ფერნანდო ტორესი: "ატლეტიკო" ჩემი სახლია

AutoSharing Option
ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ერთბაშად სამი კლუბი და მათი ფანები არიან გახარებულნი - ლონდონის "ჩელსი" საბოლოოდ დაემშვიდობა ფორვარდს, რომელიც ისტორიაში ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერთან არის დაკავშირებული. "მილანმა" ის იჯარით გაუშვა, ხოლო მადრიდის "ატლეტიკომ" საყვარელი ფეხბურთელი დაიბრუნა.

ლაპარაკია ერთ ფეხბურთელზე, ფერნანდო ხოსე ტორეს სანსზე, რომელსაც ბევრი ელ ნინიოს სახელით იცნობს; რომლის სახელი ერთ დროს ქუხდა მსოფლიოს საფეხბურთო მოედნებზე, ხოლო ბოლო წლებია, სერიოზულ კრიზისშია.

29 დეკემბერს ოფიციალურად გაცხადდა, რომ "ატლეტიკომ" "მილანისგან" ფერნანდო ტორესი იჯარით აიყვანა. იჯარაც არის და იჯარაც - ხელი მოეწერა 1,5-წლიან
ხელშეკრულებას. როცა ფეხბურთელი ასაკშია (ელ ნინიო უკვე 30 წლისაა), ეს სრულფასოვან ტრანსფერს ნიშნავს.

ტორესი ოფიციალურად "ატლეტიკოს" ფეხბურთელი 5 იანვარს გახდება, როცა მისი კომპენსაციის ნაცვლად, საწინააღმდეგო მიმართულებით "ატლეტიკოდან" "მილანში" ალესიო ჩერჩი გადავა.

შეგახსენებთ, რომ "ელ ნინიო" 2001-07 წლებში უკვე თამაშობდა "ატლეტიკოში", რომლის რიგებშიც 244 მატჩში 91 გოლი გაიტანა. მადრიდულ პრესკონფერენციაზე ფერნანდო ტორესი და "ატლეტიკოს" გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ხილ მარინი წარდგნენ.

მარინი: "ტორესის დაბრუნება ჩვენ სუფთა სპორტული პრინციპით გვსურდა. ჩვენ გვსურს, რომ კვლავ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყოთ, ამაში კი ფერნანდო დაგვეხმარება.

ის, რომ ტორესი აქ თამაშობდა, აქაური ფანების საყვარელი ფეხბურთელია, პირველხარისხოვანი ფაქტორი სულაც არ ყოფილა გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია".

ტორესი: "დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემი ოცნება აასრულა, ჩემი ოცნება კი სახლში დაბრუნება იყო. მსურს ბედნიერი ვიყო და ამაზე კარგ ადგილს, როგორიც "ატლეტიკოა", სად ვნახავ? ჩემთვის პრივილეგიაა, კვლავ ამ კლუბის ღირსება დავიცვა.

პირველად ოცნებაც აქ ამიხდა, როცა 17 წლისამ სეგუნდა დივიზიონში პირველად ვითამაშე. ბავშვობიდან "ატლეტიკოს" ფანი ვიყავი, შემდეგ აქ ვთამაშობდი, ამიტომ განშორებაც ძალიან ძნელი იყო, თუმცა მაშინ ორივე მოგებული დავრჩით, მეც და კლუბიც. ჩემთვის "ატლეტიკო" ბევრს ნიშნავს.

სხვა დიდ კლუბებშიც ვყოფილვარ, მაგრამ "ატლეტიკო" სულ სხვაა".

ამასობაში ალესიო ჩერჩი "ატლეტიკოს" ფანებს დაემშვიდობა: "დიდი მადლობა თქვენს გულშემატკივრებს სიყვარულისა და აქ გატარებული სასიხარულო მომენტებისთვის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ "მილანში" თამაშს".

* * *
ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა "ატლეტიკოს" აკადემიაში დაიწყო, სადაც 11 წლის ასაკში მივიდა. ის მადრიდულ კლუბს 23 წლისა დაემშვიდობა, 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად "ლივერპულში" გადავიდა.

"წითლებში" მან 2011 წლამდე დაჰყო და ეს იყო ფანტასტიკური წლები - პრემიერლიგაში, ჯამში, მან "ლივერპულის" მაისურით 65 გოლი გაიტანა. 2011 წლის იანვარში ტორესი 40 მილიონ გირვანქა სტერლინგად "ჩელსიში" გადავიდა, მაგრამ იქ უკვე მისი კარიერა ვერ აეწყო - "ლურჯების" მაისურით მან ჯამში სულ 20 გოლი გაიტანა.

ეს სეზონი კი მან "მილანში" იჯარით დაიწყო და ისევ იმედგაცრუება - სულ ერთხელ მოახერხა გოლის გატანა. ბევრს ეიმედება მადრიდში, რომ "ატლეტიკოში" ის ჩვეულად ათამაშდება. პრინციპში, ეს ელ ნინიოსთვის უმაღლეს დონეზე ასათამაშებლად ბოლო შანსია.

ტორესს ტიტულები არ აკლია, ის მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის მომგებია, მოგებული აქვს ინგლისის ასოციაციის თასი. აი, არც ერთ კლუბში ქვეყნის ჩემპიონი არასოდეს გამხდარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არასოსეს არ უნდა წასულიყო ატლეტიკოდან და იქ უნდა დაესრულებეინა კარიერა! და იქნებოდა ნამდვილი ლეგენდა
del piero 10
12:53 30-12-2014
0

სიახლეები პოპულარული