პატარა კორეელი დორტმუნდში

AutoSharing Option
გერმანული პრესა დილიდანვე წერდა, დორტმუნდის "ბორუსიამ" კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი დაითანხმა და ამით სატრანსფერო აქტივობები დაასრულა - იურგენ კლოპის გუნდი მომავალი სეზონისთვის უკვე სრულად დაკომპლექტებულიაო.

საუბარია 19 წლის კორეელ ფეხბურთელ რიუ სეუნვუზე, რომლის ტრანსფერი 16 ივლისს ოფიციალურად მარტო იმიტომ არ დადასტურდა, რომ კლუბები სატრანსფერო თანხაზე ვაჭრობენ, თუმცა "ბილდის" ინფორმაციით, ნიჭიერი კორეელი თავდამსხმელის "დორტმუნდში" გადასვლას წინ ვერაფერი დაუდგება.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 400 000 ევრო სახელდება. სეუნვუ "ბორუსიასთან" დღეს-ხვალ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ კორეელი ფეხბურთელი "დორტმუნდს" შვეიცარიულ შეკრებაზე ვეღარ
ჩაუსწრებს. რიუ სეუნვუ "ბორუსიასთვის" საინტერესო ფეხბურთელი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გახდა. მან ამ ტურნირზე პორტუგალიას (2:2) ბრწყინვალე გოლი გაუტანა, ჯამში კი, ტურნირის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

დორტმუნდში იმედი აქვთ, რომ სეუნვუ "ბორუსიას" ახალი შინჯი კაგავა გახდება. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს შავ-ყვითლებმა იაპონელი შემტევი ნახევარმცველი 350 000 ევროდ იყიდეს და ორ წელიწადში "მანჩესტერ იუნაიტედს" 22 მილიონად მიჰყიდეს. სოკრატის პაპასტატოპულოსის, ჰენრიხ მხითარიანისა და პიერ-ემერიკ ობამეიანის შემდეგ სეუნვუ "ბორუსიას" რიგით მეოთხე და სავარაუდოდ, უკანასკნელი ახალწვეულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰენრიხ მხითარიანი: მარიო გიოტცეს მოგვიანებით შემადარეთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული