ისკო რეალელია: 5-წლიანი კონტრაქტი და 24 მილიონი ევრო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა, რომ კლუბმა "მალაგას" 21 წლის ნახევარმცველი ისკო შეიძინა.

"კლუბმა შეიძინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი, 2012 წლის "ოქროს ბიჭის" ლაურეატი ისკო, რომელმაც ახლახან ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო", - ვკითხულობთ საიტზე.
ფრანსისკო (აქედან, ისკო) რომან ალარკონი მომავალ 5 სეზონს "სამეფო კლუბში" გაატარებს.

ოთხშაბათს, 3 ივლისს ისკო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მას "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარადგენენ. "ლევერკუზენიდან" დანი კარვახალის დაბრუნების შემდეგ, ისკო "რეალის" მეორე შენაძენია ამ ზაფხულს.

სატრანსფერო თანხაზე "რეალის" საიტი არაფერს იუწყება, თუმცა "ტოდომერკადოს"
ცნობით, "მალაგას" ხაზინა 24 მილიონი ევროთი შეივსო.

ხახამშრალი "ვალენსია"
ისკოს თავბრუდამხვევი კარიერა უპრიველესად "ვალენსიას" მენეჯმენტს უნდა ადარდებდეს, რომელმაც ამ ფეხბურთელში მომავლის დიდი ტალანტი ვერ დაინახა - ის ხომ 14 წლის ასაკიდან "ვალენსიას" ახალგაზრდული სისტემის პროდუქტია.

"ლოს ჩეს" პირველ გუნდში ისკოს დებიუტი 2010 წელს ჰქონდა ესპანეთის თასზე. მან დებიუტი დუბლით აღნიშნა. 2011 წლის ზაფხულში "მალაგამ" გამოიყენა ისკოს კონტრაქტში ჩაწერილი პირობა და ის 6 მილიონ ევროდ გამოისყიდა და მისი კარიერაც გაიფურჩქნა: იმ სეზონში ისკომ ლა ლიგაში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. სეზონის ბოლოს ის ლა ლიგის 2011/12 წლების სეზონის აღმოჩენად დაასახელეს. წლის ბოლოს კი მას ევროპის "ოქროს ბიჭის" ტიტული მიენიჭა, როგორც კონტინენტის ყველაზე დიდ ტალანტს. ისკომ გამოკითხვაში სტეფან ელ შაარავისა და ტიბო კურტუას აჯობა.

წლეულს, იანვარში ისკომ "მალაგასთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 35 მილიონი ევრო ჩაიწერა. სავარაუდოდ, "რეალმა" წარმატებულად ივაჭრა და ამ თანხაზე 11 მილიონით ნაკლები გადაიხადა.

17 ივნისს ისკომ განაცხადა, რომ ორი წინადადება აქვს: "მანჩესტერ სიტიდან" და "რეალიდან", საბოლოოდ "სამეფო კლუბმა" იმარჯვა და ესპანეთის პირველობამ მორიგი ტალანტი აღარ დაკარგა.

ნახევარმცველმა ახლახან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იზეიმა ტიტული.

დოსიე
ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი

დაიბადა: 1992 წ. 21 აპრილი
დაბ. ადგილი: ბენალმადენა (მალაგა)
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
2006-2011 - ვალენსია
2011-2013 - მალაგა
2013-დან - რეალი
ესპანეთის ნაკრები: 1 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: გარდამავალი ეტაპი ზიზუმდე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული