დინამო (თბ) VS პაოკ-ი - ჯგუფური ეტაპის მოლოდინი

AutoSharing Option
ფოტოზე: ლადო დვალიშვილი და იურაი იარაბეკი
დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სალონიკის პაოკ-ს უმასპინძლებს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

სტუმრებმა მატჩისწინა წვრთნა "დინამო არენაზე" გამართეს, ხოლო "დინამომ" გენერალური რეპეტიცია ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა.

მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

- იურაი იარაბეკი: სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ!
- ვლადან ივიჩი: "დინამო" ძალიან ძლიერია, თუმცა მე ის ვარ, ვისაც არაფრის ეშინია!

უკვე მერამდენე წელიწადია, ქართული
გუნდებისთვის ევროტურნირები ერთი და იგივე სცენარით მიმდინარეობს: უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ჩემპიონთა ლიგა თუ ევროპალიგა ჩვენთვის პირველ ან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მთავრდება ხოლმე.

თუმცა ყოველი ზაფხულის მოსვლას მაინც მარადიული ქართული ოპიმიზმით ვხვდებით და გამონაკლისი არც მიმდინარე ევროტურნირებია: თბილისის "დინამოს" ხომ ერთი ნაბიჯი აშორებს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე.

მაშინაც ბერძნული...
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თბილისის "დინამომ" მხოლოდ ერთხელ მოახერხა ევროპალიგის (იმდროინდელი - უეფას თასის) ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: 2004 წელს გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა ბატე-ს (ბელორუსი), "სლავიასა" (ჩეხეთი) და "ვისლას" (პოლონეთი) ბარიერი და ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

აი, იმის მერე კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დანარჩენი ქართული გუნდების მსგავსად, ევროტურნირები თბილისის "დინამოსათვისაც" პირველ ან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მთავრდებოდა.

ასე მოხდა შარშან, როცა აზერბაიჯანულმა "გაბალამ" პირველსავე ეტაპზე დაჯაბნა ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი. არანაკლებ გაგვიცრუვდა იმედები შარშანწინაც, როცა ყაზახურმა "აქტობემ" ორივე მატჩი მოუგო ახალი მწვრთნელითა თუ ახალი ლეგიონერებით "გაძლიერებულ" თბილისის "დინამოს" და მაშინაც საწყისი ეტაპი იყო!

სამაგიეროდ, 2013 წელს, ისე, როგორც ახლა, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთო, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ფიქრი პირველივე მატჩის მერე გახდა სრული უტოპია: ინგლისური "ტოტენჰემი" ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით გვესტუმრა და 5:0 მოგვიგო!

კიდევ ერთი შემთხვევა, როცა "დინამო" ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა, 2011 წელს იყო და მაშინ კი მართლაც ძალიან ახლოს ვიყავით ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან. საინტერესოა, რომ მაშინაც ბერძნული კლუბი (აეკ) იყო "დინამოს" მეტოქე და ორივე მატჩის ძირითადი დრო ერთნაირი ანგარიშით (1:0) დამთავრდა. სამწუხაროდ, საპასუხო მატჩში ყველაფერი მეორე დამატებითი ტაიმის დასაწყისში ჩვენს კარში დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც ზუსტად შეასრულა აეკ-ის ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ისლანდიელმა ვეტერანმა ეიდურ გუდიონსენმა.

აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინანდელი შემადგენლობიდან "დინამოში" დღესდღეობით მხოლოდ ორი ფეხბურთელი შემორჩა: მიკელ ალვარო და ჯაბა ჯიღაური, ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორივე მათგანი მერე სხვა გუნდში გამოდიოდა და "დინამოში" შემდეგღა დაბრუნდა.

პრობლემები
ზაგრების "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებმა ჩვენი ჩემპიონის უამრავი პრობლემა გამოააშკარავა. უპირველესად, რა თქმა უნდა, სატრანსფერო პოლიტიკა ბადებს უამრავ კითხვას: ამ ზაფხულს გუნდში ჩარიცხული თითქმის ყველა ახალწვეული ლეგიონერი აშკარად არ აღმოჩნდა იმ დონის ფეხბურთელი, როგორც წარმოგვედგინა!

და არა მხოლოდ უცხოელმა ახალწვეულებმა ვერ გაამართლეს, ეჭვქვეშ დადგა იანვარში მოსული მთავარი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის სამწვრთნელო კვალიფიკაციაც...

მოკლედ, ზაგრების "დინამოსთან" გამართულმა ორივე მატჩმა (განსაკუთრებით - საპასუხომ) ისევ მიწაზე დაგვაბრუნა, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, დღეს მაინც მოვერიდებით კრიტიკას. ხორვატიულ კლუბთან წარუმატებლობა ხომ შეიძლება შეუთამაშებლობასაც დავაბრალოთ ან რამდენიმე ეპიზოდში კონცენტრაციის დაკარგვას, მუდმივ უიღბლობას და კიდევ უამრავ არსებულ თუ ... "არარსებულ" მიზეზს?!.

ანუ დღეს კრიტიკის დრო არ არის, დღეს სტადიონზე მისვლა და ევროტურნირებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული გუნდის ქომაგობაა საჭირო, თორემ კრიტიკის დრო ყოველთვის იქნება... თანაც, იმედია, პაოკ-თან ორრაუნდიან დაპირისპირებაში "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელები კრიტიკის კი არა, საპირისპირო განწყობის მიზეზს მოგვცემენ!

ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა: 2011 წელს აეკ-თან დაპირისპირება რომ გავიხსენეთ, ისიც უნდა გვეთქვა, რომ ევროპალიგის პლეი ოფის იმ მატჩს "დინამო არენაზე" 40 000 გულშემატკივარი ესწრებოდა! დღესაც ევროპალიგის პლეი ოფია და დღესაც ბერძნული კლუბი იქნება ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მეტოქე. ასე რომ, ქომაგის მხურვალე მხარდაჭერა "დინამოს" დღესაც ძალიან დასჭირდება...

- ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..

გვარ-სახელებია, იცოცხლეთ!..
ახლა პაოკ-ზეც ვთქვათ, რომელიც თბილისში გუშინ ჩამოფრინდა. ბერძნული გუნდის სერბმა თავკაცმა ვლადიმირ ივიჩმა "დინამოსთან" სამატჩოდ 23 ფეხბურთელი ჩამოიყვანა. უეფას განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელებიდან თბილისში არ იქნებიან პაოკ-ის გამოცდილი ფიგურები - კაპე ვერდეს ნაკრების 29 წლის მცველი ფერნანდუ ვარელა და საბერძნეთის ნაკრების 31 წლის ნახევარმცველი ალეკსანდროს ციოლისი. ეს უკანასკნელი სამშობლოში წინა სეზონში დაბრუნდა, მანამდე კი სხვადასხვა დროს გამოდიოდა "ქაისერისფორში" (თურქეთი), "მონაკოში" (საფრანგეთი), "სიენაში" (იტალია), "რასინგში" (ესპანეთი), "ვერდერში" (გერმანია)...

ტრავმების გამო თბილისში ვერ ითამაშებენ: საბერძნეთის ახალგაზრდული ნაკრების მცველი, 20 წლის ახილეას პუნგურასი, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი დიმიტრიოს პელკასი და ალბანეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი ერგის კაცე (ამ უკანასკნელმა ახლახან ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა).

"დინამოს" დღევანდელი მეტოქის საევროპო განაცხადს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ აქ საქმე მხოლოდ გამოცდილებაში არ არის - სამწუხაროდ, "დინამოსგან" განსხვავებით, მეტოქის შემადგენლობაში ერთიმეორეზე უკეთესი ლეგიონერები არიან, რომელთაც ოსტატობა ნამდვილად არ დაეწუნებათ!

აი, თუნდაც, 30 წლის სერბი მეკარე ჟელკო ბრკიჩი, რომელიც ბოლო 5 სეზონი სერია A-ში გამოდიოდა და თითქმის ყველგან ("სიენა", "კალიარი", "უდინეზე", "კარპი") ძირითადი მეკარე გახლდათ;

თავიანთი ქვეყნის ნაკრების წევრები არიან 27 წლის ხორვატი მცველი მარინ ლეოვაცი, 23 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი გოიკო ციმიროტი და 29 წლის ანგოლელი ფორვარდი ჯალმა კამპუში.

იმავეს თქმა შეიძლება გამოცდილ ჰოლანდიელ ნახევარმცველზე, 28 წლის დიეგო ბისესვარზე, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ "ფეიენოორდის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახლდათ, ბოლო 4 სეზონი კი თურქულ "ქაისერისფორში" გაატარა.

პაოკ-ის ახალწვეული ლეგიონერებიც უნდა ვახსენოთ: 30 წლის ბრაზილიელი მცველი ლეო მატოსი და 25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ევგენი შახოვი "დნიპროდან" გადმოვიდნენ;

აღარაფერს ვამბობთ ორ ცნობილ ესპანელზეც: 29 წლის ნახევარმცველი ხოსე კანიასი წლების განმავლობაში "ბეტისის" ლიდერი იყო, მერე ინგლისურ პრემიერლიგაში გადავიდა ("სუონსიში"), ბოლო ორი სეზონი კი სამშობლოში გაატარა ("ესპანიოლში").

მისივე კბილა მცველი ხოსე კრესპო კი "სევილიას" შემადგენლობაში ორჯერ გახდა ევროპალიგის გამარჯვებული. ამას გარდა, სხვადასხვა დროს გამოდიოდა იტალიაში ("ბოლონიასა" და "ვერონაში"), გასულ სეზონში კი სამშობლოში, კერძოდ, "რაიო ვალეკანოში" თამაშობდა.

28 წლის მცველი გიორგიოს ცაველასი ადრე "მონაკოსა" (საფრანგეთი) და ფრანკფურტის "აინტრახტში" (გერმანია) თამაშობდა, 31 წლის მცველი სტელიოს მალეზასი კი პაოკ-ის აღზრდილია, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისიც თამაშობდა გერმანიაში, სადაც დიუსელდორფის "ფორტუნას" ღირსებას იცავდა.

ცალკე უნდა ვთქვათ პაოკ-ის კაპიტანზე, 27 წლის სტეფანოს ათანასიადისზე, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში სწორედ ამ სალონიკურ გუნდში გამოდის. სწორედ ათანასიადისმა გახსნა ანგარიში "აიაქსთან" საპასუხო მატჩში, მაგრამ ჰოლანდიურმა გრანდმა მერე მაინც შეძლო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა პაოკ-ს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე "აიაქსი" ითამაშებდა, პაოკ-ი კი, თბილისის "დინამოს" მსგავსად - ევროპალიგაზე.

"აიაქსთან" დაპირისპირება შემთხვევით არ გვიხსენებია: სწორედ ჰოლანდიურ გუნდთან ჩაატარა პირველი ოფიციალური შეხვედრები ამ ახალ სეზონში ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ და ბევრისთვის მოულოდნელად, პირველი მატჩი (ამსტერდამში) 1:1 დამთავრდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საპასუხო შეხვედრაში "აიაქსმა" უმძიმეს ბრძოლაში (ტაიმების ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით) შეძლო ბერძნული გუნდის დამარცხება.

ეს საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს გაიმართა და იმის შემდეგ პაოკ-ი თავის საწვრთნელ ბაზაზე ემზადებოდა. თბილისში ჩამოსვლამდე კი ერთი ამხანაგური მატჩიც გამართა, რომელშიც ბერძნული სუპერლიგის გუნდი "ატრომიტოსი" 1:0 დაამარცხა.

ამ სპარინგში პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, თუმცა პრობლემებს მაინც ვერ ასცდა: მცირე ტრავმა მიიღო წამყვანმა ნახევარმცველმა გოიკო ციმიროტმა, ისევე, როგორც იანის მისტაკიდისმა და ეფტიმის კულურისმა (ორივე მათგანი "აიაქსთან" შეცვლაზე შევიდა).

თუმცა, "ატრომიტოსთან" საკონტროლო მატჩში სხვა გამორჩეული ფაქტიც მოხდა - მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ათანასიადისმა თითქმის მოედნის ცენტრიდან გაიტანა სუპერგოლი!

აი, ასეთი სერიოზული მეტოქე ჰყავს თბილისის "დინამოს", თუმცა, დღევანდელ პაოკ-ს ვერც გრანდს ვუწოდებთ და ვერც - დაუმარცხებელს! ასე რომ, გავავსოთ "დინამო-არენა" და...

პაოკ-ი
მეკარეები
23. ჟელკო ბრკიჩი (სერ) 09.07.86
71. პანაიტოს გლიკოსი 10.10.86
99. მარიოს სიამპანისი 28.09.99

მცველები
3. ლეო მატოსი (ბრა) 02.04.86
4. მარინ ლეოვაცი (ხორ) 07.08.88
13. სტელიოს მალეზასი 11.03.85
15. ხოსე-ანხელ კრესპო (ესპ) 09.02.87
18. დიმიტრის იანულისი 17.10.95
31. გიორგიოს ცაველასი 26.11.87
43. ფერნანდუ ვარელა (კაპ) 26.11.87
70. სტელიოს კუციუ 28.09.93

ნახევარმცველები
6. ალეკსანდროს ციოლისი 13.02.85
8. ხარილიოს ხარილისი 12.01.95
16. გოიკო ციმიროტი (ბოს) 19.12.92
21. დიეგო ბისესვარი (ჰოლ) 08.03.88
24. გარი როდრიგესი (კაპ) 07.12.94
27. იანის მისტაკიდისი 07.12.94
28 ევგენი შახოვი (უკრ) 30.11.90
34. ნიკოს კოროვესისი 10.08.91
77. დიმიტრიოს პელკასი 26.10.93
87. ხოსე კანიასი (ესპ) 27.05.87

თავდამსხმელები

9. ჟაირო და სილვა (ბრა) 06.05.92
10. ჯალმა კამპუში (ანგ) 30.06.87
14. ფაკუნდო პერეირა (არგ) 03.09.87
20. ეფტიმის კულურისი 06.03.96
33. სტეფანოს ათანასიადისი 24.12.88

მწვრთნელი:
ვლადიმირ ივიჩი (სერბეთი), 07.05.77

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
მაპატიეთ, მაგრამ იურაიბეკის ხელში არ გამოვა არაფერი. ვთქვი, სანამ ეგ იქნება მწვრთნელი სტადიონზე აღარ მივალ მეთქი, მაგრამ გული არ შვება. ისე რომ ვთქვათ, უნამუსობაა ის რაც სტადიონზე ვიხილეთ წინა მატჩში, არანაირი მონდომება... შე დალოცვილო ხალხი შენი თამაშის სანახავადაა მოსული და შენ დასეირნობ არაფრის გამკეთებელი, სადაა სინდისი... ან ეს იდიოტი მეკარე რატო შეარჩიეს, ეს დინამოა თუ კათარზისი????? დამიჯერეთ ისევ იმედგაცრუებულები დავრჩებით, მაგრამ გულს რა ვუყო? ალბათ წავალ. და ასეთ გულებს დალეწილს რომ გაუშვებ სახლში ამ ფეხბურთელებს რაღა უნდა მოჰკითხო!!!!!!!!!
giorgi
18 აგვისტო 2016 14:13
0
როგორ ველოდები ამ დღეს და რიცხვს.ზუსტად 18 აგვისტოს ქონდა დილას თამაში რაპიდთან და თხოვნით მოგმართედ თამაშის გადადებაზე მარა თქვენ ტოტენჰემი გყავდათ და განწირულები იყავით და უარი გვითხარით.ის თამაში გორში ფრე 1-1 მორჩა და იქაც უნამუსოთ დაგვწვით,ასე რომ დღეს ცოდვები მოგეწევათ გორელების არდამიბლოკოთ კომენტარი.
დილა გორი
18 აგვისტო 2016 14:09
0
15 წელია დავდივარ დინამოზე ყოველ ზაფხულს ერთი და იგივე ,იმედგაცრუება. ზაგრებთან რაც მოვიდა ხალხი იმაზე ბევრად ნაკლები მოვა დღეს , ხალხს იმედი არ აქ, მოგების კი არა ჯიგრიანი თამაშის იმედი არ აქ
Mishka
18 აგვისტო 2016 13:57
0
კარგი რა, რომელი ჯგუფური ეტაპის მოლოდინი?
ალეკსანდრე
18 აგვისტო 2016 13:24
0
ამატმა ჯერ ცვერის გაპარსვა ვერ ისცავლეს და ტამაშს როდის ისცავლიან
maradona
18 აგვისტო 2016 12:45
0
საერთოდ გოლის გატანას თუ შესძლებს დინამო?
MERO
18 აგვისტო 2016 12:04
0
ამდენი მოთამაშეები PAOK ს არ ჩამოუყვანია და თუ შემადგენლობას წერთ,დაწერეთ ის ვინც თბილისშია.
nugzari
18 აგვისტო 2016 12:01
0
1000000 მეტი ფეხბურთელია რეგიტრირებული ბრაზილიაში ღორებს თუ ენდობა ერთხელ პატარქალიშვილსაც მოუსმინოს
ჭაჭი
18 აგვისტო 2016 11:44
0
კარგით რა, რატომ ადარებთ ლეგიონერებს ერთმანეთს. აქაური ფეხბურთელების 90% დიდი სიამოვნებით გაიქცევა პირველივე შესაძლებლობისას საბერძნეთის პაოკზე ბევრად სუსტ გუნდებშიც კი. ამის ფონზე რატომ გგონიათ, რომ სხვაზე უკეთესი ლეგიონერები ჩამოვლენ?
Kote
18 აგვისტო 2016 11:42
0
ამდენი ნაგავი ლეგიონერების ჩამოყვანას, 1 ჩამოიყვანო და ჩისკოს დონის მაინც არ შეიძლება?!
დინამო
18 აგვისტო 2016 11:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული