ეს კრახი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კლუბის სალარო ვერ მიიღებს სერიოზულ შევსებას. რომ გავიაზროთ, რა დანაკარგებზეა ლაპარაკი, მაგალითად მოვიყვანოთ 2015/16 წლების სეზონი, როცა "არსენალმა", მარტო ჩემპიონთა ლიგის ბიუჯეტიდან, 45.6 მილიონი ფუნტი მიიღო. ამ არხის გადაკეტვა ავტომატურად მოასწავებს სახელფასო ფონდის შეკვეცას და ლამის 100-პროცენტიანი ალბათობით - ალექსის სანჩესის გაყიდვას.
უკვე შეიცვალა მწვრთნელთან
როგორც ჩანს, ვენგერის 21-წლიანი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. თუმცა კლუბს არ სურს, რომ ფრანგ სპეციალისტთან განშორებას სკანდალის სახე მისცეს. ყველა ვარიანტში, მოსიე არსენს ღირსეულად დაემშვიდობებიან. მის მიმართ პატივისცემა აშკარად ჩანს "არსენალის" ბოსების განცხადებებში.
თუმცა თვალს ვერავინ დახუჭავს იმაზე, რომ "არსენალის" მწვრთნელს დაუპირისპირდა ფანების დიდი ჯგუფი, რის დადასტურებადაც ვხედავთ საპროტესტო მსვლელობებსა თუ ბანერებს პრემიერლიგის მატჩებზე. ინტერნეტგამოკითხვით ირკვევა, რომ ვენგერის შეცვლას მოითხოვს გულშემატკივართა 78 პროცენტი.
ცვლილებები აუცილებლად იქნება და, მათ შორის, ხელმძღვანელობაშიც. "დეილი მეილის" ექსკლუზიური ინფორმაციით, პირველი საფეხბურთო დირექტორის (ინგლისური კლუბების იერარქიაში ასეთი თანამდებობაც არის) პოსტზე ჰოლანდიელი მარკ ოვერმარსი ინიშნება.
ის უცხო კაცი არ არის "არსენალში" - 1997-2000 წლებში მან ლონდონური კლუბის მაისურით 100 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა, 1998 წელს კი გუნდთან ერთად დუბლსაც შესწვდა.
ამ პოსტზე ესოდენ ცნობილი და პატივსაცემი ფიგურის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ "არსენალის" უფროსობა წმინდა სპორტულ მხარეს მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქცევს და ვეღარ იქნება ისე, როგორც - "არსენიზმის" ეპოქაში. მწვრთნელისა და ტრანსფერების საკითხი უშუალოდ ახალი საფეხბურთო დირექტორის მისახედი და პასუხსაგები სფერო იქნება.
გარდა ოვერმარსისა, "არსენალის" უფროსობა დაინტერესებულია "დორტმუნდის" ამჟამინდელი სპორტული დირექტორის (წარსულში - გუნდის კაპიტნის), მიხაელ ცორკის საქმიანობითაც. ისეთი პირი უჩანს, გერმანელი ოვერმარსის კონკურენტი იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"