თემურ შალამბერიძე: "ზესტაფონთან" თასის ფინალში უმძიმესი ბრძოლა გველის

AutoSharing Option
გორის "დილა", თავისი არსებობის ისტორიაში, თასის ფინალში პირველად გავიდა და 26 მაისს "ზესტაფონს" შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "მეტალურგი" დაამარცხა.

რომელი უფრო სასურველი მეტოქე იყო გორელებისთვის? კომენტარი გუნდის მთავარ მწვრთნელს, თემურ შალამბერიძეს ვთხოვეთ:

"გულწრფელად ვამბობ, ფინალში სასურველი მეტოქე აღარ არსებობს. "ზესტაფონი" და "მეტალურგი" საქართველოს ჩემპიონობის რეალური კანდიდატები არიან და ფინალში ვინც უნდა გასულიყო, ნებისმიერ შემთხვევაში უმძიმესი შეხვედრა გველოდა.

ის, რომ ჩემპიონატში "ზესტაფონს" ორჯერ მოვუგეთ, საქმეს კიდევ უფრო გვირთულებს, რადგან საქართველოს ჩემპიონს თასის მოგებაც სურს და, წმინდა სპორტული ფაქტორიდან გამომდინარე, მისთვის
"დილასთან" გამარჯვება უფრო სასურველი ხდება.

ასე რომ, მძიმე დაპირისპირების მოლოდინში ვართ. თუმცა, იმედია, რომ მანამდე კიდევ უფრო შევთამაშდებით და 26 მაისს მაყურებელს ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ"
, - ამბობს შალამბერიძე.

აპრილის შეხვედრებში "დილას" სამი საკვანძო მოთამაშე გამოაკლდა: ცენტრალური ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, ფლანგის ნახევარმცველი ირაკლი ლექვთაძე და პლეიმეიკერი გიორგი ილურიძე.

არზიანს ფოთში "კოლხეთთან" შეხვედრის დროს კუნთი დაეჭიმა. მან ვარჯიში ახლახან განაახლა და დიდი ალბათობაა, მოედანს 26 მაისამდე დაუბრუნდეს. ის გუნდის ლიდერი იყო, თამაშს წარმართავდა და მისი დაბრუნება გორელებისთვის სასიხარულო ამბავია.

სამაგიეროდ, ორი ან სამი კვირა დაისვენებს ირაკლი ლექვთაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩისწინა მოთელვაზე დაშავდა - 20 წლის შემტევი ნახევარმცველიც, ალბათ, ფინალისთვის მომჯობინდება.

საქართველოს თასის ნახევარფინალურ მატჩებს გიორგი ილურიძეც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. გიორგი ზუგდიდში "ბაიასთან" მატჩისას ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშის დროს დაშავდა. მასაც კუნთი აწუხებს და დღემდე მკურნალობს.

"ახლაც ნემსებს ვიკეთებ და ჯერ ზუსტად არც ვიცი, ვარჯიშს როდის დავიწყებ, მაგრამ, იმედია, რომ მკურნალობას უახლოეს დღეებში მოვრჩები, თამაშს შევძლებ და თასის ფინალისთვის აბსოლუტურად ჯანმრთელად ვიქნები",
- გვითხრა ილურიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული