ბუნდესლიგა. XXV ტურის წინ: წლის მატჩი გერმანიაში

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის 24-ე ტურში მოხდა ის, რასაც "ბაიერნის" ქომაგების გარდა ყველა ნატრობდა, კაციშვილი არ ელოდა: მიუნხენურმა გრანდმა ამ სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი მარცხი იწვნია და დორტმუნდის "ბორუსიას" 5-ქულიან დისტანციაზე მიახლოვების საშუალება მისცა.

საფეხბურთო გერმანიას ეს საქმე "მაინცმა" გაუკეთა - სწორედ ამ კლუბმა დააბრუნა ინტრიგა და თანაც იმ დროს, როცა "ბაიერნი" სწორედ "დორტმუნდს" უნდა ესტუმროს. ამრიგად, შაბათს გერმანიაში ფაქტობრივად წლის მატჩია: საკმარისია, "ბორუსიამ" "ბაიერნი" დაამარცხოს, რომ მათ შორის სხვაობა 2 ქულამდე შემცირდება და საჩემპიონო რბოლა ფაქტობრივად თავიდან დაიწყება.

რუმენიგე: დორტმუნდში წაგება
არ შეიძლება!
"მაინცთან" მარცხის შემდეგ, ყველაზე განრისხებული არიენ რობენი ჩანდა. ალბათ იმიტომ, რომ პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, მეორე ნახევარში ანგარიში სწორედ მან გაათანაბრა და "ბაიერნი" წარმატების გზაზე დააბრუნა, მაგრამ მიუნხენელებმა არათუ გამარჯვების გოლი ვერ გაიტანეს, არამედ კიდევ ერთი ბურთი მიიღეს და დამარცხდნენ.

"ყოველთვის ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით - უპირატესობას ვფლობდით, თამაში მოსაგები იყო და მეტოქემ კონტრშეტევაზე გამოგვიჭირა. ასეთი რაღაცები არ უნდა გვემართებოდეს. "მაინცთან" ცივსისხლიანობა გვაკლდა!" - ასე გააკრიტიკა ჰოლანდიელმა თანაგუნდელები. 1:2 "მაინცთან", სეზონის პირველი მარცხი საკუთარ მოედანზე და თანაც იმ დროს, როცა წინ "დორტმუნდთან" დუელია! ასეთ წარუმატებლობას მიუნხენში არავინ ელოდა - მათ შორის, არც ული ჰიონესი, რომელიც წინა დღეს გამოვიდა ციხიდან და 22-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად იმყოფებოდა "ალიანც არენაზე".

ასე და ამგვარად, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი "დორტმუნდს" ახლა მხოლოდ ხუთი ქულითღა უსწრებს და შაბათს ბავარიელები სწორედ დორტმუნდში ჩადიან.

"8-ქულიანი უპირატესობა რომ შეგვენარჩუნებინა, დორტმუნდში მშვიდად ჩავიდოდით, ახლა კი ნერვიულობის საბაბი გვაქვს. ცხადია, რომ შაბათს ურთულესი მატჩი გველის, რომლის წაგებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. "მაინცთან" უბრალოდ ძალიან ცოტა გავაკეთეთ მოსაგებად და არათუ ვერ მოვიგეთ, საერთოდ დავმარცხდით. შესაძლოა, ზოგ-ზოგიერთები უკვე "დორტმუნდთან" მატჩზე ფიქრობდნენ, "მაინცის" შესაძლებლობები კი ჯეროვნად ვერ შეაფასეს," - გაბრაზებული იყო "ბაიერნის" შეფი კარლ-ჰაინც რუმენიგეც

არადა, ბავარიულ გრანდს "მაინცთან" ბურთის ფლობის 78-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, კარში დარტყმები 16:5 იყო, კუთხურები - 11:0. გვარდიოლამაც აღიარა, მთავარი შეცდომა ის იყო, რომ "მაინცის" კონტრიერიშებს ვერ ვაკონტროლებდითო, თუმცა პეპმა იქვე დასძინა, მაინც საკმარისი მომენტები გვქონდა საიმისოდ, რომ ეს თამაში მოგვეგოო. ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ "ბაიერნმა" "მაინცთან" წააგო და ჩემპიონობის შესანარჩუნებლად ბრძოლა იმაზე რთული იქნება, ვიდრე მიუნხენში ბევრს წარმოედგინა.

საკმარისია, შაბათს "ბორუსიამ" "ბაიერნის" დამარცხება მოახერხოს, რომ საჩემპიონო მარათონი ფაქტობრივად თავიდან დაიწყება. მიუნხენელთა გოლეადორი და ყოფილი დორტმუნდელი რობერტ ლევანდოვსკი იმედოვნებს, რომ მისი თანაგუნდელები დორტმუნდში შეცდომებს აღარ დაუშვებენ:

"ფეხბურთში მარტო შეტევაში კარგი თამაში საკმარისი არ არის. დაცვაშიც ძლიერი უნდა იყო. "მაინცთან" ჩვენ სწორედ დაცვაში გაგვიჭირდა და შედეგიც სახეზეა," - აღნიშნა პოლონელმა.

"დორტმუნდი" კარგ ფორმაშია!
40 ოფიციალური მატჩი, 31 გამარჯვება და მხოლოდ 5 მარცხი ბურთების შეფარდებით 103:35 - ასეთია დორტმუნდის "ბორუსიას" შედეგები ამ სეზონში, ყველა ტურნირზე და ეს რიცხვები გვარწმუნებს, რომ თომას ტუხელის გუნდი რეკორდმაისტერთან დუელის წინ ძალიან კარგ ფორმაშია.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დორტმუნდელებმა მეორე წრეში მხოლოდ "ჰერტას" აჩუქეს ქულა, სხვა ყველა მატჩი კი უპრობლემოდ მოიგეს და ახლა განსაკუთრებით მოტივირებულები არიან, რადგან "ბაიერნმა" მოულოდნელად ქულები დაკარგა.

"დორტმუნდი" წლის მატჩს ყველა რგოლში მოძლიერებული ხვდება - ტუხელის გუნდს მცველებიც კარგ ფორმაში ჰყავს (განსაკუთრებით მატს ჰუმელსი), ნახევარმცველებიც და თავდამსხმელებიც.

"მთელი გუნდი მაქსიმალურად კონცენტრირებულია, სეზონის უკანასკნელ მესამედს სრულ მზადყოფნაში შევხვდით და რაკი "მაინცმა" დიდი ვაჟკაცობა ჩაიდინა, მზად ვართ, მოცემული შანსი გამოვიყენოთ. ცხადია, რომ "ბაიერნის" დამარცხება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა. ეს ფაქტობრივად ჩემპიონობისთვის გაბრძოლების ბოლო შანსია და ვეცდებით, გამოვიყენოთ," - ეს ტუხელის სიტყვებია.

საინტერესოა გერმანიის ჩემპიონატის ორი მთავარი გოლეადორის დუელიც: დორტმუნდის ბომბარდირ ობამეიანგს ბუნდესლიგის ამ სეზონში 22 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს, ბავარიელთა მთავარ დამრტყმელ ლევანდოვსკის კი - 23 გოლი და 3 პასი.

სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-3-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, ს. ბენდერი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ვაიგლი, კაგავა - მხითარიანი, როისი - ობამეიანგი
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, კიმიხი, ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო - რობენი, თ. მიულერი, ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი

შაბათი, 5 მარტი
ვოლფსბურგი-გლადბახი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენალიო, იუნგი, ნალდო, ბენდტნერი, დოსტი - ალვარო დომინგესი, იანტჩკე, შტრანცლი, ვენდტი, ნ. შულცი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +17=4-10 (51-37)

შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: - რუდი
ტრავმა: ბარბა, ბაუმგარტლი, გინჩეკი - ელიუნუსი, ჰერდლინგი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 მატჩი: +6=5-4 (25-23)

აუგსბურგი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჩიჩარიტო
ტრავმა: კალსენ-ბრაკერი, ბაიერი, ფოილნერი, მორავეკი, ტროხოვსკი - ჰილბერტი. პაპადოპულოსი, თოფრაქი, არანგისი, ლ. ბენდერი, კამპლი, კისლინგი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +0=2-7 (9-22)

ვერდერი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვოლფი, ცეტერერი, ბარგფრედე - ანდრეასენი, ბეხი, ბენშოპი, უგო ალმეიდა
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 55 მატჩი: +28=15-12 (122-73)

აინტრახტი-ინგოლშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: აიგნერი
ტრავმა: ანდერსონი, ფლუმი, მაიერი, რაინარტცი, კასტაინოსი - ლეველსი, დანილო, მორალესი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-2)

კიოლნი-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ცოლერი - ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 მატჩი: +35=18-26 (139-117)

დორტმუნდი-ბაიერნი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პაპასტატოპულოსი - ბადშტუბერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 მატჩი: +23=28-42 (116-175)

კვირა. 6 მარტი
მაინცი-დარმშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენგტსონი, კლემენტი, სოტო, ბერგრეენი, მუტო - გარიჩი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (3-2)

ჰამბურგი-ჰერტა 20:30
დისკვალიფიკაცია: ჯურუ
ტრავმა: გიოტცი, ეკდალი, გრეგორშიტცი - ლანგკამპი, ალაგუი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 65 მატჩი: +25=13-27 (99-97)

ბომბარდირები: 23 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული