ინტერვიუ ოტმარ ჰიტცფელდთან: გვარდიოლამ ჰაინკესის გზა უნდა გააგრძელოს!

AutoSharing Option
გაზეთ "ბილდის" მიერ ჩატარებულ მასშტაბურ გამოკითხვაში ბუნდესლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოტმარ ჰიტცფელდი აირჩიეს.

64 წლის სპეციალისტი, რომელსაც გერმანიაში "გენერალი" და "ჯენტლმენი" შეარქვეს, ბუნდესლიგაში დორტმუნდის "ბორუსიას" და მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცი გახლდათ და გერმანიის ჩემპიონობების გარდა, ორივე გერმანულ გრანდს (1997 და 2001 წლებში) ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

საერთო ჯამში, ჰიტცფელდი მწვრთნელის რანგში 7-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 3-ჯერ მოიგო გერმანიის თასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა. დღეს ოტმარი შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელია და "ბილდისთვის" ინტერვიუს მისაცემად მოიცალა. სხვა თემებთან ერთად, ცხადია, ხოსეპ გვარდიოლაზეც
ისაუბრა.

- ჰერ ჰიტცფელდ, გილოცავთ "ბილდის" მკითხველების აღიარებას. ანუ ფრანც ბეკენბაუერის, გიუნტერ ნეტცერის, გერდ მიულერის, ლოთარ მათეუსის, უვე ზეელერის, ფრანკ რიბერისა და სხვების მწვრთნელად აგირჩიეს...
- დიდი მადლობა! ეს ჩემთვის უდიდესი პატივი და საამაყო ფაქტია. მადლობა ყველას, ვისაც ჩემი მიღწევები არ ავიწყდება.

- საფეხბურთო გერმანიის ყურადღების ცენტრში ახლა ხოსეპ გვარდიოლაა. მისი პირველი პრესკონფერენცია ალბათ თქვენც ნახეთ და საინტერესოა, როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
- პეპს მწვრთნელების შეხვედრაზე არაერთხელ შევხვედრივარ. თამამად ვიტყვი, რომ ძალიან სიმპათიური კოლეგაა - გულახდილი და გახსნილი ადამიანია, რომელიც ყველას პატივს სცემს და თვითონაც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

- მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონასთან" ერთად 14 ტიტული მოიგო, "ბაიერნის" მწვრთნელის რანგში პირველ პრესკონფერენციაზე ერთობ მოკრძალებული და მორიდებული იყო. გვარდიოლამ თქვა, რომ "ბაიერნი" მისთვის საჩუქარია...
- პრესკონფერენციაზე ნათლად გამოჩნდა, რას მოითხოვს პეპი ფეხბურთელებისგან - თავმდაბლობას და "ბაიერნის" პატივისცემას და ამ გუნდისთვის თავგანწირვას. დღეს გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევა და მიუხედავად ამისა, ამპარტავნობა ოდნავადაც არ ეტყობა. სულაც პირიქით...

- ისეთ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, რომ მაშინვე თქვენ და თქვენი ელეგანტური ჩაცმულობა გაგვახსენდა...
- ჩაცმას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ პეპს აშკარად იდეალურად აქვს გაცნობიერებული, რაოდენ დიდ გუნდში დაიწყო მუშაობა.

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ გვარდიოლა უკვე საკმაოდ კარგად ფლობს გერმანულ ენას?
- ესეც მის ხასიათზე, პასუხისმგებლობიანობაზე და ზოგადად, მისეულ მიდგომებზე მეტყველებს. ფაქტია, რომ გერმანული ენის ცოდნა გვარდიოლასთვის უდიდესი პლუსია. "ბაიერნის" მწვრთნელს უნდა შეეძლოს ფეხბურთელებთან პირდაპირი ურთიერთობა, უნდა დაინახოს და გაიგოს ყველაფერი, რაზეც მოთამაშეები ლაპარაკობენ. "ბაიერნის" მწვრთნელი აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს და რაკი გერმანული ისწავლა, პეპს ნამდვილად აღარაფერი გამოეპარება. კარგია ისიც, რომ გვარდიოლა ჟურნალისტებსაც პირდაპირ, თარჯიმნების გარეშე დაელაპარაკება.

ნევიო სკალა და ჯოვანი ტრაპატონიც უდიდესი სპეციალისტები იყვნენ და სწორედ იმიტომ ვერ გაამართლეს, რომ ენა არ იცოდნენ.

- რას ელით გვარდიოლასგან?
- შეუძლებელია იმის აღწერა და გადმოცემა, რაც იუპ ჰაინკესმა "ბაიერნში" გააკეთა. გვარდიოლასგან "დონ იუპის" მიერ დაწყებული საქმის ღირსეულად გაგრძელებას მოველი.

- ჰეთ-თრიკის შესრულება გაუჭირდება...
- ჰო, მაგრამ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო გუნდია და საუკეთესო პირობები აქვს იმისათვის, რომ ეს პოზიცია წლების მანძილზე შეინარჩუნოს.

- ჰო, მაგრამ სხვა სუპერგრანდებიც არსებობენ...
- გვარდიოლა ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. ფაქტია, რომ "ბაიერნში" მას საუკეთესო სამუშაო პირობები ექნება. "ბაიერნს" არა მარტო უძლიერესი გუნდი ჰყავს, არამედ ფინანსურადაც ძალიან სტაბილური, მდიდარი გუნდია და პეპს ამ გუნდის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა მიეცემა.

თამამად ვიტყვი, რომ პირობებისა და სტრუქტურის მხრივ, "ბაიერნზე" უკეთესი გუნდი არ არსებობს. შესაბამისად, არც არსებობს გუნდი, რომელსაც რომელიმე ტიტულის მოგების "ბაიერნზე" უკეთესი შანსი და პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გენერალ ოტმარ ჰიტცფელდის რჩევები კოლეგებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული