საქართველოს თასი. პოსტფაქტუმ: ტუღუშმა ასეთები იცის!

AutoSharing Option
გოლები მოედნის ცენტრიდან, კუთხურიდან თუ სხვა, ყველაზე წარმოუდგენელი ვითარებიდან - ამ სიტყვებით ბევრჯერ დაუწერიათ ბექა ტუღუშზე, რომელმაც დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ულამაზესი გოლი გაიტანა...

- მერანი-ტორპედო 1:2 - "ტორპედომ" თასი გაასამა [VIDEO]

ქუთაისის "ტორპედოს" ფლანგის შემტევისთვის ასეთი არასტანდარტული "სტანდარტები" და ლამაზი გოლები იშვიათი არ არის. ბევრი არ გააქვს, მაგრამ მათი 99% ეფექტურია და მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს. ზესტაფონში გამართული თასის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ "ტორპედოს" შემტევი ნახევარმცველი ბექა ტუღუში დაასახელეს.

ის თავიდანვე მოედანზე ყველაზე აქტიური, აგრესიული და სასარგებლო იყო. პირველი
მწვავე მომენტი სწორედ ქუთაისელთა 88-ე ნომერმა შექმნა და ულამაზესი ჯარიმით თავისიანები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა, რაც "ტორპედოს" საბოლოო გამარჯვებაში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

ტუღუშმა კარიერა ფინეთში დაიწყო, ფოთის "კოლხეთსა" და რუსთავის "მეტალურგში" გააგრძელა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედოში" გაიხსნა და გამოავლინა ის თვისებები, რომლითაც იქაურ გულშემატკივარს მოსწონს - თამამი, არაორდინარული და საკუთარ თავში დარწმუნებული. ერთი ხანობა, ის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატიც იყო, მაგრამ ტრავმებმა დიდი დრო წაართვა და დააბრკოლა, მაგრამ წლეულს "ტორპედოს" ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

"მიხარია, რომ ფინალში გავიტანე და ამით გუნდს თასის მოპოვებაში დავეხმარე. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო ისიც, საუკეთესო მოთამაშის პრიზი რომ გადმომცეს. ასეთი აღიარება ყველა ფეხბურთელს ახარებს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ "ტორპედომ" ლამაზი ფეხბურთი აჩვენა.

"მერანი" კარგი გუნდია და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ", - ამბობს ტუღუში.

ქუთაისელთა შემტევი ნახევარმცველის აზრით, სეზონის ასეთი დასასრული ლოგიკური იყო:

"ჩვენ შევძელით ის, რასაც გულშემატკივარი დიდი ხანია "ტორპედოსგან" ელოდა. გარდამავალ ჩემპიონატში ჩვენი მხარდამჭერები ძალიან ვანერვიულეთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გავახარეთ.

ეს შემთხვევითი წარმატება არ არის, რადგან კარგი შემადგენლობა გვყავს, რომელიც კახა ჩხეტიანმა აათამაშა. იმედია, სამეულის პლეი ოფშიც მოვხვდებით, გუნდის წინსვლა გაგრძელდება და ევროპის ლიგის გათამაშებას კარგად მომზადებულები შევხვდებით".

სტიმული, რომელიც გარემომ შექმნა
საქართველოს თასის მოპოვებამ ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშეები უზომოდ გაახარა. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ფინალში დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ანრი ჭიჭინაძე, "ტორპედოს" ნახევარმცველი:
"ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა. მიმაჩნია, რომ ღირსეულად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მიხარია ისიც, რომ კარიერაში პირველი სერიოზული ტიტული მოვიპოვე. მიხარია, რომ ასეთი ერთგული და ძლიერი გულშემატკივარი გვყავს და ყოველთვის გვამხნევებს... მათი ყოფნა გვაძლიერებს და ამჯერადაც ასე მოხდა.

ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელი იყო, სეზონი წარმატებით რომ დავასრულეთ. ჩემპიონატის სტარტი საშინელი გვქონდა, მაგრამ კახა ჩხეტიანის დამსახურებაა, რომ გუნდი გუნდად იქცა. ეს ერთსულოვნება სწორედაც მისი დამსახურებაა, ერთ ოჯახად ჩამოგვაყალიბა. შედეგიც სახეზეა".

გია ნერგაძე, "ტორპედოს" ნახევარმცველი:
"თასის ფინალში სულ ექვსჯერ ვითამაშე: ხუთჯერ საქართველოში, ერთხელაც - სამხრეთ აფრიკაში. აქედან სამ ფინალში ჩემი გუნდი დამარცხდა და ახლა გამარჯვება მესამედ აღვნიშნე. ვამბობდით, მარტვილის "მერანი" პირველ ლიგაში რომ თამაშობს, ამან არ უნდა მოგვატყუოსო და მართლებიც ვიყავით.

პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და 2-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურების შემდეგ მეორე ნახევარში მარტვილელებმა აგრესიულად შემოგვიტიეს. ეტყობა, ჩვენც ცოტა მოვეშვით ან, შესაძლოა, დაღლამაც იმოქმედა... საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და მიხარია, წარმატებას რომ მივაღწიეთ.

ჩვენს გულშემატკივარზეც აუცილებლად უნდა ვთქვა - კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მაგარი ქომაგები ჩვენ გვყავს. ყოველთვის მხარში გვიდგანან და ეს ზესტაფონის ფინალში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მათ დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ თასი ავწიეთ".

როინ კვასხვაძე, "ტორპედოს" კაპიტანი:
"აქამდე მსგავს წარმატებას "ზესტაფონთან" ერთად მივაღწიე და მინდოდა, თასი "ტორპედოშიც" მომეპოვებინა. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ქუთაისელი ვარ და ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს. მეორეც - ამ გუნდის მეკარე იყო ბაბუაჩემი, დიდი როინ კვასხვაძე...

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თასი მოვიგეთ. ეს თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა და მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს, ჩვენს გულშემატკივრებს. თან ფინალი ისეთ გარემოში გაიმართა, როგორიც მას უხდება - სავსე სტადიონი და განათებაზე თამაში დიდი სტიმული იყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
QWERTY არ ინერვიულო შურიანო , უკვე დარჩა თასის მფლობელი უმაღლესში ;)
Mandela
25 ნოემბერი 2016 18:00
0
თასის მფლობელი უმაღლესში ცხინვალთან მოგების შემდეგ დარჩა და კიდე ანრი ჭიჭინაძე ცენტრალური მცველია და არა ნახევარმცველი
lelo
25 ნოემბერი 2016 00:41
0
ტირპედო უმაგლესშია და დინამოსთან მოგების შემდეგ პლეიოფში გავა..
qmerts
24 ნოემბერი 2016 22:25
0
თასის მფლობელს ლიგაში დარჩენისათვის ბრძოლა მოუწევს 26-ში დინამოსთან ვერმოგებული მატჩის გამო...
QWERTY
24 ნოემბერი 2016 16:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული