ხრისტო სტოიჩკოვი: ფეხბურთის ღმერთი არ არსებობს!

AutoSharing Option
ხრისტო სტოიჩკოვი კონფედერაციათა თასის გათამაშების მატჩებს ესწრება. თუმცა ბულგარული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა რუსეთში უბრალო გულშემატკივრის, ექსპერტისა თუ კომენტატორის სტატუსით არ ჩასულა. აქ ის ერთ-ერთ მსხვილ საქველმოქმედო ფონდს წარმოადგენს...

სტოიჩკოვის ვიზიტი არ ითვალისწინებდა შეხვედრებს მედიასთან, თუმცა 90-იანი "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორვარდმა, რომელიც ახლა 51 წლისაა, გრაფიკში კორექტივები შეიტანა და მისი პერსონისადმი დიდი ინტერესი ადგილობრივი და უცხოური პრესის წარმომადგენლებთან ვრცელი ინტერვიუთი დააკმაყოფილა.

გთავაზობთ ამ ინტერვიუს საინტერესო ფრაგმენტებს...

როცა ამდენი ტელეკამერაა, ძნელია დამალვა...
- ახლახან დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მორიგი გათამაშება. რას იტყოდით მის შედეგებზე?
-
"რეალი" 59 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა ერთ სეზონში პრიმერა დივიზიონისა და მთავარი ევროსაკლუბო ტურნირის მოგებას. ეს მიზანიც მიღწეულია. როგორც ყოფილ ბარსელონელს, არ მიჭირს იმის აღიარება, რომ "რეალი" ღირსეული გამარჯვებულია. ჩემთვის აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ "რეალი" ერთი თავით მაღლა იდგა "იუვენტუსზე"?
- მხოლოდ მეორე ტაიმში. ზიდანმა ტაქტიკურად აჯობა ალეგრის.

- რას იტყვით რამოსის საქციელზე, როცა მის გამო კუადრადო გააძევეს?
- რა უნდა ვთქვა ახალი?! განა, ყველა არ იცის, რას წარმოადგენს სერხიო რამოსი? აღარ მინდა გამეორება...

- თქვენ რომ თამაშობდით, ასეთი რაღაცები იშვიათად ხდებოდა, თუ მაშინ ამას არ აქცევდნენ ამხელა ყურადღებას?
- ალბათ, უფრო მეორე ვარიანტია სწორი პასუხი. რა დასამალია, რომ სიმულაცია ყოველთვის იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება, ეს ბრძოლის ერთ-ერთი ხერხია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ადრე ამდენი ტელეკამერა არ იდგა მოედანზე. ამიტომ, დღეს ძალიან ძნელია რამის დამალვა.

იმიტომ, რომ არგენტინელია...
- რას იტყვით კრიშტიანო რონალდოზე?
- ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მესიმდე ბევრი უკლია. საერთოდაც, ამ ორი ფეხბურთელის შედარება უადგილო მგონია.

- რატომ?
- მესი ყოველთვის გუნდზე თამაშობს. ფანტასტიკური ტექნიკა, ინტელექტი... და თან არგენტინელია, ანუ ეგოისტი არ არის და თანამედროვე ფეხბურთში ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ გაინტერესებთ განსხვავება?

- რა თქმა უნდა...
- მაგალითად, მესის ხშირად ადარებენ დი სტეფანოს, პელეს, კრუიფს... რონალდოზე ასეთი რამ გაგიგონიათ? მას მხოლოდ მესის ადარებენ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვერც ის გახდება ოდესმე მესი და "რეალიც" ვერასოდეს შეედრება "ბარსელონას" თავისი სიდიადით. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა - მადრიდელები თამაშობენ იმის მიხედვით, რაც გამოვათ, "ბარსამ" კი, უბრალოდ, იცის, როგორც უნდა ფეხბურთი... "ბარსელონაში" თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული პატივია და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პატივი მეც მხვდა წილად.

- პატივია იმათთვისაც, ვისაც "რეალშიც" უთამაშია?
- რატომაც არა? ამის ნათელი მაგალითია ლუის ენრიკე.

- და ფიგუ?
- არა, არა... ის "ბარსელონადან" წავიდა "რეალში". ეს სულ სხვა რამეა.

გამხდარი ხრისტო, შავი თმებით...
- თქვენს თამაშებს თუ უყურებთ ხოლმე ძველ ვიდეოჩანაწერებში?
- თქვენ წარმოიდგინეთ, არასოდეს! ფოტოებს კი გადავათვალიერებ ხოლმე - ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, შავი თმებით, გამხდარი... 60 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა კი (იცინის)...

- არსებობს მოსაზრება, რომ მეკარეები კარგი მწვრთნელები ვერ ხდებიან. ეთანხმებით?
- არ ვეთანხმები! ყველაზე მთავარი არის დისციპლინა, დისციპლინა და კიდევ ერთხელ დისციპლინა! როგორი თაობაც არ უნდა გყავდეს, ფეხბურთში პრობლემების გარეშე არ არსებობს. 1994 წელს ბულგარეთის ნაკრებსაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ თავს დავდებდით ბულგარელი ხალხის გასახარებლად. ჩვენ ეს შევძელით. როცა ფეხბურთელები სვამენ და ღამეებს ბარებში ათენებენ, ასე არაფერი გამოვა და რაღა მნიშვნელობა აქვს, ყოფილი მეკარე იქნება მწვრთნელი თუ არა? დისციპლინას დავამატებდი საკუთარი ძალების რწმენასაც...

- და ტალანტი? ესეც ხომ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია?
- ბუნებრივია და ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს! ბულგარეთში ახლა პრობლემებია ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთში. ორი მიზეზია - ტალანტები ან აღარ მოდიან, ან ამ ტალანტს სწორ კალაპოტს ვერ ვაძლევთ. ბავშვებს ზოგადად სპორტისადმი სიყვარული უნდა ჩავუნერგოთ. დღეს კი რას ვხედავთ - "აიფონები", "აიპადები", "სმარტფონები" - ეს არის მთავარი გასართობი. აი, მაგალითად, მე ტელეფონი არ მაქვს!..

- საერთოდ არ გაქვთ?
- "აიფონი" მაქვს, მაგრამ მას მხოლოდ მეუღლესა და ქალიშვილთან კონტაქტისთვის ვიყენებ.

- სოცქსელები?
- არა, არანაირი სოცქსელები! ასე უფრო მშვიდად ვარ, დროსაც არ ვხარჯავ უაზროდ. ოჯახი, შვილიშვილი, მეგობრები - ამაზე კარგი არაფერია!

თუ არ მუშაობს სისტემა...
- 1994 წელს მოგებული "ოქროს ბურთი" განსაკუთრებული ჯილდოა თქვენს კარიერაში?
- ცხადია, რადგან ფეხბურთელისთვის ინდივიდუალური ჯილდო უაღრესად მნიშვნელოვანია. იმ "ოქროს ბურთისგან" სამი ასლი დავამზადებინე. ერთი - ბულგარეთის პრეზიდენტს ვაჩუქე, ორიც - სოფიის ცსკა-სა და "ბარსელონას" მუზეუმებს.

- მწვრთნელობა აღარ გიზიდავთ?
- სამი საფეხბურთო სკოლა გავხსენი ესპანეთსა და ბულგარეთში. იქ ორი ათასამდე ადამიანია დასაქმებული. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და მაინტერესებს, როგორ მიდის საქმეები. თმები გამითეთრდა, იმდენს ვნერვიულობ ამ სკოლებზე. ძალიან მინდა, რომ იქ დიდი ფეხბურთელები გავზარდოთ. რა თქმა უნდა, ყველა ვარსკვლავი ვერ გამოვა, მაგრამ... ვნახოთ... რაც შეეხება სამწვრთნელო საქმეში დაბრუნებას, თუ რაიმე ღირებული წინადადება იქნა, აუცილებლად დავფიქრდები. მაქვს რაღაც იდეები, ოღონდ, მთავარია, ამ იდეების განხორციელებაში კლუბის პრეზიდენტი არ გიშლიდეს ხელს. სისტემა უნდა მუშაობდეს, როგორც ეს იყო იოჰან კრუიფის დროს "ბარსელონაში", ალექს ფერგიუსონის დროს "მანჩესტერ იუნაიტედში", მექსიკის "გვადალახარაშიც" მუშაობს ასეთი სისტემა, "ატლეტიკოშიც"... ახლა ინგლისში "მანჩესტერ სიტია" ამ მხრივ გამორჩეული. აგერ, ახლახან 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში "მანჩესტერ სიტის" 8 ფეხბურთელი იყო... "ბარსელონა" ავიღოთ - ვიქტორ ვალდესი, პიკე, პუიოლი, მესი, ჩავი, ინიესტა, პედრო, კრკიჩი, ჯოვანი დოს სანტოსი... ნახეთ, მთელია გუნდია და თან ამ ფეხბურთელებში "ბარსელონას" ერთი ცენტიც არ გადაუხდია. სწორედ შიდა რესურსით მიაღწიეს კატალონიელებმა საფეხბურთო მწვერვალებს და ეს დასაფასებელია!

რას იწერთ მაგ ბლოკნოტში?..
- "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდა ერნესტო ვალვერდე. თქვენ ერთად თამაშობდით...
- დიახ, იყო ასეთი დრო 90-იანებში... ვალვერდე წესიერი, განათლებული კაცია, მკაფიო იდეებით. მან იცის, როგორ იმუშაოს მაღალი წნეხის პირობებში. მაგრამ ნურავის ეწყინება - მთავარია, მესი იყოს ფორმაში... როცა ლეო არ არის, ეს ნებისმიერი მწვრთნელისთვის პრობლემაა...

- სად არის თქვენი სახლი, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ?
- თვითმფრინავში (იცინის)... ახლა ძირითადად მაიამიში ვცხოვრობ, მაგრამ მაქვს სახლი სამშობლოშიც, ბარსელონაშიც...

- კრუიფთან ყოველთვის არ გქონდათ კარგი ურთიერთობა. მაგრამ მას მაინც ყველაზე დიდ მწვრთნელად თვლით თანამედროვე ფეხბურთში?
- ის ჩემთვის ყველაზე დიდია და ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მასთან მუშაობამ. იოჰანმა "ბარსელონას" ფილოსოფია შეცვალა და სწორედ ამაზე აშენდა ის წარმატებები, რასაც ამ ლეგენდარულმა კლუბმა მიაღწია.

- "ბარსელონაში" მეორედ რომ მიხვედით, გუნდს უკვე ბობი რობსონი წვრთნიდა, მის ასისტენტად კი ჟოზე მოურინიო მუშაობდა...
- ოოო, ეს პორტუგალიელი!..

- იფიქრებდით, რომ მოურინიო დიდი მწვრთნელი გახდებოდა?
- სიმართლე გითხრათ, მაშინ ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე. უბრალოდ, ვხედავდი, რომ სულ ბლოკნოტით დადიოდა, ყველაფერს რაღაცებს ინიშნავდა... ერთხელ ვკითხე - რას იწერთ მაგ ბლოკნოტში-მეთქი? გადაშალა და მაჩვენა "რეალისგან" მიღებული ორი გოლის ანალიზი იყო...

- მოგწონთ მოურინიოს ფეხბურთი?
- ყველას თავისი შეხედულება აქვს ფეხბურთზე. მაგრამ ნახეთ - მან ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა "ინტერს", რომელიც დიდხანს ოცნებობდა ამაზე. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი.

- ფეხბურთის ღმერთის წინაშე რომ აღმოჩნდეთ, რას სთხოვდით?
- ფეხბურთის ღმერთი არ არსებობს!

ვან გაალი? დროს ნუ დავკარგავთ...
- ერთხელ, როგორც ტელეკომენტატორმა, ინტერვიუ აიღეთ სუარესისგან. არ ჰკითხეთ, რატომ იკბინება?
- ვიცი, რომ ის არ არის ბოროტი ადამიანი. ცუდია, მაგრამ მაინც თავისებური ემოციაა. არც იცის, როგორ და რატომ მოსდის ეს...

- გვახსოვს, თავის დროზე ლუის ვან გაალს "არამზადა" უწოდეთ. ახლა თუ ჩამოართმევდით ხელს?
- ნუ დავკარგავთ დროს, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ...

- წლების წინ პერუში ბავშვი იშვილეთ. გაქვთ ახლა მასთან კონტაქტი?
- მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ... მაგრამ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ერთი ღარიბი, უმამო ბავშვის მეურვეობა ვიკისრე. "ბარსელონა" მაშინ პერუში საქველმოქმედო აქციას ატარებდა... მერე ის ბიჭი დედასთან ერთად ესპანეთში მივიწვიე, მაგრამ არ ისურვეს ჩამოსვლა.

- და ბოლო კითხვა: ვინ იქნება ის ფეხბურთელი, ვინც მესისა და რონალდოს დაპირისპირებაში ჩაერევა?
- ძნელი სათქმელია... ნეიმარი, სუარესი, დიბალა, გრიზმანი... ალბათ, ამათგან უნდა იყოს რომელიმე. მაგრამ ისე ჩანს, რონალდოსა და მესის მეტოქეობა კიდევ დიდხანს გასტანს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული