კახა ჩხეტიანი: არა მგონია, გროზნის "დინამოს" კარდინალურად შეცვლა მოესწრო...

AutoSharing Option
დღეს "დინამო არენაზე" "ქართული კლასიკოა". თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩებს ყოველთვის განსაკუთრებული ეშხი ახლავს. ამჯერად, მატჩის მნიშვნელობა ყველაფერზე მეტყველებს - თბილისურ დუელში გამარჯვებული საქართველოს თასის ფინალის საგზურს ირგუნებს.

- დინამო VS ტორპედო - მძიმე "ქართული კლასიკო"

გთავაზობთ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მატჩისწინა ინტერვიუს.

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვემზადებით, თუმცა ყველა ფეხბურთელს აქვს გათავისებული ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია. ვიცი, რომ გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელიან ამ შეხვედრას. ზოგადად, "დინამო"-"ტორპედო" მოვლენაა ქართულ საკლუბო
ფეხბურთში.

- რა თქმა უნდა, "დინამოს" თაობაზე, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში უკვე ეთამაშეთ, საკუთარი აზრი გაქვთ. ხომ არ გირთულებთ საქმეს მოწინააღმდეგე გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის, ვიაჩესლავ გროზნის მისვლა?
- რა თქმა უნდა, ახალ მწვრთნელს ყოველთვის რაღაც ახალი მიაქვს გუნდში. გარდა ამისა, ფეხბურთელსაც დამატებითი მოტივაცია უჩნდება. ეს გასაგებია, მაგრამ არ მგონია, ასეთ მოკლე დროში "დინამოს" ახალ მწვრთნელს გუნდის თამაში კარდინალურად შეეცვალოს.

- "ტორპედოს" საქართველოს ჩემპიონატშიც საომარი აქვს...
- ასეა და საქმეს ისიც გვირთულებს, რომ ლამის ყოველ ოთხ დღეში გვაქვს თამაში. მაგრამ ვერც თასზე და ვერც ჩემპიონატში უკან ვერ დავიხევთ. ნახევარფინალში ვართ, ერთი ნაბიჯია ტიტულამდე...

- სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღით რომ გაიხსნა, მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაიმატეთ...
- დავიმატეთ ლაშა კუჭუხიძე. ძალიან კარგი თავდამსხმელია. ტრავმირებული იყო კარგა ხანს და შედარებით იოლად შევძელით გუნდში მისი მოყვანა. გვინდოდა კიდევ ფეხბურთელების დამატება, მაგრამ ვისაც ჩვენი გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეეძლო, ყველას კონტრაქტი აქვს თავის ამჟამინდელ კლუბთან.

- რას ეტყვით გულშემატკივრებს?
- მე მჯერა, რომ ნაღდი, კაცური, საფეხბურთო ბრძოლა იქნება და მხოლოდ - მინდორზე. ჩვენი ქომაგებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. იყვნენ ჩვენთან, გაგვამხნევეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული