20 წლის შემდეგ... ქართულ ფეხბურთს "შევარდენი 1906" დაუბრუნდა!

AutoSharing Option
ვფიქრობთ, ეს ამბავი ფეხბურთის მოყვარულებს ძალიან გაახარებს - ისტორიული საფეხბურთო კლუბი "შევარდენი 1906" ისევ აღადგინეს! ეს ამბავი 5 ივლისს სოციალურ ქსელში ჩვენმა კოლეგა გეგი კიკაბიძემ გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ მან გააკეთა.

"საფეხბურთო კლუბი "შევარდენი 1906" აცხადებს შერჩევებს. კლუბი საქართველოს ჩემპიონატის II ლიგაში იასპარეზებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით და რეგისტრაცია წინასწარ გაიარეთ", - ეწერა განცხადებაში...

უძველესი კლუბის დაკონსერვება
თბილისის "შევარდენი 1906", სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ 1906 წელს ჩამოყალიბდა, მაგრამ პირველი ოფიციალური თამაში სხვადასხვა სპორტული წრის გაერთიანებულ ნაკრებთან 5 წლის შემდეგ, 1911 წლის
23 ოქტომბერს გამართა და 1:0 გაიმარჯვა.

კლუბის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი და დამსახურება ჩეხ საზოგადოებრივ მოღვაწესა და პედაგოგს, იაროსლავ სვატოშს მიუძღვის. მან XIX საუკუნის ბოლოს პრაღის სპორტსაზოგადოება "სოკოლიდან" საქართველოში დაპატიჟა ტანვარჯიშის მწვრთნელები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს სპორტული სექცია "სოკოლი" (ქართულად - "შევარდენი"). 1906 წლიდან "სოკოლს" ქართული სახელი ეწოდა. სპორტსაზოგადოებას ხელმძღვანელობდნენ ანტონინ ლუკეში და გიორგი ეგნატაშვილი.

1986 წლამდე მონაწილეობდა ლოკალურ შეჯიბრებებში, 1986 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 1987 წელს სსრკ-ის პირველობაზე, II ლიგის IX ზონაში გადავიდა. 1988-ში კი საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

1990 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და მას ოფიციალურად "შევარდენი 1906" ეწოდა. ამავე წელს გუნდმა საქართველოს პირველ ჩემპიონატზე იასპარეზა და 1993 წელს ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

1996 წლამდე "შევარდენი 1906" უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, შემდეგ კი ფინანსური პრობლემები შეექმნა, პირველი ლიგის ბინადარ თბილისის "უნივერსიტეტს" შეუერთდა და რეალურად, არსებობა შეწყვიტა...

კახეთში ჩაშლილი მოლაპარაკება
რატომ გადაწყვიტა ცნობილმა ტელეწამყვანმა და "ზესტაფონის" ყოფილმა მეკარემ ისტორიული კლუბის აღორძინება და რა მიზნები ამოძრავებს?

ამ თემაზე გეგი კიკაბიძე "ლელოს" ელაპარაკა:

Sportall.Ge

- კლუბი ოფიციალურად საჯარო რეესტრში გავატარეთ. არადა, 1996 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ შპს და მისი ბეჭედი არსებობდა, გუნდი კი აღარ იყო და ოფიციალურ გათამაშებებში არ მონაწილეობდა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ფეხბურთელი ვარ და სულ მსურდა, ამ სახეობის განვითარებაში მიმეღო მონაწილეობა. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი აშკარად გამოჩნდა ტენდენცია - ახლა ნამდვილი ბუმია და ბევრი ახალი გუნდის ჩამოყალიბება გადაწყდა.

- მარტო ხართ ამ საქმეში თუ ვინმე გეხმარებათ?
- მე და ჩემმა მეგობარმა დიმა ბარათაშვილმა გადავწყვიტეთ გუნდის ჩამოყალიბება. თავიდან გვსურდა, ეს ყვარელში გაგვეკეთებინა. ადგილობრივი ბიზნესმენი მიხეილ სამხარაული დახმარებას გვპირდებოდა, გამგებელიც მონდომებული იყო და ინვესტორთან ერთად, სტადიონის რეკონსტრუქციაზეც გველაპარაკა...

მაგრამ საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ხუთი თვე ტყუილად ვირბინეთ. წარმოიდგინეთ, სურვილი გვქონდა ჩვენც, ბიზნესმენსაც და გამგებელსაც, მაგრამ გუნდი ვერ გადმოვიფორმეთ! იმედგაცრუებულები დავრჩით, მაგრამ ყურები არ ჩამოგვიყრია...

ჟურნალისტი ისტორიას აცოცხლებს
- საერთოდ, "შევარდენი 1906"-ის აღორძინების იდეა საიდან გაგიჩნდათ?
- ეს ისტორიული გუნდია, სადაც ბევრ ცნობილ მოთამაშესა და ეროვნული ნაკრების წევრებსაც უთამაშიათ - კაკო დევაძეს, გოჩა გუჯაბიძეს, გიორგი ნემსაძეს, ზაზა ჯანაშიას, დათო ცომაიას, გია ჯიშკარიანს, კახა გოგიჩაიშვილს, გიორგი ანჩაბაძეს, დათო ყიზილაშვილს, ლევან ყიფიანს...

1993 წელს "შევარდენი 1906" თბილისის "დინამოს" უწევდა კონკურენციას და საბოლოოდ, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, უეფას თასზე უნდა ეთამაშა, მაგრამ მაშინ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ჯერ არ იყო, მერე კი გუნდის საქმე ცუდად წავიდა და რეალურად, არსებობა შეწყვიტა...

მოკლედ, მოვძებნეთ მალხაზ გუგავა, რომელიც შპს "შევარდენი 1906"-ის დამფუძნებელი გახლდათ და ბეჭედს ფლობდა. მაგრამ გუნდის სტადიონი გასხვისებულია, მორაგბეებს გადასცეს...

ბატონმა მალხაზმა ჩვენი სურვილი გულთან ახლოს მიიტანა და გუნდი გადმოგვიფორმა.

სუფთა ხელებით და ცარიელი ფურცლით
- რა მიზანს ისახავთ?
- ჯერ მეორე ლიგაში თამაში გვსურს, მერე კი, იმედია, იმ 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდებით, 2017 წლის "ეროვნული ლიგა 1"-ის საგზურს რომ მოიპოვებს. "შევარდენი 1906" ტრადიციული გუნდია, შესაბამისად, მისი აღორძინება და უმაღლეს ლიგაში დაბრუნება უდიდესი საქმე იქნებოდა...

Sportall.Geერთი სიტყვით, ვიწყებთ - პასუხისმგებლობა აღებულია, გამოწვევებიც - გააზრებული. თვითმიზანი მხოლოდ ქართული ფეხბურთის განვითარებაში წვლილის შეტანაა! ნელ-ნელა, ეტაპობრივად და გეგმაზომიერად ვეცდებით საფეხბურთო ფილოსოფიის შემუშავებას, კლუბის ფეხზე დაყენებას, წელში გამართვას, მიზნების გაზრდას, სტრუქტურის გამართვას...

რაც მთავარია, პირობას ვდებ, რომ ყველა იმ წესს დავიცავთ, რაც თანამედროვე ფეხბურთში სწორ მიმართულებას განაპირობებს. ვიწყებთ სუფთა ხელებით და ცარიელი ფურცლით.

- შემადგენლობას როდის დააკომპლექტებთ?
- რამდენიმე მოთამაშე გვყავს და სელექციისთვის სინჯებსაც ჩავატარებთ. ცხადია, სტადიონის იჯარა, ფორმები, ბურთები და ათასი რამ დაგვჭირდება. მეორე ლიგაში ახალი სეზონი სექტემბერში დაიწყება. ასე რომ, მოსამზადებლად და გუნდის დასაკომპლექტებლად დრო გვაქვს.

- სპონსორები თუ გყავთ?
- მოლაპარაკება დავიწყეთ და იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებიან. ფაქტია, ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პრემიალური ფონდი ბიზნესისთვის საინტერესოა.

"შევარდენი 1906"-ის მარტო აღდგენა კი არა, მისი აღორძინებაც გვსურს. ეს იდეა ნამდვილად ღირს იმად, რომ საქმეში მთელი ძალა და ენერგია ჩავდოთ. ამით ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ ერთ აგურს ჩვენც დავდებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდა ბიჭები ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ეჭიდებიან
tengo
00:51 04-08-2016
0
ძალიან საიმედოა,როცა მიუხედევად გამოცდილების უქონლობისა,ახალგაზრდები იგებენ ხელში ინიციატივას,სწორედ სუფთა ხელები და საღი აზრია წარმატების საწინდარი!!!
bicola vasasi
13:43 07-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული