ფრანკ რიბერი: ფეხბურთი რომ არა, უმუშევარი ვიქნებოდი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ფრანკ რიბერიმ ჟურნალ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავისი მძიმე ბავშვობა გაიხსენა.

ახლა 30 წლის რიბერი "ოქროს ბურთის" დაუფლების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რაც თავად რიბერის არა მარტო საკუთარი თავის, არამედ "ბაიერნის" დამსახურებადაც მიაჩნია.

თუმცა ფრანგი ფიქრობს, რომ რაკი ხმის მიცემის პროცედურა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, ამ ფაქტმა მისი გამარჯვების შანსები შეამცირა.

"მე მგონი, "ოქროს ბურთის" ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ ხმის მიცემის პროცედურა გააგრძელეს. ვფიქრობ, რომ პირადად ჩემთვის ეს ცუდია და გამარჯვების შანსი შემცირდა," - აცხადებს
რიბერი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს:

"თუმცა მე მაინც არ მეშინია და 13 იანვარს ციურიხში, დაჯილდოების ცერემონიალზე მაინც ძალიან კარგი განწყობითა და იმ იმედით ჩავალ, რომ შვეიცარიიდან "ოქროს ბურთს" წამოვიღებ".


ქვესკნელიდან ისევ ზენიტში
ამას წინათ რიბერიმ თქვა, ჩემი სახლის მისაღებ ოთახში, ბუხრის თავზე "ოქროს ბურთისთვის" ადგილი უკვე გავათავისუფლეო, რაზეც ახლა ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ოქროს ბურთს" თუ გადმომცემენ, რა თქმა უნდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იარსებებს, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ყოველდღე "ოქროს ბურთზე" ვფიქრობ. გიჟი ნამდვილად არ ვარ - საფიქრალი სხვაც ბევრი მაქვს."

რიბერისთვის უკვე დიდი მიღწევაა ის, რომ მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა და "ოქროს ბურთის" მოგების რეალური შანსი აქვს:

"აქამდე არაფრიდან მოვედი. ცხოვრებაში ყველაფერი გადავიტანე და გამოვცადე, 2010 წელი კი ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი იყო. მაშინ ბევრი ამბობდა, რიბერი, როგორც ფეხბურთელი, მოკვდა, ქვესკნელშია და იქიდან ვეღარასოდეს ამოძვრებაო. მაშინ ჩემი მარტო "ბაიერნში" სჯეროდათ და როგორც ხედავთ, სწორედ "ბაიერნში" იყვნენ მართლები, რადგან ქვესკნელიდან მაინც ამოვედი!" - ამბობს ფრანგი დრიბლიორი.

რიბერი 17 წლის ასაკში უფრო ღრმა კრიზისში იყო - მაშინ გზის მუშად მუშაობდა და იმისათვის, რომ ლუკმა-პური ჰქონოდა, დიდი კრედიტის აღება მოუხდა. "მესამე ლიგაში ვთამაშობდი და სერიოზული ფინანსური კრიზისი მქონდა," - იხსენებს რიბერი.

ახლა კი მულტიმილიონერია
დღეს საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კრიზისულ წარსულს უკვე ამაყად იხსენებს: "როცა ადამიანი ცხოვრებაში სერიოზულ გაჭირვებას გამოსცდის, მერე წარმატებას ორმაგად დააფასებს. ჩემს შემთხვევაშიც ასეა: ბედნიერი ვარ, რომ "ბაიერნში" ვთამაშობ და ბედნიერებით ვტკბები. ცხოვრებამ და გაჭირვებამ ბრძოლა მასწავლა და დღესაც ვიბრძვი - ვიბრძვი ყველა ვარჯიშზე."

რიბერიმ კრიზისი 2004 წელს, მესამე ლიგის კლუბ "ბრესტთან" ერთად დაძლია: მიუხედავად იმისა, რომ "ნანტთან" სათასო შეხვედრაში 0:4 დამარცხდა, რიბერიმ ისე კარგად ითამაშა, რომ ბევრი სერიოზული კლუბი დააინტერესა.

"ორი კვირის შემდეგ უკვე რამდენიმე წინადადება მქონდა - თანაც, წამყვანი ფრანგული კლუბებისგან. "მეცში" გადასვლამდე თვეში 1800-ევროიან ხელფასზე ვთამაშობდი და თავს ძლივს ვირჩენდი.

დღეს, როცა საყიდლებზე დავდივარ, ყოველთვის მახსენდება ის დრო და მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ახლა ფინანსური პრობლემები აღარ მაქვს. მძიმე პერიოდი ადამიანს არასდროს ავიწყდება," -
აცხადებს რიბერი ხსენებულ ინტერვიუში და დასძენს:

"მაშინ "ნანტთან" ცუდად რომ მეთამაშა, ალბათ, დიდი ფეხბურთელი ვეღარ გავხდებოდი და დღეს მეც ღარიბი ვიქნებოდი. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ რომ არა ფეხბურთი, დღეს უმუშევარი ვიქნებოდი".


თუმცა რიბერი ახლა უკვე მულტიმილიონერია და ახალგაზრდა ფეხბურთელების მენტორიც გახდა: "სანამ "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებდა, დავიდ ალაბას ვუთხარი, ამაზე უკეთეს ადგილსამყოფელს ვერსად იპოვი-მეთქი. როცა დავიდი 18 წლის იყო და "ბაიერნის" პირველ გუნდში პირველად მოვიდა, შევამჩნიე, რომ ჩვეულებრივზე ხშირად უყურებდა ჩემს ძვირფას საათს და ჩემს ავტომობილს.

სხვათა შორის, მაშინაც ვუთხარი, შენი დროც მოვა-მეთქი და ვურჩიე, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ყოფილიყო კონცენტრირებული. როცა მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ, წარმატება, ფაქტობრივად, თავისით მოდის. მას მერე ალაბამ ბევრჯერ გადამიხადა მადლობა...
"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი: გასული სეზონის ტრებლის გამეორება გვსურს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული