ჩემპიონი კიმიხმა იხსნა: გერმანია დანიას ბრონდბიუში დაუზავდა

AutoSharing Option
იოახიმ ლიოვის გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისა და კონფედერაციათა თასისთვის ემზადება. მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ესტუმრა ბროდბიუს, სადაც დანიის ნაკრებს 1:1 დაუზავდა.

გერმანელები კრისტიან ერიქსენის გოლის გამო აგებდნენ, თუმცა ჯოშუა კიმიხის "მაკრატელამ" გერმანია მარცხისგან იხსნა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, როცა დანიამ ტიტული ყველასთვის მოულოდნელად მოიპოვა.

დანიურ მატჩამდე ლიოვის გუნდმა ერთი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო. გუნდში 6 დებიუტანტი იყო, რაც დანიის ნაკრებს კარგ შანსს აძლევდა. სტუმრებმა ვერ შეძლეს მაღალ ტემპში თამაში, ვერ
აჰყვნენ მეტოქეს, ხოლო ანტონიო რიუდიგერმა "ტოტენჰემის" ერიქსენს გოლი აჩუქა. მეორე ტაიმში დანიელთა მეკარე ფრედერიკ რონოუმ ორჯერ იხსნა გუნდი აშკარა გოლისგან, მაგრამ კიმიხის დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხა.

დანიელები ამ თამაშზე 25 წლის წინანდელი გამარჯვების აღსანიშნავი მაისურებით გავიდნენ (სწორედ 25 წლის წინ მოუგო დანიამ შვედეთში ფინალში გერმანიას 2:0 და ევროპის ჩემპიონი გახდა).

გერმანელებს ახლა მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩი ელით სან მარინოსთან, მთავარი კი მათთვის 22 ივნისს დაიწყება, როცა კონფედერაციათა თასზე ლიოვის გუნდი პირველ მატჩს ითამაშებს ჩილეს წინააღმდეგ. დანიელებს ამ თამაშის შემდეგ ყაზახეთში ელით მუნდიალის საკვალიფიკაციო შეხვედრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული