სიონი-ზესტაფონი 1:0 - კოკამ წყალი მოიტანა...[VIDEO]

AutoSharing Option
ამ წყვილს უპირობო ფავორიტი არ ჰყოლია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ "ზესტაფონს" "სიონზე" უკეთესი პირობები აქვს, რატკო დოსტანიჩის გუნდს თასის მომდევნო ეტაპზე გასვლის მეტი შანსი უნდა ჰქონოდა, თუმცა, 25 სექტემბრის შედეგიდან გამომდინარე, შანსები ალბათ გათანაბრდა.

პირველ ტაიმში "ზესტაფონი" უფრო მეტხანს ფლობდა ბურთს. სტუმრებს დიდი უპირატესობა არ ჰქონიათ, თუმცა "სიონზე" ოდნავ უკეთ თამაშობდნენ.

"სიონი" კი თითქოს თავს ზოგავდა. გიორგი კიკნაძის გუნდს ეტყობოდა, რომ ძალა 90 წუთზე გამოზომილად ჰქონდა გადანაწილებული.

Sportall.Ge"ზესტაფონი" სწრაფად ვერ თამაშობდა, ვერ დავინახეთ ამ გუნდის აფეთქებები, ბურთის ნელი გაგორებით კი
გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "სიონის" დამარცხება ძნელია.

"სიონის" შემადგენლობას თუ გადავავლებთ თვალს, ბოლნისელებს მეოთხედფინალში გასვლის კარგი შესაძლებლობა აქვთ.

25 სექტემბერსაც მათ მეტოქეს, პირველ რიგში, გამოცდილების ხარჯზე მოუგეს. "ზესტაფონის" ლეგიონერებისგან ვერ ვნახეთ ის თამაში, რაც, წესითა და რიგით, უნდა მოეთხოვებოდეთ ამ სტატუსის მოთამაშეებს - ასე იყო გუშინ და, შესაძლოა, სხვა მატჩებში მათ უკეთ წარმოაჩინონ თავი.

ერთი მატჩით არც ლეგიონერი ფასობს და არც მწვრთნელი; უბრალოდ, "ზესტაფონი" მოწინავე გუნდად ითვლება და მისგან ყველა კარგ თამაშს ელის.

ზესტაფონელებს პირველ ტაიმში ჩინებული საგოლე შანსი ჰქონდათ - "სიონის" საჯარიმოში ჩასულმა მცველმა თორნიკე გრიგალაშვილმა გარე ტერფით ისეთი "მოჭრა", ზურაბ ბათიაშვილმა ოდენ თვალი გააყოლა და მერე ბურთი ძელს მოხვდა.

"სიონს" კონტრშეტევაზე ჰქონდა შანსი - მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა გიორგი კახელიშვილმა ერთი მცველი კი გააცურა, მაგრამ მეორე მის დარტყმას ვარდნაში გადაეღობა.

"სიონს" ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა - ლადო ახალაია ტრავმირებულია, არჩილ ტვილდიანი კი გადაღლილი ყოფილა და დაშავებულიც - ასე გვითხრეს "სიონში".

შესვენების შემდეგ "ზესტაფონს" მოედნის ცენტრში ის მცირე უპირატესობა აღარ ჰქონდა, რითიც პირველ ტაიმში შეეძლო თავის მოწონება. "სიონი" კი ოდნავ აქტიურად ათამაშდა შეტევაში და მხოლოდ კონტრიერიშების იმედად აღარ იყო.

ბოლნისელთა დაცვაში ჩინებულად გაისარჯა გამოცდილი ვალერი აბრამიძე, რომელმაც თითქმის ყველა ორთაბრძოლა მოიგო, "ზესტაფონის" ბევრი იერიში გააუვნებლა.

75-ე წუთზე სტუმრებმა კარგი შანსი გაფლანგეს - ირაკლი ქობალიას პასით სანდრო გურული გავიდა საკმაოდ ხელსაყრელ პოზიციაზე და ბურთი მაინცდამაინც ბათიაშვილის ხელებს "დაუმიზნა".

"სიონის" ცენტრფორვარდი, ახმახი ნიგერიელი კრისტიან მადუბუკე ინერტულად ირჯებოდა და ამით სტადიონზე მისული მცირერიცხოვანი ქომაგის ირონიულ ღიმილს იწვევდა.

კიკნაძემ ის მატჩის ბოლოსკენ შეცვალა და მიზანშიც მოარტყა - კოკა მიკუჩაძემ ბოლნისელთა იერიშები გამოაკეთა, 11-მეტრიანი კი ასე მოინაგრა: ალექსანდრე გოგობერიშვილმა მარცხნიდან ჩააწოდა, ირაკლი სამხარაძემ თავით გადააწოდა ბურთი მიკუჩაძეს და ილია კანდელაკი მასთან ბოლო იმედის ჯარიმით დაჯარიმდა. მიკუჩაძემ პენალტი უზადოდ შეასრულა.

დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, საპასუხო შეხვედრას კი ინტრიგა მოემატა.

და ერთიც: 33 წლის აბრამიძე კარგა ხანს უგუნდოდ იყო. 25 სექტემბერს პირველად ითამაშა "სიონში" და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გამოდგა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია
alika
13:30 26-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული