ილია რუხაძე: სანამ "დინამოს" არ ეშველება, ქართული ფეხბურთი წინ ვერ წავა...

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია რუხაძე მარჯვნიდან პირველი

ილია რუხაძეს თბილისის "დინამოში" დიდხანს არ უთამაშია, მაგრამ კვალი კი ღირსეული დატოვა. თუნდაც ის რად ღირს, რომ "დინამოს" 1978 წლის საჩემპიონო სეზონში შეეშველა, იყო საბჭოთა კავშირის ასაკობრივი ნაკრებების წევრი, მათი კაპიტანი, ჰქონდა დიდი პერსპექტივა...

ღირსების ორდენის კავალერმა ადრე დაასრულა აქტიური საფეხბურთო კარიერა, მაგრამ ფეხბურთზე ფიქრი და საყვარელ "დინამოზე" ზრუნვა წამითაც არ მიუტოვებია.

ილია რუხაძის სახელს უკავშირდება "დინამოს" ბაზაზე საფეხბურთო კლუბ "თბილისის" ჩამოყალიბება, რომელშიც საქართველოს ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა.

ბატონ ილიას ვაჟი იყო თორნიკე რუხაძე -
"თბილისის", "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მარჯვენა მცველი, ვინც ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან...

- ბატონო ილია, უნდა გთხოვოთ ფეხბურთში თქვენი პირველი ნაბიჯების გახსენება...
- მოგეხსენებათ, ადრე საბჭოთა კავშირში იმართებოდა ტურნირი "ტყავის ბურთის" პრიზზე. ყველაფერი იწყებოდა უბნის პირველობიდან. ჩემი ისტორიაც სწორედ აქედან დაიწყო. უფროსებში ვთამაშობდი, 1957-იანებში. ჩვენს გუნდს ერქვა "მერცხალი". მის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა პედაგოგ-ორგანიზატორმა ეთერ ჟვანიამ. გაკეთდა გუნდი. ორი წლით დიდებში ვითამაშე. საკავშირო პირველობამდე მივედით და სვერდლოვსკში მესამე ადგილი დავიკავეთ. 35-ე სკოლაში ანზორ იობაშვილი და თენგიზ მელაშვილი მავარჯიშებდნენ. სწორედ ამ ლეგენდარულ სკოლაში გავიზარდე. ამას მოჰყვა გადასვლა ყველასთვის საოცნებო თბილისის "დინამოში".

- ეს ამბავი როგორ მოხდა?
- ერთ დღეს თენგიზ მელაშვილი და ვოვა ელოშვილი მოვიდნენ ჩემთან სახლში. მამა იკითხეს ჯერ და მერე მე დამიძახეს, საქმე გვაქვსო. სხედან და იღიმებიან - "დინამოში" ხარ მიწვეული გასინჯვაზეო.

ვინ დაიჯერებდა? მაშინ "დინამო" სულ სხვა სიმაღლე იყო, იოლად ვერ წარმოიდგენდი იქ მოხვედრას... მივედი მეორე დღეს ბაზაზე. ცხონებულმა ნოდარ ახალკაცმა იცოდა ასეთი ლაპარაკი:

რა გინდა, რატომ მოხვედიო, მეკითხება. ერთ წამში კინაღამ გული გამისკდა, მაგრამ მერე მოვედი აზრზე და ვუთხარი, რა უნდა მინდოდეს, ფეხბურთის თამაში მინდა-მეთქი. მთავარი "დინამო" ეთამაშება დუბლებს. ცენტრალურ მცველად დამაყენეს. თავი არ შემირცხვენია. თამაში რომ მორჩა, ახალკაცმა მკითხა - რომელწლიანი ხარო? 59-იანი ვარ-მეთქი.

ისე გამოცდილივით ითამაშე, მგონი, 49-იანი ხარო, გამეხუმრა... მთელი 1976 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში ვიყავი. "არარატთან" თასის ფინალი რომ მოიგო "დინამომ", ეს ამბავიც უცხოეთში გავიგე. სან-რემოს ტურნირზე ვითამაშე ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში.

იქიდან დავბრუნდი და იმ წელსვე დუბლშემადგენლობაში 7 მატჩი ჩავატარე. იმ დროს დინამოელობა განსაკუთრებული პატივი იყო...

- ძირითად შემადგენლობაში პირველ მატჩს როგორ იხსენებთ?
- 1978 წელი იყო. ის პერიოდია, უკვე ძირითადი შემადგენლობის კარზე რომ ვაკაკუნებ. ცსკა-სთან გვქონდა გასვლითი თამაში მოსკოვში. მანამდე, ნოდარ ხიზანიშვილი დაშავდა თბილისში "ლოკომოტივთან" სათასო შეხვედრაში. გათენდა დილა და ვხედავ, რომ არ ვარ ძირითად შემადგენლობაში. სკამზე ვიჯექი იმ თამაშის განმავლობაში, მაგრამ ესეც კი დიდი ბედნიერება იყო. მოვფრინავთ თბილისში. აეროპორტში შეფერხება იყო. სერგო კუტივაძემ, ნოდარი გეძახისო. მივედი და მეკითხება - წუხელ გეძინაო? მართლა არ მძინებია. ან რა დამაძინებდა? ამიტომ არ დაგაყენე ძირითადში. ახლა მოემზადე შემდეგი თამაშისთვის, ძირითადში იქნებიო...

ასეთი იყო ახალკაცი - უდიდესი მწვრთნელი, ფსიქოლოგი... "ლოკომოტივთან" უკვე ჩემპიონატის შეხვედრა გვაქვს და ეს მატჩი მართლაც ძირითადში დავიწყე. მარჯვნივ გოჩა მაჩაიძე იყო დაცვაში, მარცხნივ - მე. ისევ ცოტა მეძინა ღამით. ავდექი დილით და ჩავიპარე ბაზაზე იმ ადგილას, სადაც შემადგენლობას აკრავდა ხოლმე ახალკაცი.

ძირითადში ვნახე ჩემი თავი და სასწრაფოდ დავიძინე. შემეშინდა, კიდევ რამე არ შემატყოს-მეთქი.

სხვათა შორის, ნოდარმა გადამწია მარცხნივ. ცენტრალური მცველი ვიყავი მანამდე... მაშინ დუბლების თამაშზე 20 ათასი კაცი დადიოდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თამაში მაინც სხვა იყო.

გავედი 80 ათასი ქომაგის წინაშე და ნერვიულობა ვიგრძენი. ჩემი გვარი რომ გამოაცხადა დიქტორმა, კანტიკუნტად იყო ტაში. მერე და მერე გავშინაურდი მეც და, ალბათ, ხალხიც დარწმუნდა, რომ რაღაც შემეძლო. მერე მოხდა ის, რისი გახსენებაც აღარ მინდა...

- ოდესაში მიღებულ ტრავმას გულისხმობთ, რომელმაც დაღი დაასვა თქვენს კარიერას?
- ფაქტობრივად, აქ დამთავრდა ჩემთვის დიდი ფეხბურთი. მახსოვს, თამაშგარე გაატარა მსაჯმა, უნდა მიმესწრო ბურთისთვის. დროულად გავედი, მივასწარი და... ფეხი გადამიტყდა.

- მერე აღარ სცადეთ დაბრუნება?
- კი, ერთი თამაში ვითამაშე "დინამოს" ძირითადში, ცსკა-სთან. 1979 წელი იყო. მე ასე ვფიქრობდი მაშინ - თუ თამაშობდი, უნდა გეთამაშა თბილისის "დინამოში". კი, მიდიოდნენ რეგიონის გუნდებში და მეტსაც იღებდნენ, მაგრამ ეს ხდებოდა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

- გული ბევრ რამეზე გწყდებათ?
- ჩემზე ამბობენ, დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშაო. მე მიმაჩნია, რომ ვითამაშე დიდი ფეხბურთი თუნდაც იმიტომ, რომ დიდი ვარსკვლავების გვერდით ვიყავი - დავით გოგია, დავით ყიფიანი, შოთა ხინჩაგაშვილი, ვოვა გუცაევი, ვახო კოპალეიშვილი... მინდორზეც და მინდვრის გარეთაც სიტყვა ეთქმოდათ... ეგაა, დიდხანს ვერ ვითამაშე მათ გვერდით. რომ არა ის ტრავმა, 1981 წლის ტრიუმფი, დიდი ალბათობით, გვერდს ვერ ამიქცევდა. მართლა კარგ ფორმაში ვიყავი და ვგრძნობდი, როგორ ვუმატებდი... სამწუხაროდ, არ დამცალდა...

- დავით ყიფიანის გახსენება უნდა გთხოვოთ...
- უდიდესი პიროვნება იყო. მახსოვს, ძირითადში რომ უნდა მეთამაშა პირველად, მეტოქე ისე გამიშიფრა, ყველაფერი ვიცოდი მინდორზე გასვლამდე... სიკეთით სავსე ადამიანი იყო, იუმორის განსაკუთრებული გრძნობით.

- "დინამოს" დაღმასვლა რატომ დაიწყო?
- ჩემი აზრით, ეს პროცესი რომ დაიწყო, იქვე დაიწყო მთლიანად ქართული ფეხბურთის დაღმასვლაც. ვიტალი აღარ იყო უკვე, ფეხბურთელები დაიფანტნენ. ზოგი სად წავიდა და ზოგი - სად... მანუჩარის წასვლაც, მგონი, არ იყო გამართლებული. დათო ყიფიანმა ნაადრევად დაანება თავი ფეხბურთს.

ახალი თაობა უდავოდ ნიჭიერი იყო, მაგრამ ამხელა ტვირთის ზიდვა გაუჭირდათ. მაშინდელი "დინამო" "რეალისა" და "ბაიერნის" დონის გუნდი იყო.

- ახლა ის პერიოდი გაიხსენეთ, "თბილისს" რომ პატრონობდით...
- მას შემდეგ, რაც ფეხბურთიდან წავედი, როგორც შემეძლო, ისე ვიდექი თბილისის "დინამოს" გვერდით, ჩემს მეგობარ ნიკა ივანიშვილთან ერთად. "დინამოს" ბაზაზე შეიქმნა ახალგაზრდული და სიმპათიური გუნდი - "თბილისი". გუნდის სამწვრთნელო შტაბში იყვნენ ბორის სიჭინავა და რამაზ მუმლაძე. გუნდში არაერთმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელმაც მოგვიანებით მოირგო საქართველოს ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრების მაისურა - ლადო ბურდული, ზურაბ ხიზანიშვილი, რეზო ქემოკლიძე, ლევან მელქაძე, ოლეგ გველესიანი, გიორგი მიქაძე... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

- "დინამოში" ბევრი იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც თქვენსავით ვერ გამოავლინა ბოლომდე შესაძლებლობები...
- ასე იყო... თუნდაც, რამაზ მუმლაძე ავიღოთ... ახლა ცნობილი მწვრთნელია. რომ იცოდეთ, რა ფეხბურთელი იყო... ისიც ტრავმამ არ "გაუშვა"...

- ქართული ფეხბურთის დაღმასვლა ახსენეთ წეღან. ის ჯერაც მძიმე დღეშია...
- ავადმყოფს რომ უმკურნალო, ჯერ დიაგნოზი უნდა დაუსვა, ბოლომდე უნდა გავიგოთ ის მიზეზები, რამაც აქამდე მიგვიყვანა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მეიმედება. სულ ჩემი შვილის მეგობრები არიან. ვიცი, როგორი სუფთები არიან, როგორ უყვართ ქართული ფეხბურთი... და მაინც, მე ასე ვფიქრობ: სანამ თბილისის "დინამო" არ დაუბრუნდება თავის სიმაღლეს, სანამ მას არ ეშველება, მანამდე ძალიან ძნელი იქნება ზოგადად ქართულ ფეხბურთში ვითარების შეცვლა.

10-გუნდიან ჩემპიონატს მივესალმები, ბავშვთა ფეხბურთში კი ბევრია გამოსასწორებელი. თუნდაც ის, რომ ამდენი შემთხვევითი მწვრთნელია იქ... ჩვენი წარსული არასოდეს უნდა დავივიწყოთ. სხვანაირად, წარმატებული მომავალი ვერაფრით გვექნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
კველაპერს ცუდი მხრიდან არ უნდა უკუროტ ცხოვრებასჰი. ვინც ილოს იცნობს დამეტანხმება,რომ,არავიზე ნაკლებად არ სჰესტკივა გული კარტულ პეხბურტზე.და საერტოდ. კარგ მტკმელს, კარგი გამგები სცჰირდება.
zura
11:31 31-10-2016
0
სანამ წარსულის ნოსტალგია და მხოლოდ დინამოს გაფეტიშება არ შეწყდება, მანამ გლობალურად ქართული ფეხბურთი არ განვითარდება; საქართველოს უპირველესი გუნდი არის საქართველოს ნაკრები, მორჩა და გათავდა!!!
MORTE
11:07 31-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული