"ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი 7 იანვარს ციურიხში, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფებოდა, სადაც ფიფას ოფიციალურ საიტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელიც 17 იანვარს გამოქვეყნდა...
- პეპ, თქვენ ფიფას "ოქროს ბურთის" გალა-წარმოდგენის მუდმივი სტუმარი ხართ. რა დამოკიდებულება გაქვთ ამ დაჯილდოების მიმართ?
- როგორ გითხრათ, მწვრთნელი იმისთვის არ ხდები, რომ შემდეგ ასეთ დაჯილდოებაზე მოხვდე, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი პატივია. მე ვამაყობ იმით, რომ უკვე ზედიზედ მესამედ
- როდესაც თქვენ "ბარსელონა" დატოვეთ, განაცხადეთ, რომ სიცარიელეს გრძნობდით. ახლა როგორ ხართ?
- ახლა კარგად ვარ. ბოლო ოთხი წელი მართლაც ძალიან რთული და დატვირთული იყო და შესვენება მჭირდებოდა. გარდა ამისა, ჩემს ოჯახსაც სათანადო დროს და ყურადღებას ვერ ვუთმობდი. ეს ექვსი თვე შესანიშნავი იყო - ჩვენ ერთად ბევრი დრო გავატარეთ და უამრავი ახალი რამ აღმოვაჩინეთ. არ დაგავიწყდეთ, მე მხოლოდ 41 წლის ვარ, რაც მწვრთნელისთვის საკმაოდ ახალგაზრდული ასაკია. საქმიანობას წელს აუცილებლად დავუბრუნდები.
- ნიუ იორკში ცხოვრებამ ფეხბურთისგან დასვენების საშუალება მოგცათ?
- როდესაც ფეხბურთელი ან მწვრთნელი ხარ, სულ ფეხბურთზე გიწევს ფიქრი. აშშ კი ის ადგილია, სადაც ფეხბურთი სპორტის პირველი სახეობა არ არის. ნიუ იორკში 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ყველა თავის საქმეს აკეთებს. ჩვენც ვცდილობდით, რომ ახალი გამოცდილება მიგვეღო და იქ გატარებული თითოეული წუთით გვესიამოვნა.
- იქ ქუჩაში მშვიდად შეგეძლოთ სიარული და არავინ გაწუხებდათ?
- შეწუხებით ბარსელონაშიც არავინ მაწუხებდა, თუმცა ნიუ იორკში შესაძლოა, მთელი დღე იარო და ვერავინ შეგამჩნიოს.
- ფეხბურთის რომელი კომპონენტი მოგენატრათ ყველაზე მეტად?
- მე თავად ფეხბურთი მომენატრა. მომენატრა ფიქრი მეტოქის ტაქტიკაზე, ჩემი გუნდის ტაქტიკაზე, ფეხბურთელების სელექციაზე და მეტოქის დამარცხების გზებზე. სხვა არაფერს აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მთავარი თამაშია და ფეხბურთის ეს კომპონენტები, რომელთა გამოც ვარ კიდევაც მწვრთნელი.
- "ბარსელონაში" მიღწეული წარმატების გამო ახლა თქვენგან დიდი მოლოდინია. ეს თქვენთვის დამატებითი ზეწოლაა?
- კი, მაგრამ მე არაფერს შევცვლიდი. მირჩევნია, ჩემგან დიდი მოლოდინი ჰქონდეთ, ვიდრე არაფერს ელოდნენ და მე ხალხის გულის მოგება მიწევდეს. როდესაც "ბარსელონაში" მივედი, გულშემატკივრების 86-87 პროცენტს ჩემი არ სჯეროდა და ჩემი მთავარ მწვრთნელად ხილვა არ სურდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდა.
- ბოლო პერიოდში თქვენ შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა. გვარდიოლას სახელს უამრავ კლუბს და ბრაზილია-არგენტინის ნაკრებებსაც კი უკავშირებდნენ. იგებდით თუ არა ამ ამბების შესახებ ნიუ იორკში?
- ადრე ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენს ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიები ასეა განვითარებული, ინფორმაციის მიღება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და აქ მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ვგულისხმობ. ძნელია, 21-ე საუკუნეში ინფორმაციულ ვაკუუმში იყო.
- რას ფიქრობდით, როდესაც ამ ჭორებს იგებდით?
- ძალიან ვწუხდი იმ მწვრთნელების გამო, რომლებიც იმ კლუბებში მუშაობენ. მე რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი, ძალიან არ მესიამოვნებოდა და გავბრაზდებოდი. ამ ყველაფრისგან თავი შორს მეჭირა და ახლაც ასეა, რადგან მე პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ და თავისი საქმის კეთებას ცდილობენ. ამდენი ჭორის გავრცელების შემდეგ მივხვდი, რომ მთავარი ის კი არ არის, რამდენად კარგი მწვრთნელი ხარ, არამედ რამდენი ტიტული გაქვს მოგებული. ჩვენ ბევრ ტურნირზე ვიმარჯვეთ და ჩემს მიმართ
დიდი ინტერესი გაჩნდა, მაგრამ როდესაც "ბარსაში" მივედი, ჩემი სამ თუ ოთხ კაცს სჯეროდა.
- გსურთ, რომ როდესმე ნაკრების მწვრთნელი იყოთ?
- ვფიქრობ, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იმ ქვეყნიდან უნდა იყოს. ჩემი აზრით, უცხოელი ნაკრებში ადგილობრივზე უკეთ ვერ იმუშავებს. პრესის კუთხითაც – იმის გამო, რომ ნაკრები რამდენიმე თვეში ერთხელ იკრიბება და მწვრთნელს ფეხბურთელებთან კონტაქტი ხშირად არ უწევს, აუცილებელია პრესასთან კარგი და თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბება, იმისთვის, რომ ნაკრებში სტაბილური სიტუაცია იყოს.
ეროვნული ნაკრები ქვეყნის სახეა. უკეთესია თუ მას ისეთი მწვრთნელი ეყოლება, რომელსაც იმ ქვეყნის შესახებ ყველაფერი ეცოდინება, ექნება იგივე მენტალიტეტი და ეყვარება ეს ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველივე პრობლემისას, ყველა ნაკრების უცხოელ მწვრთნელს დაადანაშაულებს. ასე რომ, ჩემი აზრით, ბევრად უკეთესია, როდესაც ნაკრებს ადგილობრივი მწვრთნელი ჰყავს.
- თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, რომ "ბარსას" სტილში სხვა გუნდმაც ითამაშოს?
- "ბარსელონას" სათამაშო სტილის პრინციპი ძალიან მარტივია: "ბურთით ვითამაშოთ და ამისგან სიამოვნება მივიღოთ". აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე ფეხბურთელობა გადაწყვიტა, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ თავის დროზე, საკუთარ ეზოში, საფეხბურთო სკოლაში, სახლში, გარაჟში თუ სადაც იქნებოდა, ფეხბურთის თამაშისგან და ბურთის გორებისგან სიამოვნებას იღებდა.
"ბარსელონას" ფილოსოფიაც სწორედ ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგის აზრით, "ბარსას" სტილი ჩახლართული და რთულია, სინამდვილეში ის ძალიან მარტივია: "მოდი ბურთი გავაგოროთ და მეტოქემ მისი წართმევა სცადოს; ერთმანეთს პასები გადავაწოდოთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ასე გოლის გატანას".
ასეთი იყო ჩემი წინამორბედის ხედვა და ასეთია ჩემი ხედვაც. მე ამ მიდგომის მწამს და მთავარიც სწორედ ესაა. სადაც უნდა წავიდე, რომელი გუნდის მწვრთნელიც უნდა ვიყო, ვეცდები, რომ სათამაშო სტილის მთავარი პრინციპი იგივე იყოს, რაც "ბარსელონაში", კერძოდ: შევუტიოთ რაც შეიძლება კარგად, შევინარჩუნოთ ბურთი და ის გადავაწოდოთ იმ ადამიანს, რომელსაც მსგავსი მაისური აცვია.
- "ბარსელონას" თამაშით და ვილანოვას მუშაობით კმაყოფილი და ამაყი უნდა იყოთ...
- რა თქმა უნდა. "ბარსელონას" მხრიდან ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა ის, რომ გუნდს ისევ წარმატებით გაეგრძელებინა თამაში. "ბარსას" წლევანდელი ასპარეზობა ნიშნავს იმას, რომ ის ცოდნა, რაც მე წინამორბედებისგან გადმომეცა, მეც წარმატებით გადავეცი და გუნდში ყველაფერი კვლავ იდეალურად არის.
- სეზონის ნახევარია გასული და "ბარსა" "რეალს" უკვე ძალიან დიდი უპირატესობით უგებს. თქვენი აზრით, ლა ლიგაში უკვე ყველაფერი გარკვეულია?
- ძალიან ბევრი ცუდი რამ უნდა მოხდეს, რომ "ბარსამ" ლიგა ვერ მოიგოს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, რადგან სხვაობა არანორმალურად დიდია. არ ვფიქრობ, რომ "რეალს" ყველა მატჩის მოგება არ შეუძლია; არა, მათ შეიძლება ყველა დარჩენილ ტურში იმარჯვონ, უბრალოდ, "ბარსა" არ დაკარგავს საკმარისი რაოდენობის ქულებს. ასე რომ, ჩემი აზრით, ესპანეთის ჩემპიონატში ყველაფერი გადაწყვეტილია.
- თქვენ მარსელო ბიელსას ნიჭის თაყვანისმცემელი ხართ და მას ერთხელ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელიც უწოდეთ. ბილბაოს "ატლეტიკის" წლევანდელი გამოსვლიდან გამომდინარე, ახლა რას იტყვით არგენტინელზე?
- ზოგადად, რთულია რამე საკითხზე მსჯელობა, როდესაც შიდა სამზარეულოს არ იცნობ. მიუხედავად წარუმატებელი ასპარეზობისა, ბიელსას დანატოვარი გუნდისთვის ძალიან ფასეული იქნება. შარშან მათ საოცარი სეზონი ჩაატარეს, წელს კი წამყვანი ფეხბურთელები დაკარგეს. ახალწვეულების მისვლა კი, მოგეხსენებათ, პრობლემებთან არის დაკავშირებული, რადგან ამ გუნდში მხოლოდ ბასკები თამაშობენ.
თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, მე მას ახლა იმაზე მეტად ვაფასებ, ვიდრე ადრე ვაფასებდი. ის პრობლემებს არ უფრთხის და არ მალავს, როდესაც საქმეები კარგად არ მიდის. მე ვცდილობ, მისგან ვისწავლო, რადგან ვიცი, რომ წარმატებას წარუმატებლობა მოსდევს და კარგი პერიოდი სამუდამოდ არ გრძელდება. მარსელო მძიმე პერიოდებშიც უდრეკია და ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ბიელსა დღემდე ასეთი მოტივირებულია, საჩუქარია, არა მარტო ესპანური, არამედ მსოფლიო ფეხბურთისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: ზაფხულიდან ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენელთა მწვრთნელია!