კარლო ანჩელოტის პირველი ტრანსფერები "ბაიერნში"

AutoSharing Option
* 10 მაისს "ბაიერნმა" ორი ტრანსფერი გამოაცხადა - რენატო სანჩესი "ბენფიკადან" და მატს ჰუმელსი "დორტმუნდიდან".

* 18 წლის რენატო სანჩესში "ბაიერნი" ჯერ 35 მილიონ ევროს გადაიხდის. ეს თანხა, შესაძლოა, 80 მილიონამდე გაიზარდოს.

* 27 წლის ჰუმელსში "ბაიერნი" დაახლოებით 35 მილიონ ევროს გადაიხდის.

* ახალი სეზონიდან "ბაიერნს" კარლო ანჩელოტი გაწვრთნის.

ლისაბონის "ბენფიკას" ვუნდერკინდი რენატო სანჩესი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. ამ ფეხბურთელს წამყვანი ჩემპიონატების გამორჩეული გუნდები უტრიალებდნენ. ყველაზე აქტიურად 18 წლის საყრდენს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ ხოლმე, მაგრამ "წითელმა ეშმაკებმა" საკმარისი ვერ გააკეთეს,
დააგვიანეს და აგერ, რეკორდმაისტერმა სანჩესი ყველას ცხვირწინ ააცალა.

"ბაიერნი" მართლაც არ ხუმრობს, რადგან მალევე მიუნხენელებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი გააოფიციალურეს - მატს ჰუმელსმა ბოლოს და ბოლოს, მიიღო გადაწყვეტილება და "დორტმუნდიდან" "ალიანც არენაზე" გადასვლა გადაწყვიტა. ასე რომ, კარლო ანჩელოტის ისედაც ძლიერი შემადგენლობა ელოდა და ახლა ბონუსად უმაღლესი კლასის მცველი და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველი დახვდება.

35 მილიონი ვუნდერკინდში
სანჩესის ფასი 35 მილიონი ევროა, ოღონდ, როგორც ირკვევა, ბონუსების სახით მიუნხენელებს შესაძლოა, კიდევ 45 მილიონი ევროს გადახდა მოუხდეთ.

ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებს სანჩესი, მაგალითისთვის, დაასახელებენ თუ არა მას წლის სიმბოლურ ნაკრებში, მოხვდება თუ არა "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის და ასე შემდეგ. მხარეებმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, პორტუგალიელი 2021 წლის ივნისამდე "ბაიერნის" საკუთრებაში იქნება და, როგორც ამბობენ, გამოსასყიდი თანხა 70-75 მილიონ ევროს შეადგენს.

ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სანჩესს 40 მატჩი აქვს ჩატარებული. ძირითად ნაკრებში კი პორტუგალიის ღირსება მან უკვე ორჯერ დაიცვა. "ბენფიკას" მეორე გუნდში შთამბეჭდავი თამაშის გამო იგი ამ სეზონისთვის "არწივების" პირველ გუნდში დააწინაურეს და სანჩესმა საოცარი ფეხბურთი გვიჩვენა. მან 34 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

რენატოს ვარცხნილობისა და თამაშის სტილის გამო ორ ჰოლანდიელ ფეხბურთელს ადარებენ - ედგარ დავიდსსა და კლარენს ზეედორფს.

რა შუაშია მოურინიო?
სანჩესის ტრანსფერი შესაძლოა, მართლაც იმას ნიშნავდეს, რომ ჟოზე მოურინიო "ოლდ ტრაფორდზე" აღარ მივა. ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში "განსაკუთრებულის" ინტერესებსაც იცავს და, თითქოს, მოუს ერთ-ერთი კოზირი სწორედ ეს გახლდათ - გამიფორმეთ კონტრაქტი და სანჩესსაც მოვიყოლებო…

"რენატო სანჩესს ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. გვახარებს, რომ მისი დამატება მოვახერხეთ. ის დინამიკური, მებრძოლი და ტექნიკური ნახევარმცველია, რომელიც ჩვენს გუნდს გააძლიერებს" - აღნიშნა "ბაიერნის" მმართველმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ჰუმელსი
ჰუმელსს, ცხადია, ნაკლები წარდგენა სჭირდება. მსურველები მატსაც არ აკლდა, მაგრამ აქამდე ის კატეგორიულად გამორიცხავდა წასვლას, ხოლო "დორტმუნდი" - მის გაშვებას. ბოლო მომენტამდე მხარეები ყველაფერს უარყოფდნენ, მაგრამ მოსახდენი მოხდა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჰუმელსი მიუნხენშია გაზრდილი და "ბაიერნის" მეორე გუნდში არაერთი, ხოლო პირველში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და სწორედ ამის მერე წავიდა ის "ბორუსიაში".

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჰუმელსის ფასი ოფიციალურად არ გაეხმაურებინათ, მაგრამ პრესაში 35 მილიონ ევროზე საუბრობენ. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ გერმანიის ნაკრების 27 წლის მცველმა "ბაიერნთან", სანჩესის დარად, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ეს გადაწყვეტილება ძალიან ძნელი მისაღები იყო, რადგან "ბორუსიაში" რვაწელიწადნახევარი გავატარე. მე "დორტმუნდის" ნაწილი ვარ და "ბაიერნში" დაბრუნებამდე მაქვს კიდევ ერთი მიზანი, "ბორუსიას" თასის მოგებაში დავეხმარო. ამისათვის მე 100%-ით დავიხარჯები, ისევე, როგორც ჩემი თანაგუნდელები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თანაკლუბელებს, უფროსობასა და ფანებს "დორტმუნდში" გატარებული დაუვიწყარი წლების გამო" - განაცხადა ჯერ კიდევ ბორუსიელთა კაპიტანმა.

"გვიხარია, რომ მატსმა არჩევანი "ბაიერნის" სასარგებლოდ გააკეთა. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და ჰუმელსთან ერთად ჩვენი კლუბის ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდება" - განაცხადა რუმენიგემ.

ჰუმელსმა მიმდინარე ბუნდესლიგაში 29 მატჩი ჩაატარა. მან ორი გოლის გატანა შეძლო. პასის სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი 86% აქვს, წარმატებული ვარდნების - 68%, ხოლო მოგებული საჰაერო ორთაბრძოლების - 70%.

მატსი თავისი ამჟამინდელი კლუბით, თავის ყოფილ და მომავალ კლუბს 21 მაისს დაუპირისპირდება და ასე დაემშვიდობება "დორტმუნდს". "ბაიერნში" მას არაერთი ექსბორუსიელი ელოდება. ალბათ, ისიც იცით, რომ გერმანიის თასის ფინალი ბერლინში "ოლიმპიაშტადიონზეა".

"ბაიერნზე" ვსაუბრობთ და აქვე აღვნიშნოთ, რომ სამთვიანი პაუზის მერე პირველად ივარჯიშა ჰოლგერ ბადშტუბერმა. სეზონი სრულდება, მაგრამ 27 წლის უკანახაზელის მომჯობინება მაინც მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული