დინამო (თბ)-ცხინვალი 2:0 - თითქმის ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" საქართველოს თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩი ორბურთიანი უპირატესობით მოუგო "ცხინვალს" და ფინალში გასვლის შანსი მკვეთრად გაიზარდა. ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, მაგრამ ვეჭვობთ, დინამოელებმა ორბურთიანი ფორა ქარს გაატანონ.

მატჩი "ცხინვალის" მიერ შექმნილი სახიფათო მომენტით გაიხსნა. რატი ცაცკრიალაშვილი სახიფათოდ ურტყამდა, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველს სიზუსტე დააკლდა. უნდა ითქვას, რომ როგორც სათასო ნახევარფინალს შეჰფერის, ორივე გუნდის მოქმედებაში რისკი მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

უკვე 21-ე წუთზე "დინამო" დაწინაურდა. არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა ჩათვალა, რომ გიორგი ცერცვაძემ საჯარიმო მოედანში შეჭრილი ოთარ კიტეიშვილი წააქცია. ნამატჩევს "ცხინვალის"
ამჟამინდელმა და "დინამოს" ყოფილმა თავკაცმა კახა კაჭარავამ თქვა, პენალტი არ იყოო...

ასე იყო თუ ისე, ბურთთან მათე ცინცაძე მივიდა, ვინც ცივსისხლიანად შეასრულა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი და "დინამო" დააწინაურა. ამან კახა გოგიჩაიშვილის გუნდს საშუალება მისცა, მეტი თავდაჯერებით ემოქმედა და მეტოქისთვის საკუთარი თამაში მოეხვია თავს.

33-ე წუთზე "დინამოს" კიდევ ერთი საგოლე შანსი მიეცა. ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ვინც მთელი მატჩი ძალიან აქტიურად ჩაატარა, ძლიერად დაარტყა, თუმცა "ცხინვალის" კარს ბურთი ზემოდან გადასცდა.

შესვენებისას "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ, მადლიერების ნიშნად, კლუბის სპონსორი კომპანიის წარმომადგენელს "დინამოს" მაისურა გადასცა. იქვე, მან აღნიშნა, რომ სასიამოვნოა, როცა კერძო სექტორი და კლუბი ასე შეწყობილად თანამშრომლობენ.

მეორე ტაიმი ისევ ცაცკრიალაშვილმა "გახსნა". მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი "დინამოს" კარს ასცდა. ეს იყო და, "ცხინვალს" მეტოქის კართან მეტი საგოლე მომენტი აღარ შეუქმნია. იყო მცდელობები, თუმცა ბოლო პასი არ ჩანდა და ხიფათიც ამად არ იქმნებოდა.

56-ე წუთზე "ცხინვალი" გოლს გადაურჩა. მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ გატანას ჭანტურიშვილი ცდილობდა, მაგრამ სიზუსტეზე გათვლილი მისი დარტყმული ოდნავ ასცდა ნადირაძის კარს. აქვე ვთქვათ, რომ გიორგი გუშინ მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა. ის ექსდინამოელია ისევე, როგორც შინდაგორიძე, მახარობლიძე, ჯიშკარიანი, კაჭკაჭიშვილი და ლეკვთაძე.

...საქმეს რომ დასჭირდა, გოგიჩაიშვილმა საქმეში სამარქაფოები ჩართო და უნდა ითქვას, რომ "ათიანშიც" გაარტყა. განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ დებიუტანტი ცენტრფორვარდის, დავით ვოლკოვის გარჯა. 19 წლის ახალგაზრდა შესანიშნავად ჩაერთო თამაშში და მეორე გოლი სწორედ მან მიითვალა კიდევ ერთი სათადარიგოს, ოთარ კაკაბაძის პასით.

79-ე წუთზე ვოლკოვმა მართლაც ისე ითამაშა, ნამდვილ ცენტრფორვარდს რომ შეჰფერის - დაასწრო მეურვეს და თან მძლავრადაც დაარტყა. თუ მან ასე განაგრძო, "დინამოს" ესპანელ შემტევ მანუელს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.

თამაშის დამთავრებამდე "დინამომ" კიდევ შექმნა ორი საგოლე მომენტი, თუმცა გიორგი პაპუნაშვილსა და მის სეხნია ჯანელიძეს ნადირაძემ არ გაატანინა.

მატჩის შემდეგ:
კახა გოგიჩაიშვილი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"ჯერ არაფერია დასრულებული. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გოლი არ გაგვეშვა, რადგან სათასო ორთაბრძოლაში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დაცვაში კარგად ვითამაშეთ. მანუელი და ლობჟანიძე, სავარაუდოდ, 19 აპრილისთვის შეძლებენ მინდორზე გასვლას".

კახა კაჭარავა ("ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი):
"გვაკლდა რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი. ჩვენს თამაშში იყო "ბოლო პასის" ნაკლებობა. ბევრი ზედმეტად ღელავდა და დაბნეული იყო. ზოგს ისევ არ სჯერა, რომ თასის ნახევარფინალში თამაშობს და საქართველოს პირველობაზე ასეთ პოზიციაზეა. ეს ბიჭები ცოტა ხნის წინ ხომ პირველ ლიგაში გამოდიოდნენ. არ მიყვარს მსაჯზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არ იყო ჩვენს კარში პენალტი - მცველი შემტევს არ შეხებია... თუ ეს ბირთვი შევინარჩუნეთ და გარკვეულ პოზიციებზე გავძლიერდით, მომავალ სეზონში მეტი ამბიცია გვექნება".

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩი
07.04. თბილისი. "დინამო არენა". 700 მაყურებელი
დინამო (თბ)-ცხინვალი 2:0
გოლები: 1:0 ცინცაძე (21-პენ), 2:0 ვოლკოვი (79)
დინამო (4-2-3-1): დაუშვილი - ტაბატაძე (58. კაკაბაძე), გველესიანი, რენე ფერეირა, შერგელაშვილი - ცინცაძე, კიტეიშვილი (77. ჯანელიძე) - პაპუნაშვილი, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი - ჩირგაძე (62. ვოლკოვი).
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ჯაფიაშვილი, ჯიღაური, მიქელთაძე.
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
ცხინვალი (4-4-1-1): ნადირაძე - ცერცვაძე, ვ. კილასონია, კაჭკაჭიშვილი, ჯიშკარიანი - ცაცკრიალაშვილი (75. მარკოზაშვილი), თარხნიშვილი, ქარდავა (90. ბურძენაძე), შინდაგორიძე (46. ლეკვთაძე) - მახარობლიძე - ივანიშვილი.
სათადარიგოები: ნანიევი, გელაშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ქარდავა (19), გველესიანი (50), შერგელაშვილი (53), ცერცვაძე (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი გარჩევაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული