რონალდო - არა, ბეილი - შეიძლება
"სამეფო კლუბმა" თასის 1/2 ფინალში "ატლეტიკო" გაანადგურა და ფინალში თამაში თითქმის 100 პროცენტით გაინაღდა. "ვილიარეალი" კი მთელი კვირის განმავლობაში ურთულესი მატჩისთვის ემზადებოდა.
"ყვითელ წყალქვეშა ნავს" "ბერნაბეუზე" ერთხელაც არ უმარჯვია და ამ სტადიონზე გამართული 13 მატჩიდან მხოლოდ 3-ჯერ არ დამარცხდა (3 ფრე და 10 წაგება).
"რეალს" დისკვალიფიცირებული კრიშტიანო რონალდო არ ეყოლება, სამაგიეროდ, დაბრუნების კარგი შანსი აქვს გარეთ ბეილს, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და წესით, შაბათს სათამაშოდ მზად უნდა იყოს.
სერიოზული არ გამოდგა სათასო მატჩის გმირის, ანხელ დი მარიას ტრავმა და ისიც გუნდთან ერთად ემზადება. სხვა მხრივ, კარლო ანჩელოტის ყველა წამყვანი ფეხბურთელი (სამი ხედირას გარდა) მწყობრში ჰყავს.
გაცილებით მეტი პრობლემა აქვს მარსელინიოს, რომელსაც ამ ურთულეს შეხვედრაში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე არ ეყოლება. წინა ტურში დაზიანება მიიღო გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა იკეჩუკვუ უჩემ, რომლის თამაშიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. უკვე მსუბუქად იტვირთება კანი, მაგრამ ვალენსიელთა 10-იანის შანსები, რომ მოედანზე გავიდეს, არც ისე დიდია. მცირე ტრავმები აწუხებთ ბრუნო სორიანოს და მატეო მუსაჩიოს.
აი, ტომას პინა კი ნამდვილად ვერ ითამაშებს, რადგან ნახევარმცველმა "ოსასუნასთან" სეზონში თავისი მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო.
ძირითადი შემადგენლობის ხუთი ფეხბურთელის გარეშე სტუმრებს ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ მარსელინიო იხტიბარს არ იტეხს და იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები მადრიდელებს უსიამოვნოდ გააოცებენ.
"სევილია"-"ბარსელონა"
შთამბეჭდავი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, "სევილიამ" ზედიზედ ორი მატჩი წააგო, თანაც ამ ორ შეხვედრაში ექვსი გოლი გაუშვა. უნაი ემერის გუნდის მომდევნო მეტოქე კი "ბარსელონაა", რომელიც უკანასკნელ ტურში ასევე დამარცხდა და გულშემატკივართა წინაშე რეაბილიტაციისთვის ემზადება.
სათასო შეხვედრაში მოპოვებული არც ისე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, კატალონიელები ანდალუსიაში გაემგზავრნენ და მიზნად მხოლოდ სამი ქულის მოპოვებას ისახავენ.
ხერარდო მარტინოს განკარგულებაში არ იქნებიან ხავიერ მასკერანო და ჟორდი ალბა - ორივე დისკვალიფიცირებულია. ალბა წინა ტურში გააძევეს, მასკერანომ კი მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო.
ამავე მიზეზით მასპინძლებს მარჯვენა მცველი კოკე არ ეყოლებათ, სამაგიეროდ, "სევილიას" ლაზარეთში მხოლოდ სტეფან მბია დარჩა და ყველა სხვა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა.
როგორც იქნა, ემერის სრულ გუნდთან მუშაობის საშუალება აქვს და ვნახოთ, რას მოიფიქრებს ამ მატჩისთვის ბასკი სპეციალისტი, რომელსაც სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში "ბარსელონა" არასდროს დაუმარცხებია. თავად "სევილიამ" კი ჩემპიონატში მეტოქეს უკანასკნელად 2007 წელს სძლია. ამის შემდეგ გამართული 13 მატჩიდან მხოლოდ 3 დასრულდა ფრედ, 10-ჯერ კი კატალონიელებმა იმარჯვეს.
ყველაზე ახლოს გამარჯვებასთან ანდალუსიელები შარშან იყვნენ, როდესაც 2:0-ს იგებდნენ, 89-ე წუთზე კი ანგარიში 2:1 იყო, მაგრამ დარჩენილ დროში "ბარსამ" ორი გოლი გაიტანა და 3:2 მოიგო.
აქვე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ამ გუნდების პირველი წრის მატჩი, რომელიც ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. "ნოუ კამპზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსა" 2:0-ს იგებდა, მაგრამ სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, მიუხედავად ამისა, "სევილიამ" ბოლომდე ვერ გაძლო და არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაუშვა.
ეს შეხვედრა გამორჩეული არბიტრის შეცდომითაც გახლდათ - ჯერ კიდევ 1:0-ზე, მსაჯმა ხუან კალას მიერ წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩათვალა. ეს მომენტი ამ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გაუგებარ და უცნაურ ეპიზოდად რჩება - დღემდე არავინ იცის, რა იყო კალას გოლის არჩათვლის მიზეზი...
"ბილბაო" ისევ ორშაბათს
ტრადიციულად, ტური ორშაბათს დასრულდება და ასევე ტრადიციულად, ამ დღეს ბილბაოს "ატლეტიკი" ითამაშებს. ვერ გეტყვით რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, ორშაბათს გამართული მატჩების ნახევარზე მეტში მონაწილეობას სწორედ ბასკები იღებენ.
ამჯერად, წინა ტურის გმირები გალისიაში ითამაშებენ და ლუის ენრიკეს "სელტას" დამარცხებას ეცდებიან, ეს კი იოლი გასაკეთებელი სულაც არ იქნება - ვიგოელებს 4-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია აქვთ.
"სელტამ" და "ბილბაო" ამ სეზონში "ბალაიდოსზე" უკვე ითამაშეს. ესპანეთის თასის შეხვედრაში სანტი მინას ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც "ატლეტიკი" გავიდა.
ერნესტო ვალვერდეს გუნდი კარგ ფორმაშია - ბოლო 10 მატჩიდან 7-ში იმარჯვა და მხოლოდ ერთხელ წააგო. მორიგი წარმატების შემთხვევაში "ბილბაოს" მდევართან სხვაობის გაზრდის შესანიშნავი შანსი ექნება, რადგან ამ მომენტისთვის მისი მთავარი კონკურენტი "ვილიარეალია", რომელსაც ამ ტურში თუნდაც ქულის მოპოვება უაღრესად უნდა გაუჭირდეს.
ჩემპიონატის ლიდერი და თასზე დამარცხებული "ატლეტიკო" კი "ალმერიას" შეხვდება და მთელი ჯავრის ამოყრას მასზე ეცდება. ამ წყვილზე სალაპარაკო ბევრი არაფერია - დიეგო სიმეონეს გუნდი აშკარა ფავორიტია, უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ "ატლეტიკოს" "ალმერია" სტუმრად ჯერ არ დაუმარცხებია - 3 ფრე და 1 წაგება.
"ვალენსიამ" ნიკოლას ოტამენდი შეიძინა
ხუან ანტონიო პიცი ამ ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილს გუნდის შესაცვლელად და მომდევნო სეზონისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბიდან საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გაუშვა და აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა.
გარდა ამისა, "ღამურები" ტრანსფერებზეც ფიქრობენ და აი, მომავალი სეზონისთვის გუნდმა ერთი კარგი ფეხბურთელი უკვე დაიბევა - ნიკოლას ოტამენდი ზაფხულში "ვალენსიას" ფეხბურთელი გახდება.
25 წლის არგენტინელ მცველს მთხოვნელთა მთელი რიგი ედგა, მაგრამ ყველას "ვალენსიამ" აჯობა, რომელმაც "პორტუს" 12 მილიონი ევრო გადაუხადა, თავად ოტამენდის კი 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIII ტური
7 თებერვალი
ესპანიოლი-გრანადა 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დავიდ ლოპესი - რიკი, იგალო
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (7-8) +1 =1 -4 (6-10)
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +2 =1 -2 (5:3)
8 თებერვალი
ვალენსია-ბეტისი 19:00
დისკვალიფიკაცია: რიკარდო კოშტა - სალვა სევილია
ტრავმა: ვიქტორ რუისი - პერკისი, ჩული, ხავი ტორესი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (10-9) +1 =1 -4 (5-12)
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +21 =6 -8 (57:34)
ვალეკანო-მალაგა 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გალვესი, ა. პერეა, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი - სანტა კრუსი, ველიგტონი, ხესუს გამესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (6-13) +2 =1 -3 (4-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +7 =2 -6 (25:25)
რეალი-ვილიარეალი 23:00
დისკვალიფიკაცია: კრიშტიანო რონალდო - პინა
ტრავმა: ხედირა - ოლივერ ტორესი, ბრუნო, კანი, ფარინოსი, ი. უჩე
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 (15-3) +4 =0 -2 (16-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +17 =8 -2 (59:24)
ალმერია-ატლეტიკო 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრი, ნელსონი - მარიო სუარესი, დავიდ ვილია
ბოლო 6 მატჩი
+3 =0 -3 (6-9) +4 =2 -0 (13-5)
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +1 =5 -3 (12:19)
9 თებერვალი
სევილია. "სანჩეს პისხუანი". 00:00
სევილია-ბარსელონა
დისკვალიფიკაცია: კოკე - მასკერანო, ალბა
ტრავმა: მბია - ნეიმარი, ოიერი, ჯონათან დოს სანტოსი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (11-9) +3 =2 -1 (15-6)
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +10 =9 -23 (44:78)
"სევილია": ბეტუ - დ. ფიგეირაში, ფასიო, პარეხა, ა. მორენო - კარისო, იბორა - ხ. რეიესი, რაკიტიჩი, ვიტოლო - ბაკა
"ბარსელონა": ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა, პიკე, ადრიანო - ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, პედრო
ოსასუნა-ხეტაფე 15:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სისი, ნინო - ალექსისი
ბოლო 6 მატჩი
+2 =2 -2 (6-10) +0 =2 -4 (4-12)
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +7 =9 -11 (21:32)
ვალიადოლიდი-ელჩე 20:00
დისკვალიფიკაცია: ხავი გერა - დ. სუარესი
ტრავმა: ოსკარი, ოსორიო - ა. ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 (5-12) +2 =1 -3 (4-10)
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +8 =3 -4 (21:16)
სოსიედადი-ლევანტე 22:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრანერო, დე ლა ბელია, ესტრადა - სერჟიუ პინტუ, ე. როდასი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (12-12) +2 =2 -2 (7-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +3 =5 -7 (16:20)
10 თებერვალი
სელტა-ბილბაო 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ტოკერო, ალბისუა
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 (9-9) +4 =1 -1 (18-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +7 =11 -13 (36:44)
ბომბარდირები:
22 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 20 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 14 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 13 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა); 12 - პედრო (ბარსელონა), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი); 11 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ხავი გერა (ვალიადოლიდი), დავიდ ვილია (ატლეტიკო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"