დინამო (ბთ)-დილა 2:1 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]

AutoSharing Option
საპასუხო მერვედფინალების წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ საქართველოს თასის გათამაშების ამ ეტაპზე გარკვეული სიურპრიზები გველოდა.

ასეც მოხდა - ასპარეზობას გამოეთიშა "ზესტაფონი", ქუთაისის "ტორპედოს" კი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ "სპარტაკთან" ჭიდილში პენალტების სერია დასჭირდა მეოთხედფინალში გასასვლელად.

...ისე როგორ უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე პირველი ლიგის წარმომადგენელიც არ გვეხილა? ეს პატივი წილად ერგო ქობულეთის "შუქურას", რომელიც უმაღლესი ლიგის შვიდ გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ჩიხურა", "დილა", "მეტალურგი", "მერანი", "სიონი") ერთად დაელოდება საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრას.

ამ ეტაპის პირველი მატჩები კი, კალენდრის თანახმად, 2014 წლის 26 თებერვალს უნდა
გაიმართოს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
* * *
...მატჩის დამატებული ბოლო წამები მიდიოდა, როცა ბათუმელთა მეკარე ალავიძემ საკუთარი საჯარიმოს სიახლოვიდან სამჯერ ჩააწოდა იქითა საჯარიმოში, მაგრამ გორელმა მცველებმა, არცთუ იოლად, სამჯერვე ამოიტანეს ბურთი.

გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მეკარეს ცენტრში მდგომი რომელიმე თანაგუნდელისთვის მიეწოდებინა და საჯარიმოში ჩაკიდებაც უფრო ხიფათიანი იქნებოდა, მაგრამ მასპინძლები ჩქარობდნენ და ხელიდან გაუშვეს შანსი, პატარა სათასო სენსაცია მოეხდინათ.

Sportall.Ge...არადა, მატჩის დაწყებიდან 8 წუთში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შეხვედრა ინტრიგას ბოლო წამებამდე არ დაკარგავდა: ლამის პირველივე ხეირიანი შეტევა მეტად აქტიური ალადაშვილის გადაცემის შემდეგ გოლად აქცია შეტევაში ჩართულმა აფხაზავამ - 0:1.

მალევე, დოლიძემ ალადაშვილი შეჰყარა "დინამოს" მეკარეს პირისპირ, მაგრამ გორელმა გარემარბმა შანსი გაანიავა. ამას ბათუმელთა კარგი შეტევა მოჰყვა, თუმცა ვერც მათ იხეირეს.

პირველ 45 წუთში სულ ეს იყო.

მეორე ტაიმის დასაწყისშიც აფხაზავა აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, როცა აბუსელიძესთან ორთაბრძოლისას პოზიციური შეცდომა დაუშვა და უკანახაზელმა ფორვარდის შეჩერება საჯარიმოს სიახლოვეს "ბოლო იმედის" ჯარიმით სცადა, მაგრამ რაკი ვერ შეძლო, ფორვარდი უკვე ისეთ ადგილას მოცელა, ყველაზე უკეთ ლაინსმენს უნდა განესაზღვრა, პენალტი იყო თუ ჯარიმა.

მსაჯებს შორის შეუთანხმებლობამ ყველა გააკვირვა: ლაშა სილაგავამ მცირეოდენი პაუზა გააკეთა, ჯერ ლაინსმენს გახედა, სავარაუდოდ, კომუნიკაციის აპარატიც გამოიყენა და ამის შემდეგღა გაიშვირა ხელი 11-მეტრიანი ნიშნულისკენ. მას შემდეგ, რაც გორელებმა ლაინსმენ ბესიკ ჭიჭინაძესთან გააპროტესტეს, არბიტრმა მასთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა - ჯარიმა საჯარიმოს ხაზზე დანიშნა და აფხაზავას "წითელი" აუფრიალა.

გაუგებარია, არბიტრს თანამსაჯთან შეთანხმების გარეშე რატომ უნდა ჩაესტვინა საპენალტოდ ასეთ სადავო სიტუაციაში, ან რატომ დასჭირდა ლაინსმენს "დილას" ფეხბურთელთა პროტესტი და მანამდე რატომ არ უთხრა "ყურში" არბიტრს?..

ასე იყო თუ ისე, მუჯირის მიერ შესრულებული ჯარიმა რევიშვილმა სასწაულებრივ მოიგერია, იქვე დავარდნილ ბურთთან კი მეტად აქტიური ბერიძე გაჩნდა, თუმცა მისი დარტყმული კარს გადასცდა.

მასპინძელთა თავკაცმა ერთბაშად სამი შეცვლა გააკეთა და შეტევითი პოტენციალი გაზარდა. მანწკავა თავიდან "ზედმეტადაც" აქტიურობდა და ზედიზედ ორჯერ ეუხეშა სტუმრებს. მისდა საბედნიეროდ, სილაგავამ მხოლოდ მეორე შემთხვევაში გააფრთხილა. მანწკავას აქტიურობას მოჰყვა ხიფათი და კვერენჩხილაძის შეტევისას "დილა" გადარჩა.

ამას სტუმრებმა უკეთესი მომენტით უპასუხეს - დოლიძემ მცველს დაასწრო და მეკარეს თავზეც გადაუგდო ბურთი, თუმცა ხარიხასაც გადააცილა.

70-ე წუთზე კი მატჩმა ინტრიგა შეიძინა - ბერიძემ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არულობით ისარგებლა და რევიშვილს ერთი შეხებით, შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა - 1:1.

დამატებულმა ოთხმა წუთმა კი ბევრი რამ დაიტია - ჯერ სადაღაშვილი დაეცა ბათუმელთა საჯარიმოში, მაგრამ არბიტრმა ეს სიმულაციად შეუფასა; შემდეგ მუჯირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის კლასს ასაკი ვერაფერს აკლებს - საჯარიმოს მისადგომებთან მცველი ოსტატურად ჩამოიტოვა და ისეთი "გაისროლა", რევიშვილმა ვერაფერი მოუხერხა - 2:1.

ამის შემდეგ კიდევ იყო 2 წუთი. ერთგული ფანების ქომაგობით შეგულიანებულმა მასპინძლებმა ბოლოჯერ გაიბრძოლეს, მაგრამ კიდევ ერთი გოლისთვის დრო აღარ ეყოთ.

P.S.
ერთ არასასურველ ფაქტზეც ვიტყვით: "ჩელე არენაზე" მედიისთვის გამოყოფილი ადგილი არ არის. ამიტომ, თუ ადგილია, მატჩს სამთავრობო ლოჟიდან ვადევნებთ თვალს, უმეტეს შემთხვევაში კი - ტრიბუნიდან.

ასე იყო ამჯერადაც და ამაზე არც გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ერთი ფაქტი: ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მატჩის დირექტორი და მსაჯთა დამკვირვებელი, რომელთაც იქვე, ლოჟის ქვემოთ გამოუტანეს სკამები, თუმცა, მათგან განსხვავებით, ჟურნალისტებისთვის ესეც არ გაიმეტეს - სკამი მხოლოდ კომისარს შეიძლება გამოვუტანოთო (?!).

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
დინამო-კოლხეთი (ხობი) 6:0 - ვუო და სხვები [VIDEO]
სპარტაკი-ტორპედო 2:2 - ოჰ, ეს ყისმათი! [VIDEO]
ზესტაფონი-სიონი 0:1 - ახალი მწვრთნელით მეოთხედფინალში [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-შუქურა 2:1 - საგზური ზღაპარში
მერანი-გურია 1:1 - ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ
ჩიხურა-ლოკომოტივი 4:0 (1:3)
კოლხეთი (ფ)-მეტალურგი 1:3 (0:2)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული