ყველაფერი კი "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარეა - "სამეფო კლუბი" შეელია მთავარ მეპასეს - მესუთ იოზილს და ის "არსენალში" 50 მილიონ ევროდ გაყიდა. სამაგიეროდ, "რეალმა" ამის ორმაგ ფასში შეიძინა გარეთ ბეილი.
"რეალმა" იყიდა ისკო და გაუშვა ფორვარდი გონსალო იგუაინი. სხვა ცვლილებებიც იყო გუნდში, მაგრამ ეს ოთხი მთავარია. ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი გაახალგაზრდავების მიზნით გაკეთდა, კვარტეტის ასაკი 21-დან 25-წლამდე ამპლიტუდაში მერყეობს
იოზილის წასვლით ყველაზე მეტად გუნდში კრიშტიანო რონალდო აღშფოთდა მიზეზიც აქვს. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ გერმანელი ყველაზე უკეთ ამჩნევდა პორტუგალიელის გადაადგილებებს მოედანზე (როგორც თავად რონალდომ თქვა) - პირველმა სამმა ტურმა აჩვენა, რომ 28 წლის სუპერვარსკვლავი მთავარი მოქმედი გმირი არ არის და ეს ჯერ კიდევ ბეილის ათამაშებამდე!
შორს რომ არ წავიდეთ, სტატისტიკას მოვიშველიებთ: რონალდომ პირველ ორ ტურში საერთოდ ვერ გაიტანა და მხოლოდ მესამეში შეაგდო (თავით).
სამაგიეროდ, პირველ პლანზე გამოვიდა ახალი წყვილი, რომელიც "მალაგადან" გადმოსულმა ისკომ და ქარიმ ბენზემამ შექმნეს. ეს სწორედ მათი დამსახურებაა, რომ "რეალი" 9 ქულით ლიდერთა შორისაა.
I ტურში "ბეტისთან" (2:1) ისკოს პასით "რეალის" პირველი გოლი ფრანგმა ფორვარდმა გაიტანა. იმავე მატჩში ისკომ (მარსელოს პასით) თავადაც გამოიჩინა თავი. II ტურში "რეალმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "გრანადა". გამარჯვების გოლი კრიშტიანოს უნებური პასით (ბურთი კარგად ვერ გაიჩერა) ბენზემამ გაიტანა, კომბინაციას კი ისკო იწყებდა. "ბილბაოსთან" მატჩში ბენზემამ გაუწია ასისტენტობა ისკოს, თანაც ორჯერ! მოკლედ, "რეალის" 6 გოლიდან 5 ამ წყვილზეა (ერთიც რონალდოზე).
ახლა ყველაზე საინტერესოა, სად ათამაშებს ანჩელოტი გარეთ ბეილს. სეზონის წინ იტალიელი ეგრეთ წოდებულ ნაძვის ხეს - 4-3-2-1 - ამუშავებდა, თუმცა ბევრი კრიტიკაც შეხვდა. შესაძლოა, ამიტომ ანჩელოტი ისევ მოურინიოსეულ 4-2-3-1-ს დაუბრუნდა. სამივე ტურში ცენტრფორვარდის პოზიციაზე რეალურად უკონკურენციოდ დარჩენილი (იგუაინის წასვლის შემდეგ) ბენზემა თამაშობდა.
ორი საყრდენიდან 1 ყოველთვის ლუკა მოდრიჩი იყო, ორჯერ სამი ხედირა, ერთხელ კი ისკო. თუმცა "გრანადასთან" მატჩის გარდა ისკომ წინა სამეულში ითამაშა, რომელშიც უცვლელი მხოლოდ რონალდო რჩებოდა, იოზილი და ანხელ დი მარია კი მონაცვლეობდნენ.
ახლა, როცა იოზილი ლონდონში გადაბარგდა, ერთ-ერთ პოზიციაზე ალბათ ბეილს ვიხილავთ. კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუკი ანჩელოტი 4-3-2-1-ს დაუბრუნდება.
მოკლედ, მე-4 ტური, რომელშიც "რეალი" თანალიდერ "ვილიარეალს" "ელ მადრიგალზე" ესტუმრება, ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. ბუნებრივია, რონალდო ვერ შეეგუება გუნდში თუნდაც მეორე კაცობას და თავისას ეცდება, ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი უელსელ უნივერსალსაც.
მომგებიანი "რეალი"
მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გასული სეზონის მიხედვით "სამეფო კლუბის" შემოსავალი 520,9 მილიონი ევროა. აქედან სუფთა მოგება 36,9 მილიონის ტოლფასია, კლუბის ვალი კი 27,4%-ით შემცირდა. წინა წელთან შედარებით შემოსავალი 1,3%-ით მეტია, ხოლო სუფთა მოგება - 52,4%-ით მეტი. მოკლედ, ესპანური ფეხბურთის გრანდი ფინანსურადაც წარმატებული ორგანიზმია.
მორატას პოკერი
მართალია, ალვარო მორატა ჯერ ვერ უწევს სრულფასოვან კონკურენციას ბენზემას, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელმა ფრანგს ავსტრიიდან სერიოზული მესიჯი გაუგზავნა - 4 გოლის სახით. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ქვა-ქვაზე არ დატოვა ავსტრიის გუნდისგან - 6:2. მორატამ კი პოკერი შეასრულა. სხვათა შორის, ანგარიში ამ მატჩში "რეალის" მცველმა დანიელ კარვახალმა გახსნა, ხოლო ავსტრიელთა რბევა კიდევ ერთმა რეალელმა ხესემ დაასრულა.
აქვე საინტერესო იქნება ესპანელთა შემადგენლობაც: პაჩეკო, კარვახალი, ამატი, მუნიესა, ალბერტო, საული, სერხი რობერტო, მუნიაინი, სუსო, სარაბია, მორატა. შეცვლაზე ითამაშეს: ობიანგმა, ხესემ და ოლივერ ტორესმა.
ადანი ჟოზეზე ნაწყენია
2 სექტემბერს, მადრიდის "რეალი" კლუბის აღზრდილმა გოლკიპერმა ანტონიო ადანმა დატოვა. 26 წლის ფეხბურთელი ჯერაც დაუსაქმებელია, თუმცა მას ახლა სატრანსფერო ჩარჩო არ ზღუდავს, რადგან თავისუფალი აგენტია. ადანმა "მარკასთვის" მცირე კომენტარი არ დაიშურა:
"რეალში" კარგი დროებაც მქონდა და ცუდიც. ყველაზე ცუდად მახსოვს, რომ დიეგო ლოპესის ტრანსფერის შესახებ პრესით შევიტყე. ეს იყო ჩემი უპატივცემულობა, ჟოზე მოურინიოს უნდა ეთქვა პირადად, რომ მეკარის მოყვანას აპირებდა. როცა კასილიასმა ტრავმა მიიღო, მე თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა. ამას დაემატა ზოგიერთი ჟურნალისტის საქციელი, რომელთაც ჩემზე ცუდი დაწერეს. ამას აშკარად არ ვიმსახურებდი და ამიტომ წავედი".
სხვა ამბები
"მარკას" მტკიცებით, კარლო ანჩელოტიმ გადაწყვიტა სამეკარეო საკითხი. ყოველ შემთხვევაში, იანვრამდე მაინც - ლა ლიგის მატჩებში კარში დიეგო ლოპესი ჩადგება, ხოლო იკერ კასილიასი ხელთათმანებს ჩემპიონთა ლიგაზე და სამეფო თასზე მოირგებს.
"რეალის" ახალწვეულმა ასიერ ილიარამენდიმ ვარჯიშები განაახლა, ის "რეალ კასტილიასთან" ერთად ემზადება, რადგან "სამეფო კლუბის" 17 ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრებშია გამოძახებული.
"რეალის" ყოფილ ფეხბურთელ გუტის "სამეფო კლუბში" მწვრთნელის რანგში აქვს დებიუტი - ის 14-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებს ალბერტო გარიდოსთან ერთად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მარკა": მადრიდის "რეალის" I ტურის შემადგენლობა ცნობილია