ანდრე გომეში: "ბარსელონა" ჩემი სტილის გუნდია

AutoSharing Option
გუშინ ყველაფერს წერტილი დაესვა - 22 წლის ანდრე გომეში "ბარსელონას" შემადგენლობაში ერთადერთი ევროპის ჩემპიონი იქნება - პორტუგალიელი ნახევარმცველი, რომლის გაყიდვა "ვალენსიას" ფინანსური ფეარ პლეის წესის გამო მოუწია, ოფიციალურად წარადგინეს. წერტილი დაესვა სპეკულაციებს ხავიერ მასკერანოსთან დაკავშირებითაც.

ორშაბათს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, სამშაბათს ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. ოთხშაბათს კი ანდრე გომეშმა 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "ბარსელონასთან" და მედიას და ფანებს ახალი მაისურით წარუდგა.

"ბარსელონამ" "ვალენსიას" 22 წლის ნახევარმცველში 35 მილიონი ევრო გადაუხადა, ეს თანხა შეიძლება კიდევ 20 მილიონი ევროთი გაიზარდოს. ეს კი უკვე
თავად გომეშის თამაშზე და "ბარსელონას" წარმატებებზეა დამოკიდებული.

წარდგენაზე გომეშს კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ ახლდა. ის მერე "მინი ესტადიზე" შეხვდა "ბარსას" ფანებს. "პორტუს" აღზრდილი, რომელიც საფეხბურთო სამყარომ სწორედ "ვალენსიიდან" გაიცნო, აღფრთოვანებული ჩანდა:

"იმედი მაქვს, რომ აქ ძალიან კარგ დროს გავატარებ და ბევრ ტიტულს მოვიგებ "ბარსასთან" ერთად. "ბარსელონა" ჩემი საფეხბურთო აზროვნებისა და სტილს ძალიან კარგად ერგება. ეს საუკეთესო გუნდია ჩემთვის. ჩემთვის უდიდესი პრივილეგიაა "ბარსელონას" მაისურის ჩაცმა. მხოლოდ 22 წლის ვარ და მინდა უფრო კარგ ფეხბურთელად გავიზარდო, ბევრი ვისწავლო და ვნახო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გავაგრძელო თამაში და უკეთესად მოვერგო "ბარსას" სათამაშო ფილოსოფიას. ლუის ენრიკემ ტრანსფერი ტელეფონით მომილოცა.

ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის მითითებების შესრულება, ვითამაშებ ისე, როგორც ლუის ენრიკე მეტყვის, ჩემთვის ფლანგს მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა ანდრე გომეშმა, რომელმაც გასულ სეზონში "ვალენსიის" შემადგენლობაში 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ნაკრებში გომეში კრიშტიანო რონალდოს გუნდელია, კლუბში კი ლეო მესის გუნდელი გახდა: "პორტუგალიის ნაკრებში რონალდოს გვერდიგვერდ მითამაშია. ახლა კი იგივე ლეო მესისთან მომიწევს. ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. რა თქმა უნდა, მახარებს, რომ სუარესისა და ნეიმარის გუნდელიც გავხდი. ამ ფეხბურთელებთან და ინიესტასთან ერთად თამაში ხომ საოცრებაა. სწორედ ეს მინდოდა, როცა გადაწყვეტილებას ვიღებდი", - თქვა პორტუგალიელმა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ანდრე გომეშს შეუძლია ნახევარმცველთა როტაციაში ჩაჯდომა, თუმცა მის "წინ" როტაციაში აუცილებლად იქნებიან ივან რაკიტიჩი და ანდრეს ინიესტა. აი, არდა თურანი კი, ალბათ, მაინც დატოვებს "ბარსელონას", მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ამას არაფრით ადასტურებენ.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ახლო მომავალში ანდრე გომეში გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი იქნება, ვიდრე ახლაა", - განაცხადა "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა რობერტ ფერნანდესმა. პრეზიდენტი ბარტომეუ: "ანდრე გომეში მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მან "ბარსელონა" აირჩია".

ევრო 2016-ზე ანდრე გომეშმა ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

* * *
ანდრე გომეშის პრეზენტაციას გუნდიდან არავინ დასწრებია, "ბარსა" მთელი შემადგენლობით ინგლისში ემზადება. გუშინ კატალონიელებს სტუმარი ჰყავდათ - როი კინი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ "ბარსა" დილის ვარჯიშზე მოინახულა.

* * *
ხავიერ მასკერანო არ მიდის "იუვენტუსში" და არც არსად, გუშინ 32 წლის არგენტინელმა უნივერსალმა ახალი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან და "ბარსელონაში" 2019 წლის ივლისამდე დარჩა. ძველი კონტრაქტით არგენტინელი 2018 წლამდე ითვლებოდა "ბარსას" ფეხბურთელად.

2010 წელს "ლივერპულიდან" გადასული ფეხბურთელი კატალონიელთა ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ის გუნდის მე-4 კაპიტანია. "ბარსელონაში" მან პოზიცია იცვალა, უფრო ხშირად მცველად თამაშობს და არა ნახევარმცველად.

"ბარსელონას" მაისურით მასკერანომ სულ 282 მატჩი ითამაშა. ეს ამბავი ანდრე გომეშის პრეზენტაციაზე "ბარსას" ერთ-ერთმა დირექტორმა ალბერტ სოლერმა გამოაცხადა.

* * *
ანდრე გომეშის გამოჩენის შემდეგ კიდევ უფრო დაბეჯითებით ამტკიცებენ მედიაში, რომ არდა თურანი გუნდიდან მიდის. "ბარსელონას" ოფიციალური პოზიცია კი ასეთია: "გომეშის მოსვლით არდას სიტუაცია არ შეცვლილა. მას ძალიან მძიმე სეზონი ჰქონდა ფიფას სანქციის გამო. იმედი გვაქვს, რომ ახალ სეზონში "ატლეტიკოს" დროინდელ არდას ვიხილავთ. დღეს მეტი ამ თემაზე საუბარი არ მსურს, რადგან დღეს ანდრეს დღეა", - განაცხადა ფერნანდესმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 31 აგვისტომდე "ბარსა" ერთ ფორვარდს შეიძენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული