სოჭელების, ვალიკოსა და ჯიჯის ამბები - უცნობი ქართველები უეფას იუნიორთა ლიგაზე

AutoSharing Option
უეფას იუნიორთა ლიგა გახურდა და მალე საგაზაფხულო ეტაპის მონაწილეები გამოვლინდებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" 19-წლამდელები 29 სექტემბერს, "დინამო არენაზე", ყაზახურ "ქაირათთან" 0:3 დამარცხდნენ და რევანშის აღებას 19 ოქტომბერს, ალმათიში ეცდებიან. ამ წყვილის გამარჯვებული 2 და 23 ნოემბერს "ზალცბურგი"-"ვარდარს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

ტურნირზე ქართველებთან დაკავშირებული კიდევ ერთი გუნდი მონაწილეობს - ტირასპოლის "შერიფი", რომელსაც ახალგაზრდა სპეციალისტი შოთა მახარაძე ავარჯიშებს. მაგრამ თბილისელების არ იყოს, მოლდოვის 19-წლამდელთა ჩემპიონის საკითხიც მძიმედაა, რადგან პირველ ტურში რუმინულ "ვიტორულთან" 1:4 დამარცხდა.

შემდეგ წრეში გასვლის კარგი შანსი აქვს ჰაიფას
"მაკაბის", რომელმაც პირველ შეხვედრაში სოლიგორსკის (ბელარუსი) "შახტიორი" 5:0 დაამარცხა და საპასუხო მატჩს დამშვიდებული ელოდება. ჰაიფელთა განაცხადში 27-ე ნომრით 17 წლის ჯიჯი დარასელია მოხვდა. ის ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ვაჟია.

ჯიჯი ისრაელში დაიბადა და გაიზარდა, ისრაელის მოქალაქე და ამ ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. ამ გუნდის სახელით მან 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშიც ითამაშა, თან ექვსივე მატჩი - შეუცვლელად. სოლიგორსკელებთან ის განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზეა გასული მოსკოვის "დინამოც", რომლის განაცხადში 16 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჭელიძე მოხვდა. ის რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების წევრია და სექტემბერში გამართულ შესარჩევ ციკლში ორჯერ ითამაშა - ერთხელ შეცვლაზე, ერთხელაც - ძირითადში და ელიტრაუნდში გავიდა. გიორგი მოსკოველთა სატურნირო განაცხადში 35-ე ნომრითაა, მაგრამ აზერბაიჯანელებთან სამატჩო ოქმში ვერ მოხვდა.

მოგეხსენებათ, იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში გუნდები ორი გზით ხვდებიან: ნაწილი პლეიოფებით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულთა 19-წლამდელები კი დიდების ანალოგიურ ჯგუფებში ნაწილდებიან.

ასე მაგალითად, მოსკოვის ცსკა E ჯგუფში "მონაკოსთან", "ლევერკუზენსა" და "ტოტენჰემთან" ერთადაა. ჭაბუკმა არმიელებმა გერმანელებთან 1:2 წააგეს, ინგლისელებთან 3:2 იმარჯვეს, დღეს კი "მონაკოს" მასპინძლობენ. მათ განაცხადში ქართველების აღლუმია - ნიკიტა მასხარაშვილი, ვლადიმირ (ვალიკო) კობახიძე და დათო კვატანია.

17 წლის მასხარაშვილი ნახევარმცველია და "ლევერკუზენთან" მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა, "ტოტენჰემთან" კი განაცხადში არ იყო. 2014 წელს ის რუსეთის 15-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და უნგრეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა კიდეც. ახლახან, ნიკიტა 18-წლამდელების სიაშიც მოხვდა, მაგრამ რუსეთის ნაკრებში საფრანგეთის საერთაშორისო ტურნირზე არ ათამაშეს.

კვატანია და კობახიძეც 17-17 წლისანი არიან და ორივე ნახევარმცველია. ისინი ჯერ მხოლოდ ცსკა-ს სატურნირო განაცხადში მოხვდნენ.

კობახიძე სოჭელია და საფეხბურთო სკოლა "მონოლითის" გაზრდილია, სკოლის მთავარი მწვრთნელი კი მამამისი, ივანე კობახიძე გახლავთ. იყო რუსეთის 15-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2015 წელს იტალიის საერთაშორისო ტურნირზე არმიელთა რიგებში ითამაშა, გაიმარჯვა და საუკეთესო ცენტრალური ნახევარცველის პრიზიც მიიღო.

მისი ბავშვობის მეგობარია კვიტანია, რომელიც ასევე სოჭელია და კობახიძესთან ერთად "მონოლითში" იზრდებოდა.

ეს მცირე ნაწილია იმ ქართველებისა, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ. არავინ უწყის, ხვალ რომელი მათგანი დაწინაურდება და აალაპარაკებს საფეხბურთო სამყაროს. ჩვენი ვალი კი მათთვის ყურადღების მიქცევაა. მართლაც და, ვინ იცის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერაბ ჯიგარი ხარ. მსგავს თემებზე რომ მუშაობ და აძლევ ინფორმაციას ფედერაციას, ნაკრების მწვრთნელებს.
საინტერესო სტატია იყო,მადლობა ავტორს. იმედია დაინტერესდებიან შესაბამისი პირები ამ ფეხბურთელების არსებობით.
georgian
18:23 18-10-2016
0

სიახლეები პოპულარული