"მანჩესტერ სიტი" ედინსონ კავანის მიუახლოვდა

AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ცნობით, "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლიდან" 26 წლის ედინსონ კავანის შეძენასთან ახლოს დგას.

შესაძლოა, საკითხს მას მერე დაესვას წერტილი, როცა "ქალაქელების" მთავარ მწვრთნელად მანუელ პელეგრინის დანიშვნა გამოცხადდება. ინგლისის ექსჩემპიონს სატრანსფერო საკითხების მოგვარება ეჩქარება. ამიტომაც ის "ნაპოლისგან" საბოლოო გადაწყვეტილების უახლოეს პერიოდში მიღებას ითხოვს. ურუგვაელის შესახებ სპორტულ ვებგვერდებზე ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. სპორტული დირექტორი ფერან სორიანო ადასტურებს, რომ კლუბი ახლოს არის "ძირითადი სატრანსფერო მიზნების მიღწევასთან", კავანი კი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ერთია, რას ლაპარაკობს სორიანო და მეორეა, რომ სამხრეთამერიკელის მამა ლუის კავანი მოვლენათა
მსგავს განვითარებას გამორიცხავს. მისი თქმით, ედინსონი იტალიაში თავს შესანიშნავად გრძნობს და ინგლისში სათამაშოდ გადასვლას არ გეგმავს. თავდამსხმელს "ნაპოლისთან" კონტრაქტში საკომპენსაციო თანხა წინასწარ აქვს განსაზღვრული. თუკი კავანის თანხმობაც იქნება, 63 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, კლუბს მისი გაშვება მოუწევს.

"სიტი" თანხის ნაწილის დასაფარად გარიგებაში ედინ ჯეკოს ჩართვას აპირებს. ბოსნიელს კი, თავის მხრივ, გერმანიაში დაბრუნება ურჩევნია. მას დორტმუნდის "ბორუსია" იწვევს.

ერთგული ვარსკვლავები
"მანჩესტერ სიტის" 24 წლის არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო "ეტიჰადზე" რჩება. 2012/13-ის სეზონში ფეხბურთელს შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში ტრავმებმა ხელი სერიოზულად შეუშალა. შარშანდელი აგვისტოდან მოყოლებული, მან სულ 40-მდე მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

მიუხედავად ამისა, კლუბმა მას თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა და თანხმობაც მიიღო. სერხიო "ქალაქელთა" ღირსებას 2017 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა თქვა, რომ ინგლისიდან სხვაგან წასვლას არ გეგმავდა და მასზე გავრცელებულ ინფორმაციებს ყურადღებას არ აქცევდა. ესპანური მასმედიის ცნობით, სერხიოს შეძენას "ატლეტიკო" და "რეალი" გეგმავდნენ.

"ტვიტერზე" ანალოგიური განცხადება გააკეთა "სიტის" 26 წლის კაპიტანმა ვენსან კომპანიმაც: "ჩემს მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული ხმები ვრცელდება. მე კი ვაცხადებ, რომ კლუბის გამოცვლას არ ვგეგმავ. "მანჩესტერ სიტი" ძალიან მიყვარს და კიდევ დიდხანს ვაპირებ აქ ასპარეზობას. მე ჯერ კიდევ ძალიან დიდი გეგმები მაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ნაპოლიმ" ედინსონ კავანის ფასი დაადო: 63 მილიონი ევრო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული