საიდუმლო არასოდეს ყოფილა, რომ ბელგიელი ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა და ზიზუს სჯერა, რომ აზარს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დონეზე შეუძლია თამაში. აზარი უკვე 26 წლისაა, დიდი ნაბიჯების გადადგმა ზუსტად ახლა უნდა დაიწყოს და თავისი სიტყვაც, ბოლოს და ბოლოს, ხმამაღლა თქვას.
იგი "ჩელსიში" ახლაც კარგია, "ლილშიც" გვახსოვს, როგორც ჯადოქრობდა და მოკლედ, მის შესაძლებლობებსა
ედენზე მაღალი წარმოდგენისაა ანტონიო კონტეც, მაგრამ კონტისიმესთვის შეუცვლელი ფიგურები არ არსებობენ და საქმე საქმეზე თუ მიდგა, იტალიელი ედენს მხარზე არ ჩამოეკიდება. მით უმეტეს, "ჩელსი" ერთდროულად ბევრ ფეხბურთელს შესჭიდებია - საუბრობენ რომელუ ლუკაკუს შესაძლო დაბრუნებაზე, ანტუან გრიზმანზე, ალვარო მორატაზე, ხამეს როდრიგესსა და სხვებზე. ხამესი ტყუილად არ გვიხსენებია. გამორიცხული სულაც არ არის, კოლუმბიელი ტრანსფერის შესაძლო მონაწილე გახდეს.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ "ჩელსი" აზარის გაშვების სურვილით იწვის. პირიქით, ამბობენ, რომ რომან აბრამოვიჩი ტრანსფერებისთვის 200 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს, რათა კონტემ გუნდის თავის გემოზე გადაწყობა შეძლოს.
ცოტა ხნის წინათ, "ლურჯების" დირექტორმა მარინა გრაბოვსკაიამაც ისაუბრა იმაზე, რომ კლუბი გაძლიერებასა და წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას შეეცდება. ამ ყველაფრით უფროსობა აზარის დარწმუნებასაც ცდილობს, რომ ბელგიელმა წასვლაზე არ იფიქროს - პრემიერლიგაშიც პირველობისთვის გავაგრძელებთ ბრძოლას და ჩემპიონთა ლიგასაც დავუმიზნებთო.
ასეა თუ ისე, ყველამ ვიცით, რა ძნელია ფეხბურთელისთვის თავის შეკავება, როდესაც სიო "სანტიაგო ბერნაბეუდან" უბერავს. უკვე მიდის საუბრები, თუ როგორ თაფლივით ტკბილად მოერგება აზარი "სამეფო გუნდს" და როგორ ფუტკარივით იფუსფუსებს მრისხანე BBC-ის უკან, როგორ წამოიწყებს შეტევებს და გაანაწილებს პასებს… რაც "რეალის" შეტევებს კიდევ უფრო მომაკვდინებელსა და სახიფათოს გახდის მეტოქეებისთვის.
ზიზუც აისრულებს საწადელს და ყველა ბედნიერი იქნებაო. თუმცა ჯერ შევიცადოთ, ასეთი დიდი ამბები ასე მარტივად არ გვარდება, თუნდაც დიდი ფულით, რომლითაც "სტემფორდ ბრიჯზე" საკმაო ხანია, ვერავის ვეღარ გააკვირვებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"