ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტურის წინ: დაამარცხე "რეალი" ან წადი!

AutoSharing Option
ლა ლიგის მეორე წრე 17 იანვარს, "ლა როსალედაზე" "მალაგას" და "ვალენსიას" მატჩით დაიწყო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

ჩემპიონატის ლიდერები კი თავიანთ მატჩებს შაბათ-კვირას გამართავენ. სამივეს მეტ-ნაკლებად რთული შეხვედრა ელის - "ბარსელონა" სტუმრად "ლევანტეს" ხვდება, "რეალი" - "ბეტისს", რომელთანაც გასვლაზე თამაში უჭირს ხოლმე; ხოლო "ატლეტიკო" შესანიშნავ ფორმაში მყოფ "სევილიას" უმასპინძლებს.

დაუმარცხებელთა დუელი
ტურის ცენტრალურ შეხვედრად სწორედ "ატლეტიკოსა" და "სევილიას" დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ.

ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია - "ატლეტიკო" მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა გახლავთ და თავს 10-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებს, "სევილიას" კი ჩემპიონატის
დაწყების წინ ბევრი მე-4 ადგილის დაკავებას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ უნაი ემერის სტარტზე გუნდის დალაგება გაუჭირდა, თუმცა ბოლოს ანდალუსიური კლუბის ახალწვეულები ერთმანეთს და პრიმერას გაუშინაურდნენ და შედეგად, ანდალუსიელები უკვე მე-7 ადგილზე არიან, თანაც, ბილბაოს "ატლეტიკს" მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებიან.

წაუგებელი სერიით თავს სტუმარიც იწონებს - "სევილიას" ბოლო 7 მატჩია, არ წაუგია, მაგრამ მიუხედავად ამისა, "ვისენტე კალდერონზე" ის აუტსაიდერის რანგში ჩადის.

"ატლეტიკოს" ფავორიტობას ხელს არა მხოლოდ უკეთესი სატურნირო მდგომარეობა, არამედ ამ გუნდების ბოლო ურთიერთშეხვედრებიც უწყობს. უკანასკნელად "სევილიამ" მეტოქეს 2010 წელს სძლია, იქიდან მოყოლებული კი, ჩემპიონატში თუ თასზე გამართული რვა მატჩიდან 4 "როხიბლანკომ" მოიგო, 4 კი ფრედ დასრულდა.

გუნდების ბანაკში განსაკუთრებული ან ახალი დანაკლისი არ არის, მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც "სევილიას" შანსებს ზრდის - დიეგო სიმეონეს გუნდმა ბოლო 10 დღეში სამი ურთულესი მატჩი ჩაატარა (ორი "ვალენსიასთან" თასზე და ერთი "ბარსელონასთან"), სადაც არგენტინელს როტაციის დიდი საშუალება არ მისცემია.

შესაბამისად, არაა გამორიცხული, მადრიდელი ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ.

გარიდოს ბოლო შანსი
"ბენიტო ვილიამარინზე" თამაში ნებისმიერ გუნდს უჭირს, მათ შორის, მადრიდის "რეალსაც", თუმცა წლევანდელ სეზონში "ბეტისი" იმდენად უსუსურია, ძნელი წარმოსადგენია, მასპინძლებმა "სამეფო კლუბს" სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ.

მადრიდელთა ბანაკში კარგი განწყობაა - კრიშტიანო რონალდომ "ოქროს ბურთი" მოიგო და ეს შესანიშნავი მოვლენა პირველივე თამაშში ("ოსასუნასთან") გოლით აღნიშნა, მისი გუნდი კი სამეფო თასის 1/4-ფინალში გავიდა. ჩემპიონატში "რეალმა" ლიდერებთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, შაბათს კი სულაც კონკურენტებთან დაწევის შანსი აქვს.

რადიკალურად განსხვავებული განწყობაა "ბეტისში": მოგებით ხომ არავის არაფერი მოუგია, თავად გუნდს ჩემპიონატში უკვე 12 მატჩია არ უმარჯვია. რაც შეეხება თასს: სევილიელებმა ბილბაოში 0:2 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

ესპანურ პრესაში უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ ხუან კარლოს გარიდოს დანიშვნა შეცდომა იყო, რადგან პეპე მელის შემცვლელმა სიტუაცია ვერ გამოასწორა და გუნდი ისევე მიექანება სეგუნდა დივიზიონისკენ, როგორც ამას ყოფილი მწვრთნელის ხელში აკეთებდა.

ჟურნალისტების ვარაუდით, მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, გარიდოს კარისკენ მიუთითებენ. თავადაც ხვდებით, რომ ამ სიტუაციაში პოსტზე დარჩენის შანსი ესპანელ სპეციალისტს მინიმალურზე მინიმალური აქვს.

ბარალის გარეშე
"ლევანტეს" "ბარსელონასთან" შეხვედრაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი (4 გოლით, ელ ჟართან ერთად) დავიდ ბარალი არ ეყოლება, რომელმაც წინა ტურში მეხუთე ყვითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამავე მიზეზით, კატალონიელებს დანი ალვეში დააკლდებათ, რომელსაც შემადგენლობაში მარტინ მონტოია შეცვლის; აი, ხოაკინ კაპაროსს კი სერიოზული თავისტკივილი ელის, რადგან ბარალის გარდა, გუნდის მეორე საუკეთესო თავდამსხმელი ბაბა დიავარა (3 გოლი) ტრავმირებულია, "ლევანტეს" სხვა ფორვარდებს კი ამ სეზონში გოლი არ გაუტანიათ.

ვალენსიელებს მრისხანე მეტოქე არასდროს დაუმარცხებიათ და ამის გაკეთების შანსი არც ახლა უნდა ჰქონდეთ.

მოსალოდნელია, რომ ხერარდო მარტინო ძირითად შემადგენლობაში ლიონელ მესის დააბრუნებს, რომელიც ნეიმართან ერთად, "ატლეტიკოსთან" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ბრაზილიელზე იმავეს თქმა რთულია, რადგან მისი კონკურენტები, პედრო და ალექსის სანჩესი ძალიან კარგ ფორმაში არიან.

ბრძოლა ოთხეულისთვის
მეოთხე ადგილზე მყოფი ბილბაოს "ატლეტიკი", რომელიც საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია, თასზე "ბეტისთან" გამარჯვების შემდეგ მორიგ საშინაო მატჩს "ვალიადოლიდთან" გამართავს და ეცდება, დაკავებული პოზიცია მინიმუმ ერთი ტურით მაინც შეინარჩუნოს.

ბასკებს ორი მიკელი აკლიათ - სან ხოსემ და რიკომ წინა ტურში მეხუთე ყვითელი ბარათები მიიღეს. გუნდს განსაკუთრებით უკანასკნელის არყოფნა უნდა დაეტყოს, რადგან მიკელ რიკო, მიუხედავად ასაკისა (36 წლისაა) და პოზიციისა (საყრდენი ნახევარმცველია), 5 გოლით "ატლეტიკის" საუკეთესო ბომბარდირია.

"ბილბაოს" უახლოესი მდევრები "ვილიარეალი" და "სოსიედადი", შესაბამისად, "ალმერიას" და "ხეტაფეს" ხვდებიან. "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ორმატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელებას ეცდება, "სოსიედადს" კი წინა ტურში განცდილი სამარცხვინო წაგების შემდეგ (1:5, "ვილიარეალთან") გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციის შანსი საშინელ ფორმაში მყოფ "ხეტაფესთან" აქვს, რომელმაც ბოლო 4 მატჩი წააგო.

ბოლოს კი ერთი საინტერესო სტატისტიკა: "ელჩემ" უკანასკნელ 9 ტურში მხოლოდ 4 ქულა მოაგროვა, მაგრამ ამჯერად ხვდება კლუბს, რომელთანაც სეგუნდაში გამართული 10 მატჩიდან 8 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. "რაიო ვალეკანომ" ვალენსიელების დამარცხება მხოლოდ პრიმერაში, პირველი ტურის შეხვედრაში (3:0) შეძლო. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა "ელჩე" რევანშის აღებას და 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას.

ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური
17 იანვარი
მალაგა-ვალენსია 0:0

18 იანვარი
ბეტისი-რეალი 19:00
დისკვალიფიკაცია: ნონო (ბეტისი)
ტრავმა: ვადილიო, პერკისი, იგიებორი, ხავი ტორესი - ვარანი, ხედირა
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 (4-14) +5 =1 -0 (18-5)
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +7 =12 -18 (36:59)

ელჩე-ვალეკანო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: საპუნარუ, მანუ ერერა, ა. ხიმენესი - ა. პერეა, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი
ბოლო 6 მატჩი
+0 =2 -4 (3-11) +1 =1 -4 (7-15)
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +8 =2 -1 (18:12)

გრანადა-ოსასუნა 23:00
დისკვალიფიკაცია: ანდრეს ფერნანდესი (ოსასუნა)
ტრავმა: დანი ბენიტესი, იგალო, მურილიო - ე. არმენტეროსი, ონვუ, სისი, ნინო
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 (8-12) +2 =2 -2 (6-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3 =1 -1 (9:5)

ესპანიოლი-სელტა 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დავიდ ლოპესი - სამუელ ლორკა
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (9-7) +2 =1 -3 (9-13)
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +11 =9 -11 (42:36)

19 იანვარი
მადრიდი. "ვისენტე კალდერონი". 00:00
ატლეტიკო-სევილია
დისკვალიფიკაცია: დიოგო ფიგეირაში (სევილია)
ტრავმა: მარიო სუარესი - ჩერიშევი, სისინიო
ბოლო 6 მატჩი
+4 =2 -0 (10-3) +4 =2 -0 (13-4)
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +12 =12 -14 (51:52)
სავარაუდო შემადგენლობები:
"ატლეტიკო" (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, ტიაგო, არდა თურანი - დიეგო კოშტა, ვილია
"სევილია" (4-2-3-1): ბეტუ - კოკე, ფასიო, კარისო, ფ. ნავარო - მბია, იბორა - ხ. რეიესი, რაკიტიჩი, ვიტოლო - ბაკა

ხეტაფე-სოსიედადი 15:00
დისკვალიფიკაცია: ინიგო მარტინესი (სოსიედადი)
ტრავმა: მოსკერა, მიჩელი - დე ლა ბელია, სურუტუსა, გრანერო
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 (3-17) +5 =0 -1 (17-11)
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5 =5 -3 (11:14)

ვილიარეალი-ალმერია 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ე. პერესი, პაბლო ინიგესი, კანი, ფარინოსი - როდრი, ნელსონი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (16-8) +2 =1 -3 (6-14)
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +5 =5 -4 (15:15)

ლევანტე-ბარსელონა 22:00
დისკვალიფიკაცია: დავიდ ბარალი (ლევანტე), დანი ალვეში (ბარსელონა)
ტრავმა: დ. ნავარო, ბ. დიავარა - ოიერი, ჯონათან დოს სანტოსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =0 -4 (5-10) +4 =1 -1 (15-4)
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +0 =3 -10 (8:36)

20 იანვარი
ბილბაო-ვალიადოლიდი 01:00
დისკვალიფიკაცია: მიკელ სან ხოსე, მიკელ რიკო (ორივე "ბილბაო")
ტრავმა: ალბისუა - ებერტი, გ. გარსია, ბარმეტლერი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 (12-6) +1 =1 -4 (5-13)
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +15 =11 -8 (43:36)

ბომბარდირები:
20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 12 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), პედრო (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოსალოდნელია, რომ ხერარდო მარტინო ძირითად შემადგენლობაში ლიონელ მესის დააბრუნებს, რომელიც ნეიმართან ერთად, "ატლეტიკოსთან" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ბრაზილიელზე იმავეს თქმა რთულია, რადგან მისი კონკურენტები, პედრო და ალექსის სანჩესი ძალიან კარგ ფორმაში არიან.
-------------------------------------------------------------------------ავტორმა ბარსას ბოლო მატჩი თუ ნახა ხეტაფესთან, ან არ წაიკითხა მაინც ნეიმარის მძიმე ტრავმაზე?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული