ლიონელ მესი - სტუმარი უცხო პლანეტიდან

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ფეხბურთში არ არსებობს ღმერთი. ყოვლისშემძლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ესაა - არსებობს უცხოპლანეტელი, რომელიც ძალიან ხშირად ისეთ რამეებს აკეთებს, რაც ჩვენი პლანეტის მცხოვრებთთათვის უდავოდ წარმოუდგენელია.

"იუვენტუსთან" მატჩში ჩვენ ვნახეთ ლიონელ მესის არაერთი არაზუსტი დარტყმა. ვნახეთ მისი უკმაყოფილო გრიმასები, არაზუსტი პასები. მაშინ, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რომ ის აღარ იყო, რაც ადრე და რომ ის დიდი ალბათობით, ვერც ვერასოდეს დაუბრუნდებოდა ძველ სიმაღლეებს.

"იუვენტუსის" კარში იდგა ჯიჯი ბუფონი და მესიმ ვერც ამჯერად გაუტანა მას. "ბარსელონას" კი აღარ გამოუვიდა სასწაული, რომელიც მან
"პარი სენ-ჟერმენთან" შეხვედრაში ჩაიდინა. ალბათ იმიტომაც, რომ არც ტურინში და არც ბარსელონაში მესი თითქმის არაფრით გამორჩეულა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არც ფრანგულ კლუბთან საშინაო შეხვედრაში არ გაუბრწყინია არგენტინელს და სადაც იმ მატჩში მის გმირობაზე ვიტყვით, სხვებისა უფრო მეტად უნდა შევაქოთ.

და უცბად ხდება დიდი გარდაქმნა. მესის დიდებული გოლებითა და თამაშით "ბარსელონამ" მოიგო უმნიშვნელოვანესი კლასიკო და ესპანეთის ჩემპიონობის სოლიდური შანსი შეირჩინა. თამაშიცაა და თამაშიც: მშვენიერი იყო რაკიტიჩის გოლი და დასაწუნი არაფერი ჰქონდა სერხი რობერტოს საენდშპილო რეიდს, მაგრამ ორი აზრი არაა: კლასიკო მესიმ მოიგო. სწორედ მან დაადუმა 85- ათასიანი "სანტიაგო ბერნაბეუ".

ეს კლასიკო განსაკუთრებული გამოვიდა და ეს, უპირველეს ყოვლისა, ლიონელის დიდებული თამაშის გამო. მესიმ რაც გააკეთა, ის შეუძლია მხოლოდ გენიას და ხშირად ისიც ვერ გვიჩვენებს ასეთ ფოკუსებს.

ხოლო ის, რაც მან გვიჩვენა საფინალო სასტვენამდე ათი წამით ადრე, ნიშნავს მხოლოდ ერთს: ჩვენს შორის არ არის რეალური ადამიანი. ჩვენს შორის არის უცხოპლანეტელი სტუმარი. მოდი, ნუ გამოვიყენებთ სიტყვას "ღმერთი".

დავტოვოთ ის, როგორც ყველაზე მაღალის, შეუცდომლის სიმბოლო. და თუ ეს ასეა, მაშინ ყველაზე მოკრძალებული, რასაც მესი იმსახურებს, უცხოპლანეტელის ტიტულია.

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერს ვერ უძლებს. მესიმ კი მართლაც რომ გაუძლო. თუნდაც იმიტომაა ის ყველაზე დიდი, რომ ამ ორომტრიალში შეძლო და "ბერნაბეუზე"ასეთი დიდი, მართლაც რომ დაუვიწყარი შოუ დადგა.

საწყენია, რომ დღეს ფეხბურთი ერთი დიდი ბიზნესი გახდა თავისი ყბადაღებული ტრანსლაციებით. ეს იყო დიდი მატჩი, რომელიც უნდა ენახათ იმ ბავშვებს, ხვალ დიდი ფეხბურთის თამაში რომ სურთ. უნდა ენახათ ძველ, ბევრის მომსწრე ქომაგებს და დარწმუნებულიყვნენ, რომ ტყუილად არის აზრი გავრცელებული, თითქოს, თანამედროვე ფეხბურთში სანახაობა საბოლოოდ მოკვდა. რომ ის აღარ არსებობს და რომ ყველაფერს პრაგმატიზმი წყვეტს.

მთლიანობაში ასევე დიდებულად მოთამაშე "რეალმა" სულ რამდენიმე წუთით გაურია თავის ქმედებაში პრაგმატიზმი და ეგრევე დაისაჯა.

როგორც ჩანს, მესის შესაძლებლობებს ზღვარი მართლაც რომ არ აქვს. მასზე არ მოქმედებს ის, რომ სასამართლოში მისი საქმე გადამწყვეტ ფაზაშია შესული. რომ გუნდში საქმეები მთლად კარგად არ მიდის. რომ ჟურნალისტებმა მას "შავი სიის" შედგენა დააბრალეს, სადაც. თითქოს, იმ ფეხბურთელების ვინაობა წერია, რომელთა გუნდიდან გაშვებასაც მესი ითხოვს.

მასზე არც ის მოქმედებს, რომ "იუვენტუსთან" ორრაუნდიანი მატჩის შემდეგ მესი მსოფლიოს სპორტულმა მედიამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. არაფრით აგდებს მარსელოს ძალიან მწარე ძალიან ალიყურს, რომლის გამოც, წესით, "რეალი" გაცილებით ადრე უნდა დარჩენილიყო ათი კაცით.

არიან ადამიანები, რომლებზეც არაფერი მოქმედებს. როგორც ჩანს, მესიც რკინისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამდენს ნამდვილად ვერ გაუძლებდა და ვერ შემოგვთავაზებდა იმ სანახაობას, რომელიც მესიმ დადგა.

სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. მართალია, "ბარსელონა" აღარ არის ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მესისათვის ახლა მთავარი შეჯიბრება პრიმერაა. მან თუ ასე ითამაშა, "ბარსელონას" შეჩერება დარჩენილ მატჩებში ძალიან რთული იქნება.

ჩვენ კი ვისურვოთ, რომ რაც შეიძლება, მეტი ასეთი შეხვედრა ვნახოთ, რადგან დღეს, როცა ფეხბურთში პრაგმატიზმმა მთავარი ადგილი დაიკავა, სანახაობა იშვიათი ხილი გახდა. ეს იყო მესიჯი სხვა კლუბებისათვის: თუ "რეალმა" და "ბარსელონამ" ეს შეძლეს, სხვებმაც უნდა მოახერხონ.

- ლა ლიგა. XXXIII ტური: ლეოს მეხუთასემ "ბერნაბეუ" დაადუმა [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
რონალდოს პორტუგალიის შედარებით სუსტი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებში 71 ბურთი აქვს გატანილი და აქედან მხოლოდ 15 ამხანაგურ თამაშებში.მესი არგენტინის ვარსკვლავურ ნაკრებში 54 ბურთი გაიტანა აქედან 27 ამხანაგურ თამაშებში.თან პორტუგალია ევროპის ჩემპიონი გახდა და რონალდომ 5 უმნიშვნელოვანესი ბურთი გაიტანა.ვინ გამოდის უცხოპლანეტელი.
მხოლოდ ფაქტები
02 მაისი 2017 08:56
1
რონალდოსა და მესის შორის განსხვავება ის არის რომ რონალდოს შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს თამაშის ბედი და ისეთი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს როგორიცაა პორტუგალიის ნაკრები ევროპა მოაგებინოს.მესის კი რომელსაც უნიკალური ტეხნიკა აქვს, გუნდში აუცილებლად სჭირდება მაგარი ვარსკვლავები.თან მნიშვნელოვან თამაშებს საერთოდ ვერ თამაშობს.მაგალითი მსიფლიო ჩემპიონატია სადაც სადაც ბოლო 3 პლეიოფი ჩააგდო,აღარაფერს ვამბობ პსჟ და იუვესთან ჩატარებულ თამაშებს.მოკლედ რონალდო ბუნებით ლიდერია ,მესი კი არა.
ჩემი აზრი
02 მაისი 2017 08:33
1
მარადონასთან ახლოსაც ვერ მივა ჩემი აზრით.ისე ყველას თავისი აზრიაქ და შეხედულება ფეხბურთელებზე მე პირადათ გარინჩას და კრუიფს ვაყენებ ყველაზე წინ. ასე რო კაცია და ხასიათი.მესი თუ ვიღაცას მოწონს და აფანატებს მასზე ეს იმას არ ნიშნავს რო ყველა ეგრე უნდა ფიქრობდეს.დიდი ფეხბურთი რო ითამაშა ეს უდაოა მაგრამ არა ყველა დროის საუკეთესო.
qutaiseli
01 მაისი 2017 10:36
1
ფეხბურთელზეა საუბარი გელა და ეს სპორტული საიტია სადაც მართო სპორტით უნდა შეაფასო სპორცმენი და თუ მის პიროვნულ თვისებებზე გინდა საუბარი მაშინ პროფილში მიდი და იქიდან გაგვაცანი ცრემლიანი და დაჭერილი როჟით მესი :D ან რომ ჭორაობ შენ რაიცი ვინ რა კაცია და რა ადამიანია თუ ახლოს არ იცნობ? შეაფასე როგორც ფეხბურთელი და აღიარე რომ მესი მართლა ყველა დროის საუკეთესოებშია დანარჩენი ჭორაობაა შენი მხრიდან და სხვა არაფერი
gela 2-s
01 მაისი 2017 09:42
1
60-იანი წლებიდან,როცა პანტიანში დავდიოდით თამაშების სანახავად, რეალის გულშემატკივარი ვარ(რათქმაუნდა "დინამოს" შემდეგ), მაგრამ იმის აღიარება, რომ ლეო მართლაც განსაკუთრებულია არასოდეს გამიჭირდება. ბოლო კლასიკოსთან მიმართებაში კი "რეალი" ზედმეტი თავდაჯერების გამო დაისაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ფრეც აწყობდა, მაინც მთელი გუნდით იყო შეტევაში გადასული შეხვედრის ბოლო წუთებზე და დაავიწყდათ, რომ ამ გენიოსთან ჰქონდათ საქმე.
murtalo
30 აპრილი 2017 16:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული