დღეს, "რეალმა" და "ჩელსიმ" დაადასტურეს, რომ ალვარო მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, 24 წლის თავდამსხმელი "არისტოკრატებთან" კონტრაქტს გააფორმებს.
არაოფიციალური ინიფორმაციით, "ჩელსი" "რეალს" 80 მილიონ ევროს გადაუხდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მორატა ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელი გახდება. ის ფერნანდო ტორესის რეკორდს მოხსნის, რომელიც "ლივერპულიდან" ასევე "ჩელსიში" 58 მილიონად გადავიდა. რაც შეეხება ესპანური გუნდიდან გაყიდულ ესპანელებს - ამ მხრივ რეკორდი გაისკა მენდიეტას
სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მორატა "ჩელსისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 9 მილიონი ევრო იქნება.
ალვარო მორატა "რეალს" 2008 წელს, 16 წლის ასაკში, "ხეტაფედან" შეუერთდა. პირველ გუნდში მას დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. 2014 წელს, მადრიდელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელი "იუვენტუსს" მიჰყიდეს და მისი გამოსყიდვის უფლება შეინარჩუნეს, 2 წლის შემდეგ კი, ეს უფლება გამოიყენეს.
პრიმერა დივიზიონის 2016/17 წლების სეზონში, მორატას 15-მა გოლმა "რეალს" 13 ქულა მოუტანა. ამაზე უკეთესი შედეგი (15 ქულა), მადრიდულ გუნდში, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა. გარდა ამისა, ლა ლიგაში მოთამაშე თავდამსხმელებს შორის, რომლებმაც მინიმუმ 10-ჯერ გაიტანეს, მორატას დარტყმების გოლად გარდასახვის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა - 55 დარტყმიდან 15 გოლი. ის "რეალის" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გასატანად, საშუალოდ, თამაშზე ნაკლები ჭირდება. მისი მაჩვენებელი 88.87 წუთია.
ალვარო მორატას, "რეალში" 95-ჯერ უთამაშია და 31-ჯერ გაუტანია. "იუვენტუსში" კი მისი მონაგარი 93 შეხვედრა და 27 გოლია.