ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოსო ფრუიძემ და "ჩიხურამ" ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაახარეს. საჩხერელებმა კიშინიოვში "ზიმბრუ" მინიმალური ანგარიშით, მაგრამ დამაჯერებლად დაამარცხეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს II საკვალიფიკაციო ეტაპისკენ.

ქართველმა სტუმრებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. მე-18 წუთზე საბა ლობჟანიძემ მოხდენილი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი ივანიშვილი. დენის რუსუ კარიდან დროულად გამოვიდა და ფორვარდი წააქცია. საჩხერელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა - უშედეგოდ.

ძალიან აქტიური იყო მარცხენა მცველი თორნიკე გრიგალაშვილი, რომელმაც რამდენჯერმე გაამწვავა იერიშები. სტუმრები უტევდნენ, თუმცა კარგა ხანს - ამაოდ. ასე დასრულდა ლობჟანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა და
ფლანგური გადაცემის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილის თავური დარტყმაც.

36-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან გეორგე ანტონი გააძევა. "ზიმბრუს" ნახევარმცველმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა - "ჩიხურას" მცველმა მეკარე დინო ჰამზიჩს ბურთი დაუგორა, ანტონი კი საჩხერელთა გოლკიპერზე გაშლილი ფეხით წავიდა და როცა მიხვდა, რაც დააშავა, სიმულაციას მიმართა - მოედანზე არტისტული კოტრიალი დაიწყო, აქაოდა, მეც დავშავდიო. მაგრამ ფინელ არბიტრთან ეს ფანდი არ გაუვიდა და უმალ წითელი ბარათი იხილა.

მატჩის ერთადერთი გოლი ტატანაშვილმა გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან გიორგი რეხვიაშვილმა ჯარიმა შეასრულა, მცველთა ყურადღება ლობჟანიძემ საკუთარ თავზე გადაიტანა, რითიც ტატანაშვილს დასარტყმელი სივრცე გაუჩნდა, დაუსხლტა მეურვეს და თავურით ბურთი დაბალ კუთხეში მოათავსა - 1:0.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს რეალური საგოლე მომენტი არც გაძევებამდე შეუქმნიათ და არც მის შემდეგ. "ჩიხურას" მეკარე ჰამზიჩი კი მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ გახდა უხეშობის სამიზნე, როცა ამანსიო ფორტესს გამოსვლაზე დაასწრო, პორტუგალიელმა ლეგიონერმა კი მკერდში ფეხი წაჰკრა...

სამწუხაროდ, მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნის დატოვება მოუხდა გიორგი განუგრავასაც, რაც იმას ნიშნავს, რომ საპასუხო მატჩში "ჩიხურას" საკვანძო ნახევარმცველი დააკლდება.

მეორე ტაიმში ტატანაშვილს "ჩიხურას" უპირატესობის გაზრდა კიდევ შეეძლო: ჯერ ლობჟანიძემ დატოვა ის პირისპირ, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მერე დენის დობროვოლსკიმ შორიდან მძლავრად დასცხო და "ზიმბრუს" მეკარემ ბურთი "ცხრიანიდან მოხსნა".

ბოლო წუთზე კი ისიც აშკარად შეცდა, ბურთი აუტის ხაზთან მიიღო და საჩხერელთა ნახევარზე გადაგდება სურდა, მაგრამ საჯარიმოსთან ტატანაშვილმა ჩაჭრა და კარში გაგზავნა, თუმცა, სუსტად მოუვიდა და მეკარეს შეცდომის გამოსწორების საშუალება მისცა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საბოლოოდ, "ჩიხურამ" 1:0 მოიგო და 5 ივლისს "ზიმბრუს" საპასუხო მატჩისთვის ზესტაფონში ელოდება.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
- სოსო ფრუიძე: შეტევაში უფრო სწრაფები ვიყავით, ვიდრე მეტოქის მცველები

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
30.06. კიშინიოვი. "ზიმბრუ". 2 000 მაყურებელი
ზიმბრუ-ჩიხურა 0:1
გოლი: 0:1 ტატანაშვილი (40. რეხვიაშვილის პასით)
ზიმბრუ: რუსუ, დიეგო ლიმა (46. ზაგაევსკი), ანტონი, სპეტარუ (86. კაბი), ამანსიო ფორტესი, ლუანი, ალექს ბრუნო, ჟარდენი, ემერსონი, იზალდო, კულიბალი (81. ერიკი).
სათადარიგოები: სტარიში, ბურგიუ, ტიმბური, დამაშკანი
მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი
ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, კაკუბავა, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, ლობჟანიძე (66. ლექვთაძე), ივანიშვილი (90. დეკანოიძე), გაბედავა (57. დობროვოლსკი), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნ. ქავთარაძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, მუმლაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: განუგრავა (23), ჰამზიჩი (36), ჟარდენი (75)
გაძევება: ანტონი (36), განუგრავა (61. მეორე ყვითელი)
არბიტრი: იარი იარვინენი (ფინეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დინამო 81

არაფერია, მეორე მატჩზე, სახლი, კარი, მეზობლები, მთელი ქონება ჩადევ და მხიარულად იცხოვრებ :) წარმატებები :)
jarji21
17:23 01-07-2016
0
დიდი არაფერი მომხდარა ერთნაირი დონის და ბიუჯეტის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მოიგო საბედნიეროდ ჩიხურამ.

ევროპალიგის კვალიფიკაციის დონის რომ იყოს ჩიხურა ასეთ გუდნებს როგორიცაა ზიმბრუ უნდა მოუგოს მინიმუმ 4 ბურთიანი სხვაობით. ვნახოთ სახში რა იქნება.
vato
14:48 01-07-2016
0

სიახლეები პოპულარული