ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?! ქართულ კლუბებს ევროტურნირების მიღმა დარჩენა ემუქრებათ

AutoSharing Option
გასული საუკუნის 90-იან წლებში ფეხბურთში შეჭრილმა კომერციალიზაციის პროცესმა დიდი შემოსავლები გააჩინა, მილიარდები დატრიალდა და მსოფლიოს საკლუბო გრანდებმა ფულს ისეთი გემო გაუგეს, მისი გამრავლება მოინდომეს და ეს ბუნებრივია.

ევროპის 14 უმდიდრესი კლუბის გაერთიანება - G14 სწორედ მაშინ დაიბადა...

გვიშველის თუ არა ჩეფერინის პრინციპულობა?
ისინი ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდნენ, რომ უეფასგან დამოუკიდებლად ცალკე ტურნირი დაეარსებინათ, რაც შემდეგ ევროპის ერთიანი, ოღონდ დახურული ლიგის იდეაში გადაიზარდა. ცხადია, მდიდრებს ღარიბების გვერდით თამაში არ სურდათ - მათ მილიარდებს მხოლოდ ერთმანეთთან შეხვედრა მოუტანდათ, თორემ "ბარსელონა"
რომელიმე ქართულ გუნდს რომ ეთამაშოს, ცხადია, "კამპ ნოუ" არ შეივსება, იმდენი რეკლამას არ მიიზიდავს და იმდენ პროდუქტი ვერ გასაღდება, როგორც მაგალითად, "ბარსელონა"-"ბაიერნის" მატჩზე.

იმ პერიოდში ფრანც ბეკენბაუერმა სანაკრებო ტურნირებზე თქვა - გრანდები (გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი) სუსტი ნაკრებების (ალბანეთი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა) გვერდით არ უნდა თამაშობდნენ, მათ ეს უნდა დაიმსახურონო. გერმანელმა ორიარუსიანი სანაკრებო ჩემპიონატების იდეა წამოაყენა - უფრო არადემოკრატიული სტრუქტურა მხოლოდ რაგბიშია, სადაც "6 ერი" სხვა ქვეყნებს ახლოს არ იკარებს.

ერთზეც და მეორეზეც ქართველი გულშემატკივარი ბრაზობდა, მაგრამ გლობალიზაცია მთელი თავისი სიძლიერით გვიახლოვდება და მასთან ერთად, G14-ის ჩანაფიქრის განხორციელება უფრო რეალური ხდება, ოღონდ, უფრო ფართო მასშტაბით.

ბობოლების წარმომადგენლებმა ამღვრეული წყლით ისარგებლეს და უპრეზიდენტოდ დარჩენილი უეფა 2018/19 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის რეფორმაზე დაითანხმეს. შედეგად, ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილიდან 16-ს გრანდები წარმოადგენენ. 4-4 გუნდით ავტომატურად მონაწილეობის უფლება დართეს უეფას რეიტინგში საუკეთესოებს - ესპანეთს, გერმანიას, ინგლისსა და იტალიას. ეს, ფაქტობრივად, G14-ის იდეების განხორციელებაა.

უეფას თავკაცად არჩევის შემდეგ ალექსანდერ ჩიფერინი პირველივე პრესკონფერენციაზე უეფასა და კლუბების გაერთიანების ახალ ინიციატივებს კატეგორიულად შეეწინააღმდეგა.

"უეფას ხელმძღვანელები ამ რეფორმებზე ისე დათანხმდნენ, მხოლოდ ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის კლუბების ინტერესები გაითვალისწინეს. გადაწყვეტილება ყველას ნაცვლად მხოლოდ მცირე ჯგუფმა მიიღო.

ორგანიზაციაში იყო იდეა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპები გაუქმებულიყო და ტოპ-ჩემპიონატების საუკეთესო კლუბებისთვის ფიქსირებული კვოტა დაეწესებინათ. თავის მხრივ, კლუბების გაერთიანება ერთიანი ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბებას აპირებს, სადაც სხვა ქვეყნების გუნდები ვერ მოხვდებიან.

ერთიც და მეორეც უეფასა და ტოპ-კლუბებს შორის ომს გამოიწვევს. ასე რომ, მათზე ლაპარაკიც გამორიცხულია.

საერთოდ, აუცილებელია, ბოლო მოეღოს ორგანიზაციაში არსებულ ბუნდოვანებასა და კერძო ინტერესების გატარებას. ამიტომ, ჩემთვის ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფორმატის შეცვლის საკითხი პრიორიტეტულია. მთავარი ფეხბურთია, პოლიტიკა კი ყველამ უნდა დავივიწყოთ. ფეხბურთი არის ის იდეალი, რომლისთვისაც მზად ვარ, ჩემი ცხოვრებაც შევცვალო", - ამბობდა ჩეფერინი.

"ლელო" უკვე წერდა, რომ მდიდრებს შემოსავლების ღარიბებისთვის გაყოფა აღარ სურთ. მათ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატიც აღარ აკმაყოფილებთ. ამიტომ, ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) ბოლო კონგრესზე მორიგი რეფორმის პროექტი დაამტკიცეს, რომელიც მთლიანად მათ ინტერესებზეა მორგებული.

კლუბების გაერთიანება ჩეფერინის განცხადებებმა გააღიზიანა და ულტიმატუმიც წამოაყენა: ან რეფორმირების იდეაზე უარს იტყვი, ან უეფას გამოვეყოფით, საკლუბო ტურნირების დღეებში ვითამაშებთ და შემოსავალს დაკარგავთო.

არავინ იცის, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში...

"ლელო" იმაზეც წერდა, რომ მეორე ეშელონის ქვეყნებმა ალტერნატიული ლიგის შექმნის იდეა წამოაყენეს. ჯგუფის ლიდერმა, დანიური "კოპენჰაგენის" სპორტულმა დირექტორმა ანდერს ჰორსჰოლტმა შოტლანდიის, ჰოლანდიის, ბელგიის, ნორვეგიისა და შვედეთის კლუბებთან დაიწყო მოლაპარაკებები ახალი გაერთიანების, "ატლანტიკის ლიგის" დასაფუძნებლად.

მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი თუ განხორციელდა, და დიდი ალბათობით ასეც იქნება, რა ეშველება ქართულ საკლუბო ფეხბურთს?

ამ საკითხზე გავესაუბრეთ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს, რომელიც ევროპის საკლუბო ასოციაციის კონგრესებს ესწრებოდა:

- ეს აქტუალური თემაა და როგორც "ჩიხურას" წარმომადგენელი, ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) კონგრესს მეც დავსწრებივარ. 3 წლის წინათ, თბილისში რამდენიმე დღით ECA-ს პრეზიდენტის კარლ-ჰაინც რუმენიგეს მოადგილე, პოლონელი ოლივიე იაროში ჩამოვიდა. ECA, ფაქტობრივად, G14-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა და უეფამ ამ ორგანიზაციის მიერ წამოყენებული თითქმის ყველა პროექტი განახორციელა.

იაროშისგანაც და კონგრესებზეც ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ.

- კონკრეტულად?
- პატარა ქვეყნები ვხვდებით, რომ ჩვენი ფეხბურთი გლობალიზაციამ ჩაძირა. როცა ტელევიზიით "ბარსელონას", "რეალის", "ბაიერნის", "მანჩესტერის", "მილანისა" და პსჟ-ის სპექტაკლების დარი თამაშების ცქერა შეგვიძლია, ცხადია, ამ დროს ძნელია, საქართველოს, მოლდოვისა და ასეთი ქვეყნების ჩემპიონატებზე დასწრების სურვილი გაგიჩნდეს.

საერთოდ, მაყურებელს სტიმული სჭირდება: აბა, სად თბილისის "დინამოს" სახელი და სად - კიშინიოვის "ზიმბრუსი". მაგრამ მოლდოველებთან ევროპის ლიგის მატჩზე ბევრად მეტი მაყურებელი გვყავდა. ეს სპეციფიკური საკითხია - ადამიანს თავისი გუნდის საერთაშორისო დაპირისპირების ცქერა ურჩევნია.

ასე არ იყო საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც II ლიგის მატჩებს ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე ჩვენს ჩემპიონატს?

- დანია, შოტლანდია, ჰოლანდია, ბელგია, ნორვეგია და შვედეთი ევროპის მეორე ეშელონის ქვეყნებია და ალტერნატიული ლიგის შექმნის შემთხვევაში, დამფინანსებლები გამოუჩნდებათ, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როცა ევროპის მესამე თუ მეოთხე ეშელონს განვეკუთვნებით?
- ყველაფერი შემოსავლების ზრდისკენ მიდის, გლობალიზაცია კი თავისას შვება. თუკი ევროპის კლუბების ასოციაცია (ECA) შეძლებს, რომ TOP20 კლუბი დამოუკიდებლად გავიდეს, უეფა შემოსავლების 80 პროცენტს დაკარგავს. ამიტომ, რეგიონული ჩემპიონატების იდეა ურიგო არ არის.

მაგრამ მე არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვისთან ერთად ვითამაშებთ. მაგალითად, კავკასიის ჩემპიონატი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო გამორიცხულია.

- ისიც გვახსოვს, რომ 5 წლის წინათ ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის გაერთიანებული ლიგის იდეა გაჟღერდა, რაც აზერებმა და ყაზახებმა უარყვეს, ქართულ კლუბებთან თამაში არ გვაინტერესებსო...
- ესაა სწორედ სამწუხარო, რომ არავის ვაინტერესებთ. არავინ უწყის, გრანდების გამოყოფის შემთხვევაში მსოფლიოს საკლუბო ფეხბურთში რა მოხდება და ქართულ ფეხბურთს რა ელის. მთავარია, ევროპელებთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს, ანალიტიკური ჯგუფები ავამუშავოთ და გავიგოთ, საით მიდის ფეხბურთი და ჩვენ რა გავაკეთოთ. ცოდნა და ინფორმირებულობა გამოსავალს მოგვაძებნინებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
აზიის ჩემპიონატში რას ამბობ,გავგლიჯავთ შუაზე ყველას :)ტრანსფერმარკტზე შედით,იქ ინგლისის,გერმანიის,ესპანეთის გუნდები განლაგებულია შემოსავლის მიხედვით და მერე სატურნირო ცხრილი ნახეთ-ზალიან დიდ მსგავსებას შეამჩნევთ. ლესტერის საოცრებაზე რო იძახიან-200 000 000 გირვანქაზე მეტი ჰქონდა ბიუჯეტი შარშან-დინამოს 2000000 აქვს :)ისიც ევრო,არაფერს ვიძახი ზესტაფონზე,ქუთაისზე .........
Kotes
15:27 27-10-2016
0
კარგი იდეაა კავკასიის ჩემპიონატი სპმხურ აზერბაიჯანული კონფლიქტი რომ არ იყოს,ფინანსური ინტერესიც გაჩნდება და ქართულ კლუბებს სპონსორიც გამოუჩნდება და ამდენი თაობა აღარ დაიკარგება...ძალიან სწორად იქცევიან სკანდინავიელებიც დაგრანდებიც არა და წესით ჩვენნაირი ქვეყნები უნდა აკეთებდნენ ამას !!!
0

სიახლეები პოპულარული