პლაჟის ფეხბურთი: მეტი რეგიონი, მეტი მოედანი - ჯაბა ჭანტურიას იმედი და სიახლეები

AutoSharing Option
წლებია, აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია ამ სახეობის პოპულარიზაციას ცდილობს.

ამ მიზნით, ბათუმის "დინამოს" პლაჟბურთის გუნდიც ჩამოაყალიბა, რომელიც ზედიზედ მეორე წელია, რაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობს...

23 ივლისს, ჯაბა ჭანტურიამ, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის თანაორგანიზებით, ბათუმში პლაჟის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი დაგეგმა და მონაწილეობისთვის აზერბაიჯანის, თურქეთის, კამერუნის, რუსეთისა და საქართველოს გუნდები მიიწვია.

ჭანტურიამ "ლელოსთან" სახეობის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებზე ილაპარაკა:

"პლაჟის ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული სახეობაა. ამ საქმეს ხელი იმიტომ მოვკიდე, რომ მისი განვითარება და
მასობრიობის გაზრდა მსურდა. ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეორედ მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. მაგრამ მისი მეტი პოპულარიზაციაა საჭირო.

დარწმუნებულიც ვარ, პლაჟის ფეხბურთს ჩვენთან დიდი პერსპექტივა აქვს. გარდა ამისა, ეს საქართველოს ტურისტული რესურსის ათვისების ერთ-ერთი საშუალებაცაა. საამისოდ, ტურისტულ სეზონში ბევრი ტურნირის ჩატარებაა აუცილებელი.

ახლახან, ზუგდიდელების ჩანაფიქრმა გამახარა: ანაკლიასა და განმუხურში 2 მოედნის მოწყობას აპირებენ. ამ საქმეში მეტი რეგიონის ჩართვა გვჭირდება. მაგრამ სახეობის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული დედაქალაქში მის დანერგვაზე. კარგი იქნება, თბილისში, ვაკის პარკის შუაგულში, ტურნირი წელიწადში ერთხელ მაინც რომ ჩავატაროთ", - ამბობს ჭანტურია.

პლაჟის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მომავალი წლიდან სერიოზულ თანადგომას იმედოვნებს:

"სექტემბერში, ვენეციაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. სამწუხაროდ, მასში საქართველოს ნაკრების მონაწილეობისთვის თანხები ვერ მოიძებნა. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ველაპარაკე და აღმოჩნდა, რომ ამ სახეობის განვითარება მისი სურვილიცაა.

გეგმაში აქვს ბათუმში სარეიტინგო სანაკრებო დონის ჩელენჯტურნირების გამართვა. 2017 წლიდან კი სფფ ჩემპიონატსა და ნაკრების ტრანსპორტირების ხარჯებს დააფინანსებს, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებზე ვითამაშოთ.

ჩვენი სტადიონი და ინფრასტრუქტურა საერთაშორისო ტურნირებისთვის ჯერ მზად არ არის, მაგრამ თუ საკითხი დადებითად გადაწყდება და სანაკრებო ტურნირის მასპინძლობის უფლებას მოვიპოვებთ, აჭარის ხელისუფლება მზადაა, თანხა გამოყოს და ჩვენი არენა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს.

ამაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი სტადიონის ტევადობა გაიზრდება, 2 000 მაყურებელს მიიღებს და ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
Adrec vadevnebdi tvalkyrs am saxeobis ganvitarebas.kochag batumi, sul nolidan daickes am adamianebmა.kargia regionebis chartva.anaklia ki martla arachveylebrivi adgilia amistvis.carmatebebi aba :-)
gugo
16:23 30-07-2016
0
Pliajni magaria. Sharshan vescrebodi. Shoridan vicnob jabas da nikolozs. Magari patiosani da mondomebuli tipebia. Udachi bichebo.
Goga
15:45 30-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული