დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3 - განწირულნი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჟურნალისტებს ხშირად გვსაყვედურობენ ზედმეტ ოპტიმიზმს და უმრავლეს შემთხვევაში მართლებიც არიან. ძალიან ხშირად არის ხოლმე, როცა ჩვენც გვჯერა ამა თუ იმ ქართული გუნდის წარმატებისა ევროტურნირების ნებისმიერ ეტაპზე და მართლაც რომ ყბადაღებული "მარადიული ოპტიმიზმით" ველოდებით იმას, რაც... არარეალურია!

ძალიან შორს არ წავალთ და მხოლოდ ამ ზაფხულის ამბებზე ვიტყვით: ჯერ იყო და, ზაგრების "დინამოსთან" საპასუხო მატჩის წინ განვეწყვეთ ოპტიმისტურად და, პირველ მატჩში ორბურთიანი მარცხის მიუხედავად, მაინც ჯიუტად ველოდით ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბისგან ისეთ რამეს, რაც რეალურად არ უნდა მოგვეთხოვა.

ანალოგიური სიტუაცია იყო ახლაც:
"დინამო" რომ აშკარად მოუმზადებელი ხვდებოდა ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს, ეს ცხადზე ცხადი იყო. თუმცა ამ შემთხვევაშიც არ დავარღვიეთ "ტრადიცია" და ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ პაოკ-თან მატჩის წინ მაინც ოპტიმისტური განწყობა შევიქმენით.

"ჯგუფური ეტაპის მოლოდინი" - ასე დავასათაურეთ "ლელოს" წინა ნომერში გუშინდელი მატჩის წინათქმა. არადა, რომელ ჯგუფურ ეტაპზეა ლაპარაკი - იმ ფეხბურთით, რაც გუშინ "დინამომ" აჩვენა, საერთოდ არ უნდა გაგვაკარონ ევროტურნირებს.

მერე აღარ უნდა გვიკვირდეს, რატომ გვაქვს ბერძნულ კლუბებთან კოშმარული ბალანსი, რომელიც გუშინ კიდევ უფრო გაუარესდა. და არც ის უნდა გვიკვირდეს, თუ რატომ დატოვა გუშინ გულშემატკივარმა (ძალიან დიდმა ნაწილმა) ტრიბუნები მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე...

ჰო, ბევრი რამ აღარ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ საკვირველიც რომ ბევრზე ბევრია?! ეგ კი არა, აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ...

"დინამო" ევროტურნირებისთვის მზად არ იყო!
ზაგრების "დინამოსთან" და განსაკუთრებით, გუშინ, პაოკ-თან მატჩებმა ნათლად დაგვანახვა, რომ თბილისის "დინამო" წლევანდელი ევროტურნირებისთვის მზად არ იყო.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას აშკარად გაგვიმართლა, როცა მეტოქედ ერთობ სუსტი სომხური კლუბი "ალაშკერტი" შეგვხვდა, თორემ სხვა შემთხვევაში, დანარჩენი ქართული გუნდების მსგავსად, ევროტურნირები "დინამოსთვისაც" საწყის ეტაპზევე დასრულდებოდა.

არადა, პირველად მაშინ გამოვთქვით ეჭვი, როცა ჩვენი ჩემპიონი უცხოური შეკრებიდან დაბრუნდა და ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ "დინამოს" სლოვაკი თავკაცი იურაი იარაბეკი თითქმის ყველა საკონტროლო მატჩში წამდაუწუმ ცვლიდა შემადგენლობას და გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ძირითად თერთმეტეულზე.

ეს ეჭვი, სამწუხაროდ, ევროტურნირების მატჩებში გამართლდა, ისევე, როგორც ამ ზაფხულს გუნდში მიყვანილი ლეგიონერების კვალიფიკაციის მიმართ გამოთქმული ეჭვები მართლდებოდა თითქმის ყველა მატჩში.

ჰო, თითქმის და არა - ყველა შეხვედრაში. პაოკ-თან მატჩის განაცხადში ვერც სტეფან ველევი ვიხილეთ (ოფიციალური ვერსიით, "ალაშკერტთან" პირველი მატჩის შემდეგ ვარჯიშზე დაშავებულა), ვერც მატია შპიჩიჩი (ჩემპიონატის წინა ტურში ტრავმის გამო რომ შეცვალეს) და ვერც ფართოდ რეკლამირებული მატიას კურიე, რომელიც, ასევე ოფიციალური ვერსიით, "გურიასთან" მატჩის შემდეგ ვარჯიშზე დაშავდა.

ანუ გუშინდელი მატჩის წინ კურიოზული სიტუაცია შეიქმნა - "დინამოს" სათადარიგოთა სკამზე ორი ისეთი ახალგაზრდა იჯდა, ევროტურნირებზე კი არა, ჩვენს ჩემპიონატშიც კი თითზე ჩამოსათვლელი მატჩების რაოდენობა აქვს ჩატარებული: 20 წლის თორნიკე კირკიტაძე (წინა სეზონში "ჩიხურაში" იყო განათხოვრებული, "დინამოში" კი არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია) და 18 წლის ბექა მიქელთაძე (1 მატჩი წინა სეზონში, იმის წინაში კი "ზესტაფონის" შემადგენლობაში რამდენჯერმე შევიდა შეცვლაზე). აი, 19 წლის გიორგი ზარიას კი ერთი მატჩიც კი არ უთამაშია საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში!

კი ბატონო, უიღბლობაც უნდა ვახსენოთ - "დინამოს" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ლადო დვალიშვილი ტრავმის გამო გუშინდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვერ იყო. ამანაც განაპირობა სრულიად გამოუცდელი ბიჭების განაცხადში მოხვედრა.

ისიც სათქმელია, რომ "ალაშკერტთან" თბილისური მატჩის შემდეგ გუნდი თავის საუკეთესო ბომბარდირს (გიორგი ქვილითაია) რომ გაყიდის, წინა სეზონში გუნდის ნომერ პირველ ფეხბურთელს, ალექსანდრე იაშვილს, ღირსეულს კი არა, ოდნავ მიახლოებულ შემცვლელს რომ ვერ მოუძებნის, გუნდი რომ ნორმალურ ლეგიონერს ვერ მოიყვანს, მაშინ ასეთ გუნდს რატომ უნდა მოვთხოვოთ ევროპალიგის (მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის) ჯგუფურ ეტაპზე გასვლა?

ისევე, როგორც არ უნდა მოსთხოვოთ რაიმე სერიოზული წარმატება გუნდს, რომელსაც, უკაცრავად ასეთი მკვეთრი შეფასებისთვის და, ჩემი აზრით, საეჭვო კვალიფიკაციის სპეციალისტი წვრთნის?!. სპეციალისტი, რომლის "დამსახურებაც" თურმე ის ყოფილა, რამდენიმე წლის წინ ევროპალიგაზე "ზესტაფონს" რომ აჯობა მისმა "ტრნავამ", ან საერთოდაც - რომლის თბილისის "დინამოში" მოყვანა ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ბოლო წლების ერთ-ერთ დიდ შეცდომად მიმაჩნია.

ეს სიტუაცია გვაგონებს ორი წლის წინანდელ ისტორიას, როცა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი დაინიშნა, ახალწვეული ფეხბურთელები კი მისი თანამემამულე რადეკ დოსოუდილი და ორი ვეტერანი ესპანელი - რაფა ჯორდა და რაფა გარსია გახლდნენ.

მაშინაც თითქმის იგივე სურათი იყო - უცხოურ შეკრებაზე ყოფნის დროს ბილეკი ყველა საკონტროლო მატჩში ტაქტიკურ სქემას ცვლიდა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ვერაფრით გაერკვა, არჩევანი რომელზე შეეჩერებინა. აღარაფერს ვამბობთ იმდროინდელ ვითომ ლეგიონერებზე, "აქტობესთან" სამარცხვინოდ წაგებული მატჩების შემდეგ აქედან წასვლა რომ მოუწიათ...

არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს აცლიან იარაბეკს, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ "დინამო" ისე თამაშობდა, გეგონებოდა, მწვრთნელი საერთოდ არ ჰყავსო.

ტრავმების გამო მას კორექტივების შეტანა მოუხდა შემადგენლობაში და ალბათ, ამიტომაც გაამწესა ცენტრფორვარდად გიორგი პაპუნაშვილი. თუმცა სტუმართა პირველი გოლის შემდეგ პაპუნაშვილი მარჯვენა გარემარბად გადაიყვანა, ცენტრფორვარდად კი... ოთარ კიტეიშვილი დააყენა, რომელსაც რა უნდა მოემოქმედა პაოკ-ის ათლეტური და სახელიანი ცენტრალური მცველების დუეტისთვის (ხოსე კრესპო-გიორგიოს ცაველასი)?

არანაკლებ გასაკვირი იყო ისიც, როცა ტანმორჩილი კიტეიშვილის მისამართით თანაგუნდელები მაღალ გადაცემებს აკეთებდნენ... მოკლედ, "დინამოს" გუშინდელ თამაშს ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ, გარდა გუნდური თამაშისა.

...მატჩის წინათქმაში ვახსენეთ, რომ პაოკ-ი წინა სამ სეზონში ზედიზედ გადიოდა ევროპალიგის პლეი ოფებში, ახლა მეოთხედაც გავა და დამსახურებულადაც. გუშინ ბერძნულმა კლუბმა აკადემიური ფეხბურთი შემოგვთავაზა და როგორც კი სისწრაფეს მოუმატებდა, მაშინვე ხიფათი იქმნებოდა ჩვენს კართან.

ახლა "სტანდარტულები"? პირველი და მეორე გოლი ხომ კუთხურებს მოჰყვა, რომელსაც გარი როდრიგესი ასრულებდა და რომელიც აშკარად ვარჯიშებზე იყო დამუშავებული.

მესამე გოლს აღარ იკითხავთ? "ფეიენოორდის" ყოფილმა ნახევარმცველმა ისეთი სპრინტით ჩაუქროლა ლამის მთელ "დინამოს", რიოს ოლიმპიადაზე მონაწილე ბევრ მძლეოსანს რომ შეშურდებოდა და არგენტინელმა ფაკუნდო პერეირამაც ეს გარბენი ეფექტური გოლით გააგრძელა...

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პაოკ-ის სერბმა მწვრთნელმა ვლადიმირ ივიჩმა პირწმინდად მოუგო ტაქტიკური დუელი იარაბეკს. მან გუშინ ზუსტად ის 11 ფეხბურთელი დააყენა ძირითადში, ვინც "აიაქსის" წინააღმდეგ საპასუხო შეხვედრაში ათამაშა. ანალოგიური იყო ტაქტიკური განლაგებაც (4-3-3), თან კიდევ თავს უფლება მისცა, გამოცდილი და ცნობადი ახალწვეულები (ჟელკო ბრკიჩი, ხოსე კანიასი, დიეგო ბისესვარი) სკამზე დაესვა, ისევე, როგორც საბერძნეთის ნაკრების გამოცდილი მცველი სტელიოს მალეზასი.

იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ თბილისში საერთოდ არ ჩამოსულა პაოკ-ის კიდევ სამი ძირითადი ფეხბურთელი - ფერნანდო ვარელა (კაპე ვერდე), ალექსანდროს ციოლისი და ალბანეთის ნაკრების წევრი ერგის კაცე.

დიახ, ერთი კვირის შემდეგ სალონიკში საპასუხო მატჩია, თუმცა ამ წყვილში უკვე ყველაფერი გარკვეულია.

"დინამოში" ბევრი რამ გასარკვევი და შესაცვლელია. თან არც იმის მტკიცება იქნება სწორი, თითქოს ფიასკოს უმთავრესი მიზეზი იარაბეკია. ამ ყველაფერს განსჯა და სწორი ანალიზი სჭირდება!

მატჩის შემდეგ:
იურაი იარაბეკი: ძალიან მიჭირს საუბარი - შედეგი არაობიექტური იყო...
ვლადან ივიჩი: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, წინ მეორე მატჩია!

ევროპალიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩი
18.08. თბილისი. "დინამო არენა". 15 000 მაყურებელი
დინამო (თბ)-პაოკ-ი 0:3
გოლები: 0:1 მატოსი (20), 0:2 კრესპო (71), 0:3 ფერეირა (83)
დინამო (4-2-3-1): სკრიბე - ლობჟანიძე (58. თევზაძე), ამისულაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე - ცინცაძე (70. ალვარო), პარუნაშვილი - ჯიღაური, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი - პაპუნაშვილი (63. დვალიშვილი).
სათადარიგოები: ლომაია, კირკიტაძე, მიქელთაძე, ზარია.
პაოკ (4-3-3): გლიკოსი - მატოსი, ცაველასი, კრესპო, ლეოვაცი - ხარისისი (46. კანიასი), ციმიროტი, შახოვი (68. ბისესვარი) - როდრიგესი, ათანასიადისი, ჯალმა კამპოსი (81. ფერეირა).
სათადარიგოები: ბრკიჩი, კიციუ, მალეზასი, მისტაკიდისი.
გაფრთხილება: მატოსი (56), რენე ფერეირა (69), პარუნაშვილი (77)
არბიტრი: ლ. ლიანი (ისრაელი)

სტატისტიკა
12 კარში დარტყმა 11
5 ზუსტი დარტყმა 4
5 კუთხური 7
4 თამაშგარე 1
16 ჯარიმა 11
47% ბურთის ფლობა 53%.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 43 /
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რო საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ამის შემდეგ რაღა უნდა ვიფიქროთ ქართულ ფეხბურთზე, გამოდის რომ კობიაშვილმა ფეხბურთს პოლიტიკოსობა ამჯობინა. ანუ ჩათვალა რომ ქართული ფეხბურთს არაფერი ეშველება და ცხოვრების აწყობაზე დაიწყო ფიქრი.
zaza
20:03 19-08-2016
0
ნაღდად ვიცი 19 წ როგორ ყავტ შეყრილი ფეხბურთელები ეს იმის შვილი ეს იმან მოიყვანა ეს ფედერაციიდან დარეკეს ისე შეკრიბეს მამა ღმერთი რო მივიდეს და კარგად თამაშობდეს ვერ მიიღებენ იმისიანს ამისიანს ხო ვერ შეეხებიან ამიტომ არის ქართული ფეხბურთი ამ დღეში
goga
19:54 19-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული