი ლამის 40 წელიწადია სულ ომსა და უბედურებაშია და წესით, ქვეყანას არ უნდა ეფეხბურთებოდეს, მაგრამ... თქვენ წარმოიდგინეთ, ასე არ არის.

დიახ, ავღანეთის ნაკრებს სათავეში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი დამრიგებელი პეტარ შეგრტი უდგას. შეყილაძე კი მისი თანაშემწეა.

შეგახსენებთ, რომ შეყილაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 1997-2002 წლებში იცავდა. ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდში მან 22 მატჩი ჩაატარა. სხვადასხვა დროს უთამაშია ბათუმის "დინამოში", "ლიერსში", "რუზელარეში",
კიევის "არსენალსა" და ცსკა-ში. იყო საქართველოს იუნიორთა ნაკრების დამრიგებელი.

საქართველოში დაბრუნებულ შეყილაძეს "ლელო" ავღანურ შთაბეჭდილებებზე ელაპარაკა.

- ბატონო გელა, ჯერ ის გვითხარით, როგორ მოხვდით ავღანეთის ნაკრებში?
- შარშან ოქტომბერში ავღანეთის ეროვნული ნაკრები პეტარ შეგრტმა ჩაიბარა, ვისაც ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა მგონი არ სჭირდება. პირველი შეხვედრა ავღანეთს მისი ხელმძვანელობით კამბოჯასთან ჰქონდა და ის მატჩი 3:0 მოიგეს. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ შემეხმიანა პეტარი და ავღანეთის ნაკრებში მასთან ერთად მუშაობა შემომთავაზა.

ადვილად დავთანხმდი, რადგან ის ჩემი მეგობარია, დიდებული პიროვნებაა და ჩემი გვერდში დგომა რადგან მოისურვა, უკან ვერაფრით დავიხევდი. ყველაფრის თავიდათავი არის ჩემ მიმართ შეგრტის ნდობა.
თან ისიც ვიცოდი, რომ მუშაობა თავისი საქმის უზომოდ მოყვარულ პროფესიონალთან მომიწევდა.

პირველი შეკრება გვქონდა ყატარში. მოვემზადეთ ინდოეთში გასამართი ტურნირისთვის. 25 ფეხბურთელი წავიყვანეთ ამ შეჯიბრებაზე და მხოლოდ ინდოეთთან დავმარცხდით ფინალში. ყველა დანარჩენი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩი ჩავატარეთ. წავაგეთ აზიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, იაპონიასთან, რაც სავსებით ბუნებრივია. მერე კი მოვუგეთ სინგაპურს. ეს შეხვედრა ჩატარდა ირანში.

ზოგადად, შეგრტის ხელმძღვანელობით ავღანეთის ნაკრებს არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს. 8 მატჩიდან 6 შეხვედრა მოვიგეთ და მხოლოდ ერთი წავაგეთ.

- ავღანეთი და ფეხბურთი - როგორ თავსდება ერთმანეთთან ეს ორი სიტყვა?
- წლების განმავლობაში, ავღანეთში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა იყო კრიკეტი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრების ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. შეგრტამდე ავღანეთის ნაკრებს ქაბულში შეკრება არასოდეს ჰქონია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იქ არ არის სიმშვიდე. დაინიშნა თუ არა შეგრტი ავღანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მან მაშინვე განაცხადა, რომ ავღანეთის ნაკრები ეკუთვნის მთელ ქვეყანას და უნდა მოემზადოს შინ და როგორც კი საშუალება იქნება, იქვე ითამაშოს კიდეც.

ახლა საქმე ასეა: სანაკრებო თამაშებისთვის მოსამზადებელ პირველ შეკრებას ვიწყებთ ქაბულში და მერე გადავდივართ ყატარში, სადაც გრძელდება მზადება. ამან ხალხი და ნაკრების ფეხბურთელები ერთმანეთთან დააახლოვა. ავღანეთში რომ ჩავდივართ წარმატებული თამაშის შემდეგ, ისე გვხვდებიან, როგორც ნამდვილ გმირებს.

ამდენი წელი ვითამაშე ფეხბურთი და უნდა გითხრათ, რომ ასეთი დახვედრა არსად მინახავს. არაერთხელ დარეკეს და წარმატება მოგვილოცეს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა.

- რომელ ქვეყნებში თამაშობენ ავღანეთის ნაკრების ფეხბურთელები?
- ავღანეთის ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია გერმანიის დაბალი ლიგებიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან... ერთი ამერიკაში დაბადებულ-გაზრდილი მოთამაშეც კი გვყავს. ამის პარალელურად ჩვენ ყოველთვის ვიწვევთ ეროვნულ გუნდში ავღანეთის ჩემპიონატში მოთამაშე 6-7 ფეხბურთელს. ამათგან ერთი ან ორი სულ არის ხოლმე ძირითად შემადგენლობაში. ლეგიონერები დიდი სიამოვნებით ჩამოდიან ნაკრებში სათამაშოდ. ისინი ამბობენ, რომ მშობლიური ქვეყნის ნაკრების მაისურის მორგება მათთვის ძალიან დიდი პატივია.

- ტარდება კი ჩემპიონატი?
- კი, ტარდება ორთვიანი ჩემპიონატი. თამაშები ძირითადად ქაბულშია, რადგან სხვაგან იშვიათად არის საამისო გარემო. როცა ჩემპიონატი არ მიმდინარეობს, გუნდები პაუზას ლოკალური ტურნირებით ავსებენ.

სამწუხაროდ, ავღანეთში არ არის იმის საშუალება, რომ მთელი წლის განმავლობაში კლასიკური ჩემპიონატი ჩატარდეს, მაგრამ ეს ქვეყანა შინაური პირველობის გარეშე მაინც არ არის.

- საინტერესოა, როგორია ავღანელი ფეხბურთელის მენტალიტეტი - თქვენ ხომ საქმე გაქვთ თავისუფლების უზომოდ მოყვარე, ამაყ და ჯიუტ ხალხთან...

- უნდა გითხრათ, რომ როცა მათ ქვეყანას ეხება საქმე, ძალიან ადვილია ავღანელ ფეხბურთელთან კომუნიკაცია. ყველა ჩვენს მოთხოვნას ბოლომდე ისმენენ და ცდილობენ, შეასრულონ ზედმიწევნით. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება თავისი ქვეყნისთვის. აქ გამონაკლისი არ არსებობს.

რა თქმა უნდა, არ არის მათი შესაძლებლობები შეუზღუდავი და არც მათი ნიჭია ამოუწურავი, მაგრამ რაც შეუძლიათ, იმას კი აკეთებენ. ძალიან ამაყები არიან და საშინლად არ უყვართ მარცხი. მათი ეს თვისება საფეხბურთო მინდორზე ნათლად ვლინდება და ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ცდილობს, ავღანელი ფეხბურთელების ეს თვისება კიდევ უფრო გააღვივოს.

საერთოდ, ერთობ მიზანსწრაფულები არიან. მიზანს რომ დაისახავენ, ნებისმიერ ფასად, თუნდაც ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვის ფასადაც კი, ცდილობენ მის შესრულებას.

- როგორ პირობებში გიწევთ გუნდის მომზადება?
- არის ავღანეთში ადგილობრივი მასშტაბით ერთ-ერთი დიდი ფირმა, რომელიც ნაკრების მზადებას იღებს საკუთარ თავზე. როცა ყატარში ჩავდივართ შეკრებაზე, იქაური მხარე გვპატრონობს. რაც შეეხება ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციას, მისი რესურსი მწირია. შემოსავალი შეადგენს მხოლოდ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან მიღებულ დახმარებას, რომლის მიერ სუბსიდირება ხდება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. მოკლედ, შეძლებისდაგვარად ვემზადებით თამაშებისთვის და ყველა იმით გვიწყობს ხელს, რითიც შეუძლია.

- პეტარ შეგრტს რა ხანგრძლივობის კონტრაქტი აქვს ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან?
- კონტრაქტი ხუთწლიანია. პეტარს უნდა, რომ ავღანეთს, ავღანელ ხალხს ბოლომდე დაუდგეს გვერდით. რაც მთავარია, ყველა ძალიან კმაყოფილია მისი მუშაობით. ფეხბურთში შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგი არის. ხალხმა გაიცნო ავღანელი ფეხბურთელები, შეიყვარა ისინი...

- მას შემდეგ, რაც ავღანეთის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, შეგრტს მსურველები ხომ არ გამოუჩნდნენ?
- საერთოდ, პეტარი ისეთი ადამიანია, რომ თუ საქმეს მოჰკიდებს ხელს და გვერდით დაუდგება ვინმეს, ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ვერ ადგება და საკეთებელს ვერ გაეცლება. ავღანეთში ჩვენ ხალხის უდიდესი სიყვარული ვიგრძენით. ფეხბურთი გახდა სპორტი, რომელიც ერს აერთიანებს... ასე რომ, ახლა პეტარ შეგრტი და ავღანეთის ეროვნული ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი მხოლოდ გუნდის პროგრესზეა კონცენტრირებული. ეს პროცესი დაიწყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჩერდეს.

- სხვათა შორის, შეგრტს არც 2008 წელს, ომის დროს დაუტოვებია საქართველო...
- მართალი ხართ. პეტარს აუცილებლად გადავცემ, რომ თქვენ გახსოვთ მისი ეს ნაბიჯი. ვერ წარმოიდგენთ, ისე გაიხარებს. მას ძალიან უყვარს საქართველო. შეგრტი მალე შეიყვარეს ავღანეთში, თუნდაც იმიტომ, რომ პირველი მწვრთნელია, ვინც ნაკრებს ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში ავარჯიშებს.

- ცნობილია რომ, ავღანელები განსაკუთრებით აფასებენ ქართველებს. საუკუნეებმა შემოინახა ამ ორი ხალხის ისტორიის რამდენიმე ძალიან სამახსოვრო ერთობლივი ეპიზოდი. რას ამბობენ ავღანელები თქვენი ქართველობის გამო?
- მინდა გითხრათ, რომ ავღანელები ქართველებს უდიდეს პატივს სცემენ. პირდაპირ გეტყვით - ჩემი ქართველობის გამო იქ ხანდახან პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი აღმოვჩენილვარ. იციან ჩვენი ქვეყნის ისტორია. შვიდი-რვა ისეთი სიტყვაა, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულს...

- ავღანეთის ცხოვრებაში ძალიან ხშირად უარყოფით როლს თამაშობდა და თამაშობს ტომობრივი განსხვავება. ხშირად ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ პუშტუნებს, წარმოშობით ტაჯიკებსა თუ უზბეკებს. ნაკრებშიც ასე ხომ არ არის?
- ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენს ჩასვლამდე მართლაც იყო პრობლემა ამ კუთხით და როგორც ვიცი, ევროპელებსაც ცოტა სხვანაირად უყურებდნენ, მაგრამ ახლა არანაირი პრობლემა არ არის. ნაკრებში დიდი ერთიანობაა და ამაში განსაკუთრებული დამსახურება სწორედ პეტარს მიუძღვის.

ფეხბურთელები ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ გუნდურ ინტერესებს აყენებენ წინ და მერე - პირადულს. ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მთავარი პრინციპიც სწორედ ესაა. მოთამაშეებს ამაზე ბევრს ველაპარაკებით და ისინიც ბოლომდე მოგვყვებიან.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
შესანიშნავი ინტერვიუა! დიდი სიამოვნებით წავიკითხე. წარმატებები გელას!
zaza
22:55 04-06-2016
0
უდიდესი საქმეა, ამ უბედური ხალხის თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა თორემ ყველაფერი დაემართათ, ღმეღთმა დალოცოს და უშველოს მაგ უბედურ ქვეყანას, თქვენ ძაან კარგ საქმეს აკეთებთ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული