იკერ კასილიასი: ყოველი მატჩით სანაკრებო კარიერის დასრულებას ვუახლოვდები

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების კარში დაბრუნებულმა იკერ კასილიასმა ევროპის სანაკრებო რეკორდი, რომელიც ლატვიელ ვიტალი ასტაფიევსს ეკუთვნის, გაიმეორა. მან 166-ედ მოირგო ნაკრების მაისურა.

იკერის დებიუტი ნაკრებში 2000 წელს გეტებორგში შედგა. მას შემდეგ კი თითქმის 16 წელიწადი გავიდა. რუმინელებთან მან კარი მშრალად შეინახა და თამაშის მერე "მარკას" რამდენიმე კითხვას უპასუხა.

- თქვენ ევროპის რეკორდი გაიმეორეთ, ახლა ყველაზე მეტი მატჩი გაქვთ ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული. რას იტყვით ამაზე?
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროპაში ყველაზე მეტკეპიანი ფეხბურთელი გავხდი. ამ წლებში, რაც ნაკრებში ვარ, ბევრი ცუდი და
კარგი მომენტი მქონია, მაგრამ ახლა მხოლოდ კარგი მახსენდება.

- მსოფლიოში მეხუთე და მეოთხე ადგილზე მყოფთაგან, შესაბამისად, ერთი და სამი თამაში გაშორებთ. რამდენ ხანს აპირებთ ნაკრებში თამაშს?
- ყოველი მატჩით საერთაშორისო კარიერის დასრულებას ვუახლოვდები. დროს ვერავინ უძლებს და მე გამონაკლისი არ ვარ, მაგრამ, ჯერჯერობით, მაქვს სათანადო მონდომება და ენერგია, რომ ეროვნული ნაკრების კარი დავიცვა. არ ვიცი, იქნებ ეს ბოლო წელიწადიც არის ჩემთვის ნაკრებში. ახლა ამაზე არ ვფიქრობ, ყოველი თამაშით სიამოვნება მინდა მივიღო.

- თქვენ გაკრიტიკებდნენ "რეალში" და გაკრიტიკებენ ახლაც, როცა "პორტუში" გადახვედით...
- არავის უყვარს უსაფუძვლო კრიტიკა, მაგრამ შეგუება მიწევს. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ასე იყო, ჩემი თამაში მუდამ მიკროსკოპის ქვეშ იხილებოდა.

- რა არის "ფურია როხას" მიზანი ევრო 2016-ზე, რომელიც საფრანგეთში გაიმართება?
- ჩვენი მიზანი ნათელია, ტიტულის შენარჩუნება. ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ, მაგრამ ყველა განსაკუთრებულად თამაშობს ჩემპიონის წინააღმდეგ. ასე რომ, ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება.

- როგორი იქნება დელ ბოსკეს 23-ეული ჩემპიონატისთვის?
- ნაკრებს მწვრთნელი შეადგენს. ეს იქნება ის 23 ფეხბურთელი, რომელიც დელ ბოსკეს აზრით, იმ მომენტისთვის საუკეთესო იქნება ესპანეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული