ეს ინფორმაცია 4 დეკლემბერს გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა - 53 წლის ბუნდესმწვრთნელი გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს. რატომ? მიზეზებზე საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის უფროსმა იენს გრიტნერმა ისაუბრა.
"ლიოვს არ მოსწონს და არ აკმაყოფილებს ის ფაქტი, რომ ფიფა ჟიურის წევრების გადაწყვეტილების გამომზეურებას აპირებს. მას არ უნდა, მისი არჩევანის შესახებ გაცხადდეს," - აცხადებს გრიტნერი "შპორტ ბილდისთვის"
საქმე იმაშია, რომ კანდიდატთა საბოლოო სიაში გერმანიის ნაკრების ხუთი ფეხბურთელია - ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მანუელ ნოიერი, თომას მიულერი და მესუთ იოზილი. ლიოვს არ უნდა, რომელიმე სხვაზე წინ დააყენოს და ამით გაანაწყენოს. "ამიტომაც გადაწყვიტა, რომ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვას. ჩვენ ეს ფიფას უკვე შევატყობინეთ და ვთხოვეთ, რომ გაგებით მოეკიდონ ლიოვის გადაწყვეტილებას," - ამბობს გრიტნერი.
საყოველთაო აზრით, "ოქროს ბურთი" ან ფრანკ რიბერის დარჩება, ან კრიშტიანო რონალდოს, ანაც ისევ ლიონელ მესის, რომელსაც ეს ჯილდო ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში ყველა ნაკრების მწვრთნელები, კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და გამოკითხვა უკვე ჩატარდა. ორშაბათს იმ ხუთი მოთამაშის ვინაობა გახდება ცნობილი, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. გამარჯვებულის ვინაობას კი 13 იანვარს შევიტყობთ.
"შპორტ ბილდის" ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ფილიპ ლამმა პირველ ადგილზე თანაკლუბელი რიბერი დაასახელა, მეორეზე რონალდო, მესამეზე კი - მესი. საინტერესოა, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ბერტი ფოგთსმა, რომელიც ახლა აზერბაიჯანის ნაკრების თავკაცია, რიბერი სამეულში საერთოდ არ შეიყვანა! ფოგთსის ფავორიტი რონალდოა, მეორე ადგილზე ლამი გაიყვანა, მესამეზე კი - რობერტ ლევანდოვსკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვი: ინგლისთან მატჩის ბედის გადაწყვეტა უფრო ადრეც შეგვეძლო