იდეა: საქართველოს თასზე მეორელიგელებსაც დაუშვებენ?

AutoSharing Option
ფოტოზე: დიმიტრი ბოკერია
საინტერესო აზრი გაგვიმხილა "ლელოს" მკითხველმა - ის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ფორმატის შეცვლას ითხოვს.

პირადად თუ რედაქციაში მოსაზრებები ბევრჯერ მოუწერიათ, მაგრამ ეს მართლაც გამორჩეულად საინტერესო აზრია...

"თქვენს ყურადღებას თასის გათამაშების ფორმატზე გავამახვილებ. წამყვან ევროპულ ქვეყნებში თასის გათამაშებაში ქვედა ლიგების გუნდებიც მონაწილეობენ. საქართველოში სულ 80 გუნდამდეა, მაგრამ ჩვენთან რატომღაც, მეორელიგელებს თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

გასაგებია, რომ შესაძლოა, უმაღლესი ლიგის კლუბები პირველი ან თუნდაც პირველი ორი ეტაპიდან გაათავისუფლონ. თუმცა, თასისთვის ბრძოლის უფლება პირველი და მეორე
ლიგის ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე დაბალ ლიგაში მოასპარეზე გუნდსაც ელემენტარული სტიმული უნდა ჰქონდეს", - ამბობს ჩვენი მკითხველი დავით ბაკურაძე.

მართლაც, რა უშლის ხელს რეგიონული ლიგის გუნდების თასზე მონაწილეობას? ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელ დიმიტრი ბოკერიას მივმართეთ:

"ეს მშვენიერი იდეაა და დაბალი ლიგის გუნდებისთვის მართლაც კარგ სტიმულად გამოდგება.

სიმართლე გითხრათ, ამაზე ფეხბურთის ფედერაციაშიც გვიმსჯელია, რადგან მეორე ლიგის განვითარება, ამ გუნდების ფუნქციების გაზრდა და საფეხბურთო ცხოვრებაში დატვირთვა საჭირო საქმეა.

ადვილი გასაკეთებელი ნამდვილად არ არის, რადგან მეორე ლიგა უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს. მეორე მხრივ, მოსაფიქრებელია, ეს იდეა პრაქტიკაში როგორ განხორციელდება და რა ფორმით.

თუმცა, ვიმეორებ, ამ ლიგის გუნდების თასზე მონაწილეობა ჩვენი სურვილიც არის", - ამბობს ბოკერია.

მან 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონატის დებულების რამდენიმე საინტერესო ცვლილებაც გაგვიმხილა:

"უმაღლესი ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩება და იქ კვლავ 16 გუნდი ითამაშებს. მაგრამ პირველ ლიგაში ბევრი რამ შეიცვლება. ახალი სეზონიდან, ორი 10-10-გუნდიანი ჯგუფების ნაცვლად მხოლოდ ერთი იქნება და 18 გუნდი ითამაშებს.

უმაღლესში გადასვლის წესი კი, შესაბამისად, შეიცვლება. პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად გადავლენ უმაღლესში, მესამეადგილოსანი კი უმაღლესი ლიგის ბოლოდან მე-3 ადგილზე გასულთან ითამაშებს.

ვფიქრობთ, პირველი ლიგიდან გადასასვლელ მატჩში პირდაპირ მესამე ადგილოსანი გუნდი დავუშვათ თუ სხვა ფორმატი მოვიფიქროთ და საგზური მეტ გუნდში გავათამაშოთ.

მაგალითად, ბელგიაში, ჰოლანდიასა და ინგლისში გადასასვლელ მატჩში მონაწილეობის უფლებისთვის ოთხთა მინი-ტურნირი ტარდება და გამარჯვებული უმაღლესი ლიგის აუტსაიდერს ხვდება. ეს მაყურებლისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველია და რეალურად ჩანს, რომელია საუკეთესო გუნდი.

დებულება მალე შემუშავდება, ძველ ხარვეზებს მაქსიმალურად გამოვასწორებთ და შევეცდებით, ჩვენს ვითარებასა და გარემოს მაქსიმალურად შევუსაბამოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მომეწონა ეს იდეა. მართლა დებილობაა ა და ბ ზონა, 18 გუნდიანი პირველი ლიგა უფრო კომფორტული იქნება.. ასევე მივესალმები მეორე ლიგის გუნდების თასის გათამაშებაში მონაწილეობასაც, საწყის ეტაპზე მხოლოდ პირველი და მეორე ლიგის გუნდებმა მიიღონ მონაწილეობა მეორე ეტაპზე წინა წელს უმაღლეს ლიგაში ბოლო 8 ადგილზე გასულმა გუნდებმა მიიღონ მონაწილეობა და მესამე ეტაპიდან ჩაერთონ განთესილები, პირველ 8 პოზიციაზე გასული უმაღლესის გუნდები(წინა ჩემპიონატიდან, რა თქმა უნდა) ჩემი აზრით მეტი პოპულარიზაცია მოხდება, და იქნება ეს "მასობრიობაც" რომელიც გადარჩენის ერთადერთ იმედადღა მიგვაჩნია :) უბრალოდ გაკვირვებული დავრჩი მეორი ლიგას თამაშით ხონის იმერეთი-ვანის სულორი , ორივე გუნდი მეორე ლიგაშია, თუმცა ამ ქალაქებში ფეხბურთი ძლიერ უყვართ, სტადიონი გადაჭედილი იყო, 3000 კაცის სტადიონზე მიყვანას ბევრი უმაღლესი ლიგის კლუბი ვერ ახერხებს, ასე რომ, მივცეთ მეტი გასაქანი ქვედა ლიგებს, გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი!!
chicharito
14:36 06-06-2015
0
დიმიტრი ბოკერია

ცოტა ტვინით ხომ უნდა იფიქროთ არა?
თუ გინდათ 1-ლი ლიგა იყოს უმაღლესის მომმარაგებელი კადრებით და კონკურენტიც ხარისხში, მაშინ კეთილი ინებეთ და 20 გუნდი დააწესეთ 1-ლ ლიგაში რომ მეტი თამაშები და გამოცდილება იყოს.რა უბედურებაა ეს 18 გუნდი?
ამას გარდა რადგან თასზეა საუბარი, მეორე ლიგა მაინც ვერ მოესწრება ამ წელს, ხოლო პორველი ლიგის 20 კლუბი იქნება 1-ლ ეტაპზე და მათგან დარჩენილი 10 დაემატება უმაღლესის 10+14=24:2=12 კლუბს საიდანაც მივიღებთ 12 კლუბს, ამ თორმეტიდან დარჩება 6 რომელთაც დაემატება ამ წლის თასის ფინალისტები. და ეს 8 კლუბი იბრძოლებს თასისასთვის.

აი ესაა სამართლიანობა როგორც ხარისხისათვის,ასევე ოდენობისათვის და თასისათვის
ჯორდანო უბრუნებელი
20:26 06-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული