ესპანეთი. ლა ლიგა. I ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ლა ლიგის 83-ე გათამაშების სტარტი შთამბეჭდავი შედეგიანობით აღინიშნა. 20-მა გუნდმა 35 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3,5-ს უდრის. ამ გოლების მეხუთედი საკუთარ ანგარიშზე მოქმედმა ჩემპიონმა ჩაიწერა და კიდევ ერთი საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა...

სარეკორდო გამარჯვება
"ბარსელონამ" ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი სტარტი აიღო. კატალონიელებმა ხოაკინ კაპარაოსის "ლევანტეს" 7:0 მოუგეს.

აქამდე, პირველ ტურში ყველაზე დიდი ანგარიშით "ბარსას" 1950/51 წლების სეზონის სტარტზე ჰქონდა მოგებული, როდესაც "რეალ სოსიედადი" 8:2 დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ხერარდო მარტინოს იდეალური დებიუტი გამოუვიდა. არგენტინელმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა ნეიმარი, ხოლო ლიონელ
მესი 70-ე წუთზე შეცვალა.

"ბარსელონას" 10-იანი ესპანეთის ჩემპიონატის თამაშში ბოლოს სამი წლის წინ, ხოსეპ გვარდიოლამ შეცვალა.

"ლევანტემ" ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხი განიცადა. აქამდე ვალენსიელებს იმავე "ბარსასთან" (შარშან) და "რეალთან" (2004/05) 0:5 ჰქონდათ წაგებული.

ისკომანია მადრიდში
"სამეფო კლუბი" ისკომ იხსნა. მადრიდელთა ახალწვეულმა გამარჯვების მომტანი გოლი 86-ე წუთზე გაიტანა, მანამდე კი საგოლე პასიც (ბენზემა) გააკეთა.

ამის გარდა, 21 წლის ესპანელმა რამდენიმე ლამაზი ეპიზოდი შემოგვთავაზა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



"მალაგას" და "ვალენსიას" ყოფილი ფეხბურთელის ასეთი კარგი თამაშის შემდეგ შედარებით უკანა პლანზე გადავიდა მთავარი თემა, რომელსაც ჟურნალისტები განიხილავდნენ. საუბარი, რა თქმა უნდა, იკერ კასილიასის სათადარიგოთა სკამზე დატოვებაზე გვაქვს.

სხვათა შორის, იკერმა იხუმრა, იმითაც ბედნიერი ვარ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს თასზე" ვითამაშებო.

სიმეონე: ლა ლიგა მოსაწყენია
"ატლეტიკოს" თავკაცის აზრით, ესპანეთის ჩემპიონატი ორი გუნდის დოღია და ძალიან მოსაწყენი საყურებელია. არგენტინელის თქმით, იქამდე, სანამ სატელევიზიო ტრანსლაციებიდან შემოსული თანხების გადანაწილების პრინციპი არ შეიცვლება, ესპანეთის პირველობას არაფერი ეშველება და სხვა გუნდები "ბარსა"-"რეალის" ბრძოლაში ვერ ჩაერთვებიან.

სიმეონეს გუნდმა საკმაოდ კარგი სტარტი აიღო - "ატლეტიკომ" გასვლაზე "სევილიას" სძლია და სეზონი სამი ქულის აღებით გახსნა. დუბლი შეასრულა დიეგო კოშტამ, ხოლო დავიდ ვილიამ 70 წუთი ითამაშა, მაგრამ "ელ გუახეს" თავი არ გამოუჩენია.

წყალქვეშა ნავმა ამოყვინთა
"ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" მეორედ ამოყვინთა. პირველად "ვილიარეალმა" ეს მაშინ გააკეთა, როდესაც სეგუნდა დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და პრიმერას საგზური მიიღო; მეორედ კი - ორშაბათს, "ალმერიასთან" შეხვედრაში.

მარსელინიოს გუნდი ორჯერ აგებდა, მეორედ 84-ე წუთამდე, მაგრამ ჯერ ჯოვანი დოს სანტოსმა გაათანაბრა, 2 წუთში კი მექსიკელმა ხონათან პერაირას გადააწოდა და "ყვითლებმა" საოცარი "ქამბეკი" მოაწყვეს.

დოს სანტოსზე არანაკლები წვლილი გამარჯვებაში პერეირამ შეიტანა - გადამწყვეტი გოლის გატანის გარდა, "ბეტისის" ყოფილმა ნახევარმცველმა 65-ე წუთზე სებასტიან დუბარბიერს საკუთარ კარში გაატანინა.

უიმედო შუსტერი
ბერნდ შუსტერი პესიმისტურად არის განწყობილი. "მალაგას" თავკაცმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა, შესაძლოა, პირველ სამ ტურში ქულაც ვერ აიღოს და გერმანელი მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის მზადაა.

ანდალუსიელთა რიგებში უამრავი ცვლილება მოხდა, გუნდი ლიდერებმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი შედარებით უცნობი და ახალგაზრდა ფეხბურთელები მოვიდნენ. გვარიანად გადახალისებული იყო "მალაგას" მეტოქე "ვალენსია", თუმცა მიროსლავ ჯუკიჩის სამწყსომ გამარჯვება მაინც მოიპოვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი რიკარდო კოშტამ გაიტანა და აღსანიშნავია, რომ "ღამურებს" ერთზე მეტი ზუსტი დარტყმა არც განუხორციელებიათ.

I ტურის ანტიგმირთა ნაკრები
მეკარე: ვილი კაბალიერო (მალაგა)
მცველები: პედრო ლოპესი (ლევანტე), ფასიო (სევილია), ე. როდასი (ლევანტე), კარვახალი (რეალი)
ნახევარმცველები: სერჟიო პინტუ (ლევანტე), პინა (ვილიარეალი), ელ ჟარი (ლევანტე)
თავდამსხმელები: კოლუნგა (ხეტაფე), მანუ დელ მორალი (ელჩე), ხ. ნუნიესი (ოსასუნა)

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. I ტური: "ბარსამ" შესანიშნავი სტარტი აიღო, "რეალს" გაუჭირდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული