"ბარსელონას" დროებითმა პრეზიდენტმა ხოსე მარია ბარტომეუმ ჟურნალისტებთან ნეიმარის საქმესა და გუნდიდან ლიონელ მესის
"მადრიდში უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ნეიმარი ჩვენთან თამაშობს, - განაცხადა ბარტომეუმ და დაამატა - არა მგონია, რომ კასესს ზურგს ვინმე უმაგრებდეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველაფერი ხელოვნურად გააბუქეს და ბუზისგან სპილოდ აქციეს. მათ ჩვენი დაზარალება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ".
ჟურნალისტების შეკითხვას, მადრიდში "რეალს" გულისხმობდა თუ არა, ბარტომეუმ პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ "რეალზე" საუბარი არ სურს.
სამაგიეროდ, პრეზიდენტმა ლიონელ მესის და სხვა ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა: "მესი არ იყიდება. მან თავად აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს. მალე ლიონელს და მამამისს შევხვდებით და საკონტრაქტო პირობების გაუმჯობესებაზე დავილაპარაკებთ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი მონტოიას ხელშეკრულების გახანგრძლივებაა, რის შემდეგაც პიკესაც გავესაუბრებით".
ჩავი: არც ყატარი და არც MLS
"ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ კლუბიდან წასვლას არ აპირებს და კარიერის დასრულება კატალონიურ გუნდში სურს.
"არც ყატარში მივდივარ და არც "ნიუ იორკ რედ ბულსში". მსურს, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე აქ ვითამაშო, რადგან თავი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად მიმაჩნია. მე მთელი კარიერა აქ გავატარე და სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებთან ერთად არაერთი ტიტულიც მოვიგე," - განაცხადა ჩავიმ.
34 წლის ნახევარმცველმა კლუბში მომხდარ ცვლილებებზეც ისაუბრა: "ჩვეულებრივი კვირა ნამდვილად არ ყოფილა. სანდროს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. მისთვის პოსტის დატოვება იოლი არ ყოფილა. ვაფასებთ ყველაფერ იმას, რაც მან კლუბისა და ფეხბურთელებისთვის გააკეთა. ახლა კი ჩვენ მხარს ბარტომეუს ვუჭერთ, რადგან ყველანი ერთ ნავში ვართ, ყველას საერთო მიზანი გვაქვს. ფეხბურთელები არასაფეხბურთო საკითხებზე არ ვფიქრობთ და მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი".
ინიესტამ გუნდთან ერთად ივარჯიშა
ორშაბათს გუნდთან ერთად ანდრეს ინიესტამ ივარჯიშა, რომელსაც "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ (11 იანვარი) არ უთამაშია. ამ პერიოდში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ოთხი მატჩი გამოტოვა. ასევე, მსუბუქად დაიტვირთნენ კარლეს პუიოლი, მარტინ მონტოია და ალექს სონგი.
ამ მომენტისთვის, "ბარსელონას" ლაზარეთში მხოლოდ ნეიმარი და ჯონათან დოს სანტოსი რჩებიან. ბრაზილიელი, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დაბრუნდება, დოს სანტოსი კი ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან მოყოლებული მკურნალობს და მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"