დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილამ" სომხურ "შირაქთან" პირველ მატჩში მიზნად დასახული პროგრამა-მაქსიმუმი მინიმალურად შეასრულა. 1:0 რამდენად საკმარისი იქნება ქართული გუნდის მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, ეს საპასუხო შეხვედრაში გამოჩნდება.

ვფიქრობთ, გუშინ უკეთესი შედეგის მიღწევა ძნელი იყო. "დილაში" აღარ არის ის შემადგენლობა, რომელმაც ევროპალიგის საგზური მოიპოვა და ამ კონტინგენტით, თანაც შეუთამაშებლად, ორი და მეტი ბურთით მოგება "შირაქთან" რთული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ნაწვიმარ მინდორზე თამაში დაბალ ტემპში დაიწყო. ორივე გუნდი ფრთხილობდა მეტოქის ნახევარზე გადასვლისას. თან მატჩის წინ და მისი მიმდინარეობისასაც რამდენჯერმე წამოწვიმა, რამაც გარკვეული კორექტივები შეიტანა თამაშში.

პირველი ჯარიმაც სომხებმა დაარტყეს და პირველი კუთხურიც მათვე მოაწოდეს, მაგრამ ამით მასპინძლებს პრობლემა არ შექმნიათ. სამაგიეროდ, პირველი მწვავე იერიში გორელებმა განახორციელეს - "სტანდარტულიდან" დავით კვირკველიამ კარისკენ გაგზავნა ბურთი, რომელიც სომეხთა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე.

უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად, ორივე გუნდი ხისტად თამაშობდა, თუმცა თამაში ისეთი უხეშიც არ ყოფილა, უკრაინელ არბიტრს 9 ყვითელი ბარათის გამოყენება რომ დასჭირვებოდა...

გორელთა შეტევებში მარჯვენა ფლანგიდან აქტიურად ერთვებოდა თეიმურაზ ღონღაძე, რომელმაც შორეული ზუსტი პასით ირაკლი მოდებაძე მონახა და მართალია, ამ უკანასკნელს მცველმა დაასწრო, თუმცა კინაღამ საკუთარ კარში შეაგორა ბურთი.

ტაიმის შუა წელში გორელები თანდათან გაუთამამდნენ მეტოქეს და მწვავედაც "უჩხვლიტეს". შეტევებისას აქტიურად იყენებდნენ ფლანგებს (გიორგი ერისთავი, გრიგოლ დოლიძე) და ცდილობდნენ, მოდებაძისთვის მიეწოდებინათ ბურთი.

მასპინძელთა კაპიტანს სტუმართა დაცვის ხაზი ყურადღებით კი მეურვეობდა, მაგრამ 36-ე წუთზე გორელთა მრავალფაზიანი კომბინაცია სწორედ მან დაასრულა კარის აღებით - მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობისას ქარქუზაშვილისგან ბურთი ფლანგზე დოლიძეს მიუვიდა, რომელმაც კარის გასწვრივ დაბალი გადაცემა გააკეთა. იქ ყველას მოდებაძემ დაასწრო - 1:0.

ორ წუთში მასპინძლებმა გულშემატკივარი თავადვე აანერვიულეს - მცველი ბურთს უკან უბრუნებდა მიხეილ მუჯრიშვილს, რომელმაც ვერ შეიმაგრა ის და კინაღამ კარის ხაზს იქით შეუგორდა...

შესვენების შემდეგ "დილა" უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. სომხებს რამდენჯერმე ბურთის უმისამართოდ მოგერიებითაც მოუწიათ სიტუაციის განმუხტვა. თუმცა ამის შემდეგ იყო დაახლოებით 10-15-წუთიანი მონაკვეთი, როცა "შირაქი" მწვავედ ირჯებოდა. დროის ამ მონაკვეთში მათ სამჯერ საშუალო დისტანციიდანაც სცადეს ქართველთა გოლკიპერის შეწუხება, თუმცა სამივე შემთხვევაში სიზუსტე დააკლდათ.

მეორე ტაიმში მოდებაძე ისევ უქმნიდა პრობლემებს მოწინააღმდეგე მცველებს, თუმცა სტუმრებს ყველაზე მეტად დოლიძის "დაჭერა" უჭირდათ.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე "დილა" კაცნაკლული დარჩა - შეცვლაზე შესულმა თამაზ კიკაბიძემ ტრავმა მიიღო, მწვრთნელს კი ამ დროს სამივე შეცვლა განხორციელებული ჰქონდა, თუმცა "შირაქმა", საბედნიეროდ, ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა.

მატჩის შემდეგ
ვარდან ბიჩახჩიანი ("შირაქის" მწვრთნელი):
"ეს პირველი შეხვედრა იყო. ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება. ვფიქრობ, შეიძლებოდა შინ ფრით წავსულიყავით. თავიდან კარგადაც დავიწყეთ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. პრობლემა იყო ამინდიც, რომელიც შესაძლებლობათა სრულად გამოვლენის საშუალებას არ იძლეოდა.

"დილა" არ არის იოლი მეტოქე, მაგრამ საპასუხო მატჩში შევეცდებით იმ შედეგის მიღწევას, რომელიც ხელს გვაძლევს".

უჩა სოსიაშვილი ("დილას" მწვრთნელი):
"მეტად რთული და დაძაბული მატჩი გამოდგა. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ასე ერთ მუშტად შეკრულს და მიზნისთვის შემართულს, როგორც დღეს "დილა" გავიდა მოედანზე, ქართულ გუნდს იშვიათად ნახავთ.

არც ჩვენ და არც "შირაქს" არ აურჩევია "მეორე ნომრად" თამაში. სანახაობრივად, პირველი ტაიმი უკეთესი გამოვიდა. საბედნიეროდ, გატანაც შევძელით, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, ანგარიში შეგვენარჩუნებინა და კონტრშეტევაზე გვეთამაშა.

მეორე ტაიმში სანახაობა ნაკლებად იყო, თუმცა გატანა მაინც შეგვეძლო, განსხვავებით მეტოქისგან, რომელსაც რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია. კარგია, რომ გოლი არ გავუშვით. საპასუხო მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად".

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
30.06. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 2 500 მაყურებელი
დილა-შირაქი 1:0
გოლი: 1:0 მოდებაძე (36. დოლიძის პასით)
დილა: მუჯრიშვილი, სამხარაძე, ქარქუზაშვილი, კვირკველია, ღონღაძე, რაზმაძე, ნონიკაშვილი (89. ქათამაძე), წიქარიძე (68. კიკაბიძე), ერისთავი (79. საბაძე), დოლიძე, მოდებაძე.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ლომიძე, შარიქაძე, კაპანაძე.
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
შირაქი: აივაზოვი, ა. ოვანესიანი, მიქაელიანი, ოვსეპიანი, კოაკუ (87. მურადიანი), ჰაკობიანი (78. ბროუ), უდო, გ. ოვანესიანი (58. დიარასუბა), დარბინიანი, კაბა, სკოშკოვიჩი.
სათადარიგოები: აბრამიანი, დუმოუია, ალექსანიანი, დავოიანი.
მწვრთნელი: ვარდან ბიჩახჩიანი
გაფრთხილება: კაბა (28), ღონღაძე (23), წიქარიძე (40), სამხარაძე (41), აკობიანი (44), ნონიკაშვილი (75), კოაკუ (80), რაზმაძე (88), გ. ოვანესიანი (90)
არბიტრი: ანატოლი ზაბჩენკო (უკრაინა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰაჰჰააჰა)))))) სომხებიც ამინდს აბრალებენ წაგებას :))))))
მეგრელი
13:55 01-07-2016
0
ვულოცავ გორის დილას მოგებას და ვუსურვებ შემდგომ ეტაპზე გასვლას, რაც კლუბისათვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანია. არ უნდა გდაგვავიწყდეს ის რომ უეფა ყველა გადალახულ ეტაპისათვის სოლიდურ თანხებს ურიცხავს კლუბებს და თუ შეძლეს ეს და თუნდა მომდევნო ეტაპი გადალახეს ფინანსურად კარგად მოძლიერდებიან. წარმატებები დილას და ყველა ქართულ კლუბს. ბატონო გუჯა კახაძეთი კიდე ამდენი ხანი რით ვერ დაინტერესდნენ ეს ჩვენი კლუბები გაოცებას ვარ, მიეცით ადამიანს შანსი.
Eric cantona
15:13 01-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული