პიერ-ემერიკ ობამეიანი: მე არაფრის მეშინია!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" პიერ-ემერიკ ობამეიანი ფრანგული "სენტ ეტიენიდან" გადაიბირა.

24 წლის წინახაზელზე, რომელსაც ცენტრფორვარდობაც შეუძლია და გარემარბობაც, "დორტმუნდის" თავკაცი იურგენ კლოპი და კლუბის გულშემატკივრები უდიდეს იმედებს ამყარებენ. 18 ივლისს "ბილდმა" ობამეიანის პირველი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც "ლელოს" მკითხველსაც დააინტერესებს.

- პიერ-ემერიკ, თქვენთვის რა უფრო რთული იქნება: დორტმუნდის "ბორუსიას" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება თუ გერმანული ენის სწავლა?
- (იცინის) ვაღიარებ, რომ გერმანული მართლაც ძალიან ძნელი ყოფილა, მაგრამ ვცდილობ, ვსწავლობ და იმედი მაქვს, რომ გერმანულად მალე ავლაპარაკდები. არც სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება იქნება ადვილი, რადგან ცენტრფორვარდის
პოზიციაზე რობერტ ლევანდოვსკი გვყავს და ნახევარდაცვის ფლანგებზეც დიდი კონკურენციაა. მე უბრალოდ მინდა, დავამტკიცო, რომ "ბორუსიას" გაძლიერება შემიძლია და არაფრის მეშინია.

- "სენტ ეტიენში" გოლი ერთხელ სპაიდერმენის ნიღბით იზეიმეთ და მეტსახელიც აქედან მიიღეთ. ამ ნიღაბს "დორტმუნდშიც" ხომ არ გაიკეთებთ?
- არა, ასე მხოლოდ ერთხელ მოვიქეცი და ის გოლი ჩემს საუკეთესო მეგობარს მივუძღვენი. დორტმუნდში გოლების აღნიშვნას სალტოებით ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ უამრავი სალტოს გაკეთება მომიწევს. სალტოს შემდეგ ხელებს ყოველთვის ცისკენ აღვაპყრობ ხოლმე - ამით ღმერთს მადლობას ვეუბნები იმისათვის, რომ გოლის გატანაში დამეხმარა.

- ჯერ მხოლოდ 24 წლის ხართ და უკვე შვილი გყავთ. როგორც ჩანს, პასუხისმგებლობას არასდროს გაურბიხართ...
- ჩემი მეგობარი გოგონა და 2 წლის ვაჟი კურტისი ჩემს ცხოვრებაში უმთავრესნი არიან. რაც კურტისი გვეყოლა, საკუთარ თავს ვატყობ, რომ უფრო ძლიერი, სტაბილური და მშვიდი ადამიანი გავხდი. შვილმა დამატებითი მუხტი მომცა.

- მამათქვენიც ფეხბურთელი იყო და გაბონის ნაკრებში თამაშობდა. ის თქვენი ნომერ პირველი კრიტიკოსია?
- სხვათა შორის, მამა მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. მისი უმთავრესი პლუსი წარმოუდგენელი სისწრაფე გახლდათ. თავად განსაჯეთ: 100 მეტრს 11 წამში გარბოდა. ცხადია, მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ, მაგრამ იშვიათად მაკრიტიკებს, უმეტესად რჩევებს მაძლევს ხოლმე.

- თქვენც ძალიან სწრაფი ხართ. ცნობილია, რომ 30 მეტრს უსაინ ბოლტზე სწრაფად გარბიხართ - მისი რეკორდი ამ დისტანციაზე 3.78 წამია, თქვენი კი - 3.70 წამი...
- ბოლტს უდიდეს პატივს ვცემ, მისი ფანი ვარ, მაგრამ მასთან ჩემი შედარება, რა თქმა უნდა, უადგილოა. ბოლტი სწორედ 30-40 მეტრის მერე "ფეთქდება". მისთვის სწორედ ასეა საჭირო, ხოლო ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, პირველი 30 მეტრი უფრო მნიშვნელოვანია.

- ასეთი ვარცხნილობის გასაკეთებლად რამდენი დრო გჭირდებათ?
- მაქსიმუმ ხუთი წუთი. ამას უპრობლემოდ ვაკეთებ.

- თეთრი "ფერარი" გყავთ...
- ავტომობილებზე ვგიჟდები! მერე რა, რომ თეთრია? ვიცი, "ფერარი" წითელი უნდა იყოს, მაგრამ მე თეთრი უფრო მომწონს და ვისაც რა უნდა, ის თქვას.

- იურგენ კლოპს როგორ დაახასიათებდით?
- ბრწყინვალე მწვრთნელი და ადამიანია. გაცნობისთანავე მითხრა, ბევრი ფიქრით თავს ნუ დაიწნეხავ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ვგრძნობ, რომ მენდობა და ეს ძალიან მიხარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"სპაიდერმენ" ობამეიანის პირველი გოლი "დორტმუნდში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული